“არა გარუსების პოლიტიკას! საქართველოს მთავრობას არ გაუვა გაარუსოს საქართველო და ქართველი ხალხი!” მოქალაქეები რუსების შემოსვლას აპროტესტებენ

ბათუმში სოჭიდან საკრუიზო გემით რუსი ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია იმართება ბათუმის პორტში მოქალაქეების სტვენითა და შეძახილებით აცილებენ პორტში სოჭიდან თურქეთის გავლით შესულ საკრუიზო ლაინერს, რომელმაც საზღვაო კურორტზე ტურისტები ერთი დღით ჩაიყვანა. ათობით ადამიანი ახლა ელოდება როდის დატოვებს პალაუს დროშის ქვეშ მცურავი გემი ASTORIA GRANDE, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება.
“Русский корабль, иди на…й” – მოქალაქეთა ნაწილს ამ შინაარსის პლაკატები უჭირავს ხელში.
“არა გარუსების პოლიტიკას! საქართველოს მთავრობას არ გაუვა გაარუსოს საქართველო და ქართველი ხალხი!” –
ბათუმის პორტში, სადაც საკრუიზო გემია გაჩერებული მოსახლეობა, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს. მათ თან აქვთ ბანერები, ფრაზებით “რუსეთი გვართმევს სამშობლოს, გვართმევს სიცოცხლეს, გვართმევს მომავალს”, რამაც რამდენიმე რუსი ტურისტი გააღიზიანა კიდეც.
აქტივისტი, ლუკა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ბათუმის პორტში დღეს საქართველოს ღირსების დასაცავად შეიკრიბნენ და საქართველოში ჩამოსულმა რუსმა ტურისტებმა ქვეყნის ღირსება შელახეს, როცა თქვეს, რომ 1993 წელს რუსეთი აფხაზეთს საქართველოსგან იცავდა.
“დღეს ყველა აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ დავიცვათ ეროვნული ღირსება პირველივე კრუიზის ჩამოსვლაზე, პირველივე სტუმრებმა ჩვენი ეროვნული ღირსება შელახეს იმით, რომ თქვეს, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის და აფხაზეთს 93-ში იცავდნენ ჩვენგან. ჩვენ დღეს ვიცავთ ყველა იმ გმირის სახელს და ყველა იმ დედის ღირსებას, ვინც გაზარდა მებრძოლი შვილი და შემდეგ დაიღუპა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში” – განაცხადა ლუკა ნაცვლიშვილმა.
კითხვაზე მიაჩნიათ თუ არა, რომ რუსეთი ოკუპანტია რამდენიმე სხვადასხვა რუს ტურისტმა უპასუხა
ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქის თქმით, აფხაზებმა “თავად გადაწყვიტეს რუსეთში ეცხოვრათ” და ის მომხრეა “აღდგეს საბჭოთა კავშირი”.
“რა ტერიტორიის ოკუპაცია მოხდინა რუსეთმა? აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის? არ ვიცი, არ ვიცოდი, მეგონა აფხაზმა ხალხმა თავად გადაწყვიტა სად ყოფილიყვნენ, ხომ საკუთარი ადმინისტრაცია აქვთ, ხომ არის რაღაც ერი? თვითონ გადაწყვიტეს, რუსეთში ეცხოვრათ. არ ვიცოდი, რუსეთმა თუ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა, მათ ხომ თავისი პრეზიდენტი ჰყავთ. უბრალოდ შვებულების გასატარებლად ჩამოვედი, ციმბირიდან ვარ, იქ ცივა, სითბოში მინდოდა ყოფნა. ეს პოლიტიკური თამაშებია, ჩვენ უბრალო ადამიანები ვართ – ეს ჩვენ არ გვეხება. არავინ გვეკითხება ამაში მონაწილეობას ვაპირებთ თუ არა. თუ მეკითხებით, ვარ თუ არა საბჭოთა კავშირის აღდგენის მომხრე, დიახ, ვარ” – განაცხადა რუსმა ტურისტმა.
“თქვენთან ძალიან ლამაზი ბუნებაა, ბოტანიკური ბაღი არაჩვეულებრივია, მის სანახავად მივდივართ. ოკუპაციის შესახებ არ ვიცით, თქვენ ჩვენი რაღაც რესპუბლიკა იყავით, საკავშირო და არა ოკუპირებული, რუსეთი ოკუპანტი არაა, ჩვენ რა, თქვენი ოკუპაცია მოვახდინეთ? ჩვენ გეხმარებოდით, აფხაზეთი თქვენგან გავათავისუფლეთ. ისინი დახმარებას გვთხოვდნენ, თქვენ ხომ ტანკებით წახვედით იქ. მე ვიყავი აფხაზეთში და ვნახე სახლები, ყველას ფანჯრები ჰქონდა ჩამტვრეული, თქვენგან იყო დანგრეული, რუსეთი აფხაზეთს დაეხმარა თქვენგან გათავისუფლებაში” – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
კიდევ ერთი რუსი ტურისტი ამბობს: “ოკუპაციის შესახებ არაფერი ვიცი, ჩვენთვის ყველაფერი საბჭოთა კავშირია, რუსეთი არ არის ოკუპანტი., ჩვენ საბჭოთა კავშირი ვართ, ერთიანი და ძლიერი”.
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქცია – „არა გარუსების პოლიტიკას” მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ბათუმის პორტში საკრუიზო გემით „ასტორია გრანდე” რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებენ.
პროტესტის ნიშნად, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ რუსეთის სახელმწიფო დროშები დაწვეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საკრუიზო გემით ჩამოსული რუსი ტურისტების ნაწილს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი აქვთ დარღვეული და ისინი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს არ სცემენ.
პარალელურად აქცია იმართება თბილისში, პარლამენტის შენობასთან.
საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით პირველი რეისის შესრულება 22 ივლისს დაიწყო. ბათუმის პორტში გემი დღეს დილის 5 სააათზე შემოვიდა. ლაინერს სხვებთან ერთად რუსი ტურისტებიც გადაჰყავს. ის აჭარაში მთელი დღით დარჩება.
“ტურისტების მოთხოვნით გადაწყვიტეს დამატებითი გაჩერება შავი ზღვის სანაპიროზე. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კურორტს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ინტერესი. მგზავრს არ სჭირდება დამატებითი დოკუმენტების აღება”, – ნათქვამია ერთ-ერთი რუსული ტელეარხის მიერ მომზადებულ მასალაში.
მათივე ინფორმაციით, საკრუიზო გემზე ახლა 850 მგზავრია. ტურისტებს სთავაზობენ ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებას. გარდა ამისა, ქართული ტრადიციული კერძები დაემატა ლაინერის მენიუსაც.
“ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სტუმრები დააფასებენ ამ ქალაქის გასაოცარ ატმოსფეროსა და კულტურას. ჩვენ მოვამზადეთ სპეციალური საექსკურსიო პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გაეცნოთ ამ ქალაქს და მის კულტურას“, – ამბობს საკრუიზო კომპანიის სასტუმროს მენეჯერის მოადგილე.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს ლაინერი არ არის სანქცირებული.
“აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება”, – აღნიშნულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
ლაინერი მორიგ ტურნეს 29 ივლისს დაიწყებს. Astoria Grande-ს “ვარსკვლავური” კრუიზის მარშრუტია: სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.