“არა ფობიას!”, იუსტიციის სახლის ბლოკირების შესახებ
პლატფორმა „არა ფობიას!“ ეხმაურება იუსტიციის სახლთან მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ მიიღონ სათანადო ზომები ადმინისტრაციული დაწესებულების შესასვლელის ბლოკირების საწინააღმდეგოდ, რაც ხელს უშლის მის მუშაობას და იუსტიციის სახლის სერვისებით სარგებლობას.
„გავრცელებული კადრებით იუსტიციის სახლის შესასვლელთან შეკრებილები არიან პირები, რომლებიც ეთნიკურად არაქართველებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. ისინი აპროტესტებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 7 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც კიდევ ერთხელ გაუქმდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე დაწესებული შეზღუდვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენასთან დაკავშირებით. შეკრებილთა განცხადებით, ისინი არ დაუშვებენ დარჩენილ მცირე პერიოდში (კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე) უცხოელების მიერ ქართული მიწების მისაკუთრებას. აქციაზე ისმოდა ქსენოფობიური გამონათქვამებიც“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო დაწესებულების შესასვლელის ბლოკირება და მისი ფუნქციონირებისათვის ხელშეშლა დაუშვებელია და წარმოადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძველს.
ამასთან ნათქვამია, რომ „დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისას და ჩატარებისას მოწოდება რომელიც… აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.“ ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში კი სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები და აღკვეთონ უკანონო მანიფესტაცია, მათ შორის, დააკავონ ის პირები, რომლებიც არ დაემორჩილებიან სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნას.
„უკიდურესად შემაშფოთებელია ბოლო პერიოდში მომძლავრებული რასიზმი, ქსენოფობია და აგრესიული დამოკიდებულება განსხვავებული შეხედულებებისა თუ იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ.
„სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ძალადობრივი ფაქტების წახალისებას თავად სახელმწიფო ახდენს, რომელიც იღებს უცხოელების მიმართ დისკრიმინაციულ კანონმდებლობას და არ აქვს სტრატეგია რასიზმთან და ქსენოფობიასთან საბრძოლველად. ამდენად, ნაცვლად მოძალადეთა მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებისა სახელმწიფო, ერთი მხრივ, თავად აწარმოებს აგრესიულ კამპანიას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი ძალადობრივი მოვლენების მიმართ აქვს შემწყნარებლური დამოკიდებულება (ბასიანის სპეცოპერაციის საპასუხოდ მშიდობიანად შეკრებილი მოქალაქეების დაშლა ნაცვლად მათ წინააღმდეგ შეკრებილი აგრესიულად განწყობილი ჯგუფისა, წინასაარჩევნო პერიოდში ახალქალაქში განხორციელებულ თავდასხმაზე ხელისუფლების წარმომადგენლების საპასუხო რეაქცია, პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმის სხვა შემთხვევები და ა.შ.).
ამას ემატება პოლიტიკოსების ქსენოფობიური რიტორიკაც. გასათვალისწინებელია დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას მიერ გაკეთებული განცხადება: „მე რომ არ ვიყო დეპუტატი, მეც იქ ვიქნებოდი”- აღნიშნა მან.
პლატფორმა მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ მიიღონ სათანადო ზომები უკანონო მანიფესტაციის აღსაკვეთად და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას: გაატაროს მკაცრი პოლიტიკა ქსენოფობიის ნებისმიერი გამოვლინების მიმართ და შეიმუშავოს სტრატეგია რასიზმსა და ქსენოფობიასთან საბრძოლველად.
„ქართული მარში“, „პატრიოტთა ალიანსი” და მათი მხარდამჭერები იუსტიციის სახლთან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისების შემზღუდველი მორატორიუმი გაუქმდა. ისინი იუსტიციის მინისტრს მიმართავენ, არ დაუშვან მიწების უცხოელებზე გასხვისება. აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს.
ჯონდი ბაღათურია აცხადებდა, რომ ისინი იუსტიციის სახლში არ შეუშვებენ უცხოელებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებსაც მიწის უცხოელებზე გაყიდვა სურთ. ბაღათურიას თქმით, საჭიროების შემთხვევაში, იუსტიციის სახლთან დაიდგმება კარვებიც.
ისინი მხარდამჭერებს ხვალ 10 საათზე შეკრებისკენ მოუწოდებენ.
განცხადებას ავრცელებენ ორგანიზაციები:
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
თანასწორობის მოძრაობა (Eქუალიტყ Mოვემენტ)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDშD)
საფარი
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (თDI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GღAშშ)
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
ადამიანის უფლებათა ცენტრი (Hღჩ)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (IშFED)