კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“არაგვში ჩაახრჩვეს და გაატანეს დინებას”

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, იმ ჩვენებებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც საქმეში დევს, მომხდარის შესახებ, დეტალურად საუბრობს. მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილი ალყაში მოაქციეს, სცემეს, დაახრჩვეს და წყალს გაატანეს. მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ გზიდან დაღუპულს ჩიქოვანი და 2 არასრუწლოვანი მოსდევდა, ქვედა მხარეს კი, მას არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი დახვდნენ.

“იგივე ახვლედიანის ჩვენებამ, ამირხანაშვილის ბოლოდროინდელმა საგამოძიებო მოქმედებებმა ცალსახად დაადასტურა, რომ 6 პირი, ვისზეც ოჯახი იძახის, რომ არიან გიორგის განზრახ მკვლელობის ჩამდენები, ეს ნამდვილად ასეა. გამოკიდებული 5 ადამიანიდან 3 გამოჰყვა გამოქცეულ ბავშვებს. გამოჰყვა ხიდის მიმართულებით, ხოლო ორი მათგანი ჩავიდა ამავე მანქანების ჩამოსახვევში და წინიდან მოუჭრეს გზა გიორგის და მოაქციეს ალყაში. დაზიანების მიყენებისთანავე, იქვე, არაგვში ჩაახრჩეს ბავშვი და გაატანეს დინებას.” – აცხადებს გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე.

მოისმინეთ მირიან ნიკოლაძის ხმა.

ბიძის ამ განცხადებას წინ უძღოდა ვახო ახვლედიანის ახალი ჩვენება. ამ ჩვენებაში მოწმე აღწერს დევნის ეპიზოდს და ამბობს, რომ იმ სამ პირს შორის, რომლებიც მას და მის მეგობრებს, მათ შორის, შაქარაშვილს გზაზე, ანუ ზედა მხარეს მოსდევდნენ, გაგნიძე და რევაზიშვილი არ ყოფილან. თუმცა ეს ორი პირი, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილის ჩვენებებში ფიგურირებს.

“ტოიოტას” მანქანიდან გადმოვიდა 2, ასაკით ჩვენზე უფროსი, სპორტული აღნაგობის ადამიანი, რომლებიც წამოვიდნენ ჩვენკენ, მივხვდი, რომ მოდიოდნენ საცემრად. ეს პირები იყვნენ არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი. დავინახე, რომ აღნიშნულ მანქანაში კიდევ იმყოფებოდნენ სხვა პირებიც, თუმცა, თუ ვინ, – არ ვიცი. გავიქეცი დასავლეთის მიმართულებით, ამ დროს გიორგი შაქარაშვილი გარბოდა ჩემ წინ, ხოლო ჩემ უკან მორბოდნენ გურამ ამირხანაშვილი და გიორგი ქათამაძე. უკან მოგვდევდნენ მანქანიდან გადმოსული პირები გინებით.

“… წამიერად, ჩემი თვალთახედვის არედან დავკარგე გიორგი შაქარაშვილი და გურამ ამირხანაშვილი, თუმცა, როდესაც გავრბოდი, რამდენიმე წამში წამომეწია გიორგი შაქარაშვილი და ერთად განვაგრძეთ სირბილი დაღმართზე. მალევე შაქარაშვილმა გამასწრო რამდენიმე ნაბიჯით. ამ დროს მესმოდა მდევრების ყვირილის ხმა, თუმცა, ეს ხმა ოდნავ მინელდა და მივხვდი, რომ ჩამოგვრჩნენ. ისე, რომ არ გავჩერებულვარ, გავიხედე უკან და დავინახე 3 პიროვნება, რომლებიც სირბილითა და გინებით მოგვდევდნენ. აღნიშნული სამი პიროვნება ვერ ვიცანი. მათ შორის არ იყვნენ არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი.

“… გადავუხვიე გზიდან მარცხნივ და ჩავცურდი ხესთან არსებულ საფეხმავლო ბილიკზე. ამ დროს დავინახე, რომ შაქარაშვილი კვლავ გარბოდა დაღმართზე მოასფალტებულ გზაზე და ეს გზა შედიოდა მდინარე არაგვზე გამავალ საავტომობილო ხიდის ქვეშ. მე მისთვის არ დამიძახია, ვინაიდან მეშინოდა, რომ ამას გაიგებდნენ მდევნელებიც. როდესაც ჩავცურდი საფეხმავლო ბილიკზე, დაახლოებით ერთ-ორ მეტრში შევიმალე ბუჩქებში. ამ დროს გავიგე, თუ როგორ ჩაირბინეს მდევრებმა იმ მიმართულებით, სადაც გარბოდა გიორგი შაქარაშვილი. ასევე შევამჩნიე გარკვეული განათებები და ვივარაუდე, რომ ეს იყო ფანრები. ჩემი დამალვიდან 10 წუთის განმავლობაში, მესმოდა რამდენიმე პირის გინების, სირბილისა და გადაადგილების ხმა. ასევე აგრესიული და ხმამაღალი შეძახილები, რომ გამოვსულიყავით და არ დავმალულიყავით.” – აცხადებს ვახო ახვლედიანი ჩვენებაში.

ხვალ სრულწლოვანი დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა იგეგმება. შაქარაშვილის ოჯახი ითხოვს, რომ ისინი პატიმრობაში დარჩნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button