“არ მეგონა თუ ვირუსი მექნებოდა და უბანშიც ვმოძრაობდი”
კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის ოჯახს, რომელიც საცხოვრებელი სახლის დატოვებაზე უარს ამბობდა, საკარანტინე სივრცეში გადაიყვანენ.
შესაბამისმა უწყებებმა, გადაწყვეტილება ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ მიიღეს.
თბილისის ერთ-ერთ კოვიდ კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანეს, თავად ინფიცირებულიც, რომელსაც მისივე ინფორმაციით, თითქმის ათი დღის განმავლობაში, დაბალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.
“დაახლოებით ათი დღე მქონდა დაბალი სიცხე. არ მეგონა, რომ ეს ვირუსი მექნებოდა და უბანშიც ვმოძრაობდი. ახლა ცოტა აზოტი მაქვს აწეული, სხვა სიმპტომები არ მაქვს. ჩემს შვილსაც ჩაუტარეს ტესტირება და არ დაუდასტურდა. ახლა ესენიც სასტუმროში გადავლენ და 12 დღის განმავლობაში დარჩებიან”, – თქვა ინფიცირებულმა რადიო ჰერეთთან საუბარში.
კოვიდ-19, 60 წლამდე ასაკის მამაკაცს, დღეს დაუდასტურდა.
თავდაპირველად, ოჯახმა საცხოვრებელი სახლის დატოვებაზე უარი განაცხადა.
ინფორმაცია ამის შესახებ, რადიო ჰერეთმა, რამდენიმე საათის წინ გაავრცელა.