მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“არ შეიძლება ასეთი სიჯიუტე და შეუსმენლობა”

დეკანოზი თამაზ ლომიძე საქართველოში კორონავირუსით სასულიერო პირის დაინფიცირებას ეხმაურება.

„რა თქმა უნდა, მღვდელიც ადამიანია და მასაც შეიძლება, შეხვდეს საშიში ვირუსი. ალბათ, არ იცოდა, რომ ინფიცირებულია და მსახურებას განაგრძობდა ტაძარში. შეიძლება, თვითონაც სადმე სხვა ადგილას და არა ეკლესიაში და არა მრევლისგან დაინფიცირდა. ეს გასაგებია და ღმერთმა უშველოს ამ მღვდელსაც და ყველა სხვა ავადმყოფსაც. მაგრამ, თქვენ დალოცვილებო, ამას გეუბნებიან სწორედ ექიმები, რომ როცა ასე მოდებულია ვირუსი და არ იცით, ხართ თუ არა ავად, უნდა მოერიდოთ ხალხთან შეხვედრას წირვაზეც და სხვაგანაც, რათა სუსტს ჩვენს შორის და რისკის ჯგუფში მყოფს სასიკვდილო საფრთხე არ შეუქმნათ და პრობლემა არ დაუმატოთ ისედაც გადატვირთულ ექიმებს.

არ შეიძლება ასეთი სიჯიუტე და შეუსმენლობა, ცოდვას ჩადიხართ უკვე. ბოლო 24 საათში 30-ით მოიმატა ინფიცირებულთა რიცხვმა საქართველოში.

იმედია, ზოგიერთნი ჩემი მრევლიდანაც, ახლა მაინც მიხვდებიან, თუ დროებით რატომ არ ვიკრიბებით ტაძარში. მღვდელი გიფრთხილდებათ თქვენ, მეტი არაფერი.

ღმერთმა დაიფაროს და მალე გამოაჯანმრთელოს ყველა”, – წერს „ფეისბუქში“ დეკანოზი, რომელიც მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარია.

მსგავსი პოსტები

Back to top button