თბილისი ნატოს საპარლამენტო ანსამბლეას მასპინძლობს

თბილისში, სასტუმრო ჰუალინგში ნატოს საპარლამენტო ანსამბლეა მიმდინარეობს.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ადასტურებს ნატოს ღია კარის პოლიტიკისადმი მის ერთგულებას. მასში მტკიცედ არის მხარდაჭერილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება და ამ ტერიტორიებიდან გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს საქართველოსთან მიმართებაში საერთაშორისო ვალდებულებები.

საპარლამენტო ანსამბლეის ტექსტში რომელიც უკვე გამოქვეყნდა, ნატოს მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გააძლიეროს დამოუკიდებელი სასამართლო, შეინარჩუნოს მედია პლურალიზმი, გააღრმავოს დიალოგი და შეამციროს დაძაბულობა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის.

დეკლარაციის სამუშაო დოკუმენტში ნატოს მთავრობებსა და პარლამენტებს ასამბლეა მოუწოდებს, გააღრმავონ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკური განზომილება, რათა შეიქმნას პირობები საქართველოსთვის MAP-ის მისანიჭებლად.

ნატოს ასამბლეას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ქვეყნის საგარეო კურსზე და მისწრაფებებზე გაამახვილა. პრეზიდენტის თქმით, ქართული საზოგადოება პოლიტიკოსებისგან ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მეტ დემოკრატიას, მედიისა და სასამართლოს თავისუფლებას ითხოვს.

პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ ვმუშაობთ კონსტიტუციის ახალ ვერსიასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო კონსოლიდირებულსგამოიყვანს ქართულ საზოგადოებას სწორედ იმის ხარჯზე, რომ იქნება ღრმა და ყოვლისმომცველი დიალოგი ერთმანეთთან.

“აუცილებელია შენარჩუნდეს ის მაღალი სტანდარტი მედიის თავისუფლების, რომელიც არის საზოგადოებაში. აუცილებელია, ჩვენ შევქმნათ მართლაც თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო. უმნიშვნელოვანესი, რაც ამ თვალსაზრისით არსებობს, არის ქართული საზოგადოების ძალიან ნათელი შეკვეთა, რომელიც პოლიტიკოსებმა სწორად უნდა აღვიქვათ და “გადავიტანოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ქართული საზოგადოება პოლიტიკოსებს ნათლად უკვეთავს ევროატლანტიკურ არჩევანს, მეტ დემოკრატიას, მედიის მეტ თავისუფლებას, უფრო ხარისხიან სასამართლოს და ყოველივე ეს უმნიშვნელოვანესია, რომ გატარდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა, მედიის თავისუფლების, გამჭვირვალობის და პლურალიზმის გარანტიის შექმნა – ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებასა და სასამართლო სისტემაზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, საქართველოში მედიის თავისუფლება უზრუნველყოფილია. 

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო რეფორმა წარმატებით განხორციელდა. 

“მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა, მედიის თავისუფლების, გამჭვირვალობის და პლურალიზმის გარანტიის შექმნა. ახლახან მიღებული კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლობის საბჭოს შემადგენლობის დემოკრატიულობას და სატელევიზიო კომპანიების ფინანსური გამჭვირვალობის ხარისხის ზრდას. პარლამენტმა დაამტკიცა სავალდებულო მასთქერი-მასტოფერ პრინციპები, ანუ მოთხოვნა, რომ საკაბელო ქსელებსა და სატელიტური მაუწყებლობის მიმწოდებლებმა ჩართონ თავიანთ მაუწყებლობაში ყველა ის სატელევიზიო არხი, რომელიც საინფორმაციო გამოშვებას მოიცავს,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ეს დღეები ისტორიული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის. თქვენმა ჩამობრძანებამ თბილისში კიდევ უფრო განგვიმტკიცა იმედი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი,“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

„მოხარული ვართ, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცესთან საქართველოს დაახლოების პროცესი დინამიურად წარიმართება. დღეს ქართველი სამხედროები გლობალურ უსაფრთხოებას იცავენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ხოლო ხელისუფლება ახერხებს საქართველო სტაბილურობის, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების მოდელად აქციოს რეგიონში. თანამედროვე ქართული სახელმწიფო ეფუძნება იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ევროატლანტიკური თანამეგობრობა – დემოკრატიას, თავისუფლებას, სამართლიანობას, შემწყნარებლობას, ჰუმანურობას,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება რუსული პოლიტიკისგან გამომდინარე საფრთხეებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამის საპასუხოდ, ჩვენი მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე წინააღმდეგობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარებით, საქართველო შეძლებს კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი სახელმწიფოებრიობა და მსოფლიოს წამყვან გაერთიანებებში გაწევრიანდეს.

„ ჩვენი არჩევანი არ გამომდინარეობს პოლიტიკური კონიუნქტურიდან, არამედ იგი ქართველი ხალხის ისტორიული განვითარების ლოგიკური გამოხატულებაა. ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან უწევს უთანასწორო ბრძოლა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. საქართველოს საქმეებში უხეში ჩარევით, კონფლიქტების გაღვივებით, პირდაპირი სამხედრო აგრესიით და ბოლოს, მცოცავი ანექსიით, რუსეთის პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ შეაჩერონ ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისკენ. მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ჯერ კიდევ 90-იან წლებში საქართველოში აპრობირებული მეთოდებით დღეს მოსკოვი ცდილობს ადამიანები და ხალხები დააშინოს, გათიშოს და იბატონოს ყველგან, სადაც ამის საშუალება მიეცემა – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ყირიმსა და დონბასში, აღმოსავლეთ ევროპასა თუ ახლო აღმოსავლეთში,“-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისასალმებელ სიტყვაში ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო რეფორმაზეც ისაუბრა და აღნშნა, რომ რეფორმის უმთავრესი მიზანი ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობის სისტემის განმტკიცებაა.

ირაკლი კობახიძემ დღევანდელი მსოფლიოსა და საქართველოს წინაშე მდგომ თანამედროვე გამოწვევებზე, საინფორმაციო ომებზე და კონვენციური სამხედრო დაპირისპირების საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ საერთო ღირებულებები, თავისუფლებისა და დემოკრატიის ერთგულება და ყოველდღიური მჭიდრო თანამშრომლობა იქნება საფუძველი იმისა, რომ ნატო სათანადოდ გაუმკლავდეს ყველა სირთულეს და საერთაშორისო უსაფრთხოების ქვაკუთხედად დარჩეს.

ქართველი ხალხი ევროპულ ოჯახს ეკუთვნის, მისი მომავალი ნატოსა და ევროკავშირშია – ეს განცხადება, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

პაოლო ალიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მცოცავ ანექსიას.

“დღეს ისტორიულ სესიას ვასრულებთ. საქართველომ გააკეთა არჩევანი, ქართველი ხალხი ევროპულ ოჯახს ეკუთვნის, მისი მომავალი ნატოსა და ევროკავშირშია. ნატო არ არის მხოლოდ დაცვითი ორგანიზაცია, ეს თანამშრომლობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება; ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ არა ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას. ვთვლით, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული მცოცავი ანექსია მიუღებელია,”-განაცხადა პაოლო ალიმ.

„საქართველო განსაკუთრებული ასპირანტი ქვეყანაა. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს წვლილს ალიანსისთვის. აქ ვახსენეთ ავღანეთში მყოფი ქართული კონტიგენტი. 35 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. მათ გაიღეს უდიდესი საფასური, მაგრამ საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა, რომ შეიარაღებული ძალები გარკვეული ინსტიტუციური სტრუქტურის დონეზე აიყვანოს. არის რეფორმები, რომლებიც უნდა გატარდეს,“ – ეს განცხადება ნატოსს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტუმიულერიმ, ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ნატოსს გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, საქართველო განსაკუთრებული ასპირანტი ქვეყანაა.

„მოხარული ვარ, რომ საამისოდ აქ გვყავს გამოცდილი გუნდი, ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნიდან გამოცდილი ექსპერტები და დახმარებას უწევს საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში -რეფორმების გატარებაში. რაც შეეხება ვადებს, პროგნოზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვხედავ სტიმულს და ტრაექტორიას და ორივეს მიმართულება პოზიტიურია,“- განაცხადა ნატოსს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტუმიულერიმ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს საქართველოს მხარდამჭერ დეკლარაციას დაამტკიცებს. დასკვნითი სესია ამ წუთებში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა მანამდე, მის მონაწილეებს ქვეყნის პირველმა პირებმა მიმართეს.

[print_gllr id=58815]

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button