არა რუსულ კანონს! – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
პარლამენტთან აქცია „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტთან დღეს, 12:00 საათიდან შეიკრიბნენ. მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება.
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა უკვე გადაკეტილია. კანონპროექტს მოქალაქეები მესამე დღეა აპროტესტებენ.
პარლამენტთან მიმდინარე აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ.
სტუდენტები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სკუტერებით მივიდნენ. მათ აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე “ცოცხალი კორიდორი” მოუწყვეს, ასევე, ტაშით და ოვაციები შეხვდნენ.
აქციის დაწყების დრო უცვლელია -19:00 საათი. დროის მოახლოების პარალელურად , მანიფესტაციაზე მიმავალ ადამიანთა რაოდენობაც იმატებს. აქციის მონაწილეებს თან აქვთ დროშები და პლაკატები, რომელიც კანონის წინააღმდეგ არის მიმართული.
ადგილზე ჩანან პოლიტიკოსებიც, რომლებიც საზოგადოებას აქტიური პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდებენ.
როგორც ცნობილია, პარლამენტმა, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა წინ.
პარტია “ანა დოლიძე-ხალხისთვის“ თავმჯდომარის, ანა დოლიძის განცხადებით, მოსმენების შემდეგ ეტაპზე საზოგადოების პროტესტი კიდევ უფრო გაძლიერდება.
“რაც უფრო გადავალთ შემდეგ მოსმენებში, რუსთაველზე ადამიანების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს. შემოგიერთდება ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი… შესაბამისად, მობილიზაცია ამ კანონის წინააღმდეგ იქნება ძალიან მაღალი. “ოცნებას” მისი გატანა ძალიან გაუჭირდება”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
“ლელოს” წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ეს არის თავისუფალი ქართველების ბრძოლა სამშობლოსა და სახელმწიფოს უფლებისთვის.
“ვაგრძელებთ პრინციპულ ბრძოლას, რომელიც გაგრძელდება ბოლომდე, მანამ, სანამ ეს კანონი არ იქნება გაწვეული და მანამ, სანამ ეს ხელისუფლება არ დასრულდება. პროტესტი იქნება კიდევ უფრო მტკიცე და კიდევ უფრო სერიოზული. ბევრად უფრო მეტი ადამიანი შემოუერთდება ამ პროტესტს და ბევრად უფრო მსხვილმასშტაბიანი იქნება ჩვენი საერთო პროტესტი. ეს არ არის პარტიულ-პოლიტიკური პროტესტი, ეს არის თავისუფალი ქართველების ბრძოლა სამშობლოსა და სახელმწიფოს უფლებისთვის”, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.
2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან “უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით” ჩაანაცვლა.