მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

არა მხოლოდ ფრენების, ასევე დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა NEWS.ru-სთან საუბარში განაცხადა, რომ აუცილებელია არა მხოლოდ ფრენების, ასევე დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის. მისი თქმით, საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებასა და საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერას.

„უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს დამოუკიდებელი პოზიციის გათვალისწინებით, ასევე რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების ომთან დაკავშირებით საქართველოს დამოკიდებულებიდან გამომდინარე, აუცილებელია არა მხოლოდ ავიაფრენების, ასევე ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების სრულად განახლება. საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებასა და საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერას“, -აღნიშნა გავრილოვმა.

გავრილოვის სიტყვებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობის აღდგენა ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვას და ტურიზმის განვითარებას.

„უნდა გაიზარდოს ავიაკომპანიების რიცხვი, მათ შორის მეგობრული ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის ტრანსპორტირებას განახორციელებენ“, – თქვა რუსეთის დუმის დეპუტატმა.

რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ იმედოვნებდა საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების მალე განახლებას. მისი თქმით, საქართველოსთან ურთიერთობა 2022 წლის განმავლობაში აქტიურად ვითარდებოდა და საქართველოში მშპ-ს 10%-იანი ზრდა სწორედ ტურიზმსა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობას უკავშირდება.

19 იანვარს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხზე ილაპარაკა „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მან ტელეკომპანია „იმედის” ეთერში თქვა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„ჩვენი მოქალაქეები, ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის მისასალმებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

განცხადებებს იმის შესახებ, რომ რუსეთში საქართველოს მილიონი მოქალაქე ცხოვრობს ექსპერტთა და ანალიტიკოსთა ნაწილი მითად მიიჩნევს, რუსეთის მოსახლეობის აღწერის (2020-21 წლები) მიხედვით, ქვეყანაში 112 765 ქართველი (ეთნიკური წარმომავლობის მითითებით) ცხოვრობს. 2010 წელს რუსეთში 157 803 ქართველი ცხოვრობდა.
მმართველი პარტიის წარმომადგენელი დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის თქმით კი, ფრენების აღდგენა რაციონალურად ცუდი არ იქნება. “თუ ლარსზე შეიძლება მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს, ეს გაურკვეველი მგონია”, – ამბობს სარჯველაძე.

19 იანვარს უკრაინის საგარეო სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო გამოეხმაურება რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს და თქვა, რომ “თბილისმა და მოსკოვმა რევერანსები გაცვალეს”.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 2021 წლის აგვისტოში ამბობდა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი ვერ იქნებოდა.”წითელი ხაზები არსებობს, საუბარი ვერ იქნება დიპლომატიურ ურთიერთობებზე”, – თქვა კობახიძემ.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვიტა.

რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ფრენების დროებითი აკრძალვა ძალაში 2019 წლის 8 ივლისიდან შევიდა. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, 20 ივნისს თბილისში კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტის შემდეგ მიიღო. ამავე, დღეს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ქართული ავიაკომპანიების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2023 წლის 18 იანვარს მოსკოვში გაამრთულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო ავიამიმოსვლა მალე აღდგება.

“მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხებს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება. გასულ წელს, როგორც მითხრეს, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი 10%-ით გაიზარდა, ტურიზმისა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების დამსახურებით. იმედი მაქვს, ჩვენ მალე შევძლებთ განვაახლოთ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა”, – თქვა ლავროვმა.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი ამავე დღეს განაცხადა, რომ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა მისასალმებელი იქნება.

მისი თქმით, რუსეთში მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, რომლებისთვისაც რუსეთთან პირდაპირი ფრენები მნიშვნელოვანია.

“გახსოვთ, რომ 2019 წელს რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტის თაობაზე, ეს იყო ერთგვარი სანქცია, რომელიც ამოქმედდა საქართველოს მიმართ და ამან საქართველოს მოქალაქეები დააზარალა, მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ჩვენი თანამოქალაქე, ეთნიკურად ქართული, ასევე ეთნიკურად აზერბაიჯანელები და სომხები, ჩვენი თანამოქალაქეები და რა თქმა უნდა, მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ პირობები და მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მისასალმებელი იქნება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button