არ შეიძლება პუტინს გამარჯვების საშუალება მივცეთ

არ შეიძლება პუტინს გამარჯვების საშუალება მივცეთ, ეს კატასტროფა იქნებოდა უკრაინისთვის და ნატო-ს უფრო მოწყვლადს გახდიდა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“არ დავიწყებ ფიქრს თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, მაგრამ მხოლოდ ორ რამეს ვიტყვი. პირველი – ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო გახდება. არ შეგვიძლია პრეზიდენტ პუტინს გამარჯვების საშუალება მივცეთ. ეს კატასტროფა და ტრაგედია იქნებოდა უკრაინელებისთვის, მაგრამ ამავდროულად ჩვენც, ნატო-ს მოკავშირეებს, უფრო მოწყვლადს გაგვხდის, ვინაიდან ამის მერე აქედან გაკვეთილი იქნება გამოტანილი, რომ პრეზიდენტ პუტინს შეუძლია სამხედრო ძალის გამოყენებით მიზნის მიღწევა. და ეს გაკვეთილი გამოტანილ იქნება არა მხოლოდ მის მიერ, არამედ მთელს მსოფლიოში სხვა ავტორიტარული ლიდერების მიერაც”, – თქვა სტოლტენბერგმა.
როგორც მეორე პუნქტი მან ასევე აღნიშნა, რომ “ყველა ომი მოლაპარაკების მაგიდასთან სრულდება”.
“ამავდროულად, ჩვენ ვიცით, რომ ის, რისი მიღწევაც უკრაინას მოლაპარაკების მაგიდასთან შეუძლია, მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რის მიღწევას შეძლებს ბრძოლის ველზე”, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
ამასთან დაკავშირებით სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებით მოკავშირეები ცდილობენ იმ შედეგის მაქსიმიზაციას, რომელიც მისაღება იქნება უკრაინისთვის, და დროის მინიმიზაციას, რომელიც ამას დასჭირდება.
“რაც უფრო ძლიერია უკრაინა ბრძოლის ველზე, მით უფრო მალე მიიღწევა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც შეძლებს იმის გარანტირებას, რომ უკრაინა გაიმარჯვებს როგორც სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო ევროპაში”, – თქვა სტოლტენბერგმა.
თუმცა ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის მიერ “ბინძური ბომბის” გამოყენებისთვის მზადების შესახებ კრემლის განცხადებები აბსურდია. ამის შესახებ მან რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლაე ჩუკესთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი უკრაინას რადიოლოგიური “ბინძური იარაღის” გამოყენებისთვის მზადებაში სდებს ბრალს. ეს აბსურდია. მოკავშირეები უარყოფენ ამ ცრუ ბრალდებებს. რუსეთმა არ უნდა გამოიყენოს ყალბი საბაბები ომის შემდგომი ესკალაციისთვის”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მუქარები არ აიძულებს მოკავშირეებს უკრაინისადმი დახმარება შეამცირონ, და იგი გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
“ყოველ კვირა უკრაინული ძალები სულ უფრო ძლიერები და უკეთ აღჭურვილები ხდებიან. ამავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებას”, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
პუტინი ბრძოლის ველზე მარცხდება. ის რეაგირებს კიდევ უფრო განურჩეველი თავდასხმებით უკრაინულ ქალაქებზე, მშვიდობიან მოქალაქეებზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და სახიფათო ბირთვული რიტორიკით
მისი თქმით, რუსეთის ბრალდებები, თითქოს უკრაინა ემზადება რადიოლოგიური „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის, აბსურდია.
„მოკავშირეები უარყოფენ ამ აშკარად ცრუ ბრალდებას. რუსეთმა არ უნდა გამოიყენოს ცრუ საბაბი ომის შემდგომი ესკალაციისთვის. ნატო არ შეშინდება და ვერ შეგვაკავებს უკრაინის თავდაცვის უფლების მხარდაჭერისგან“, – აღნიშნავს გენერალური მდივანი.
ამავდროულად, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ნატო განაგრძობს საკუთარი თავდაცვის გაძლიერებას და ნატო-ს ყოფნას შავიდან ბალტიის ზღვამდე.
„ეს განლაგება მკაფიო მესიჯს გზავნის. ნატო მზად არის, დაიცვას რუმინეთი და ყველა მოკავშირე“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის თქმით, მათ ასევე განიხილეს ვითარება შავი ზღვის რეგიონში, რომელიც ნატო-სთვის სასიცოცხლო სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
„სამი მოკავშირე ზღვისპირა სახელმწიფოა, და ასევე ჩვენი უახლოესი პარტნიორები უკრაინა და საქართველო. რუსეთის ომმა შავი ზღვის ნაწილი საომარ ზონად აქცია. შავი ზღვიდან, რუსული ხომალდებიდან გაშვებული რაკეტები, უკრაინულ ქალაქებს ეცემა“ – განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ რუსეთი თვეების განმავლობაში ბლოკავდა უკრაინულ პორტებს, რაც გლობალური საკვების კრიზისს იწვევს.
ავტორი – სალომე თორაძე
 
				 
 



