მნიშვნელოვანისიახლეები

არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე ორი ახალგაზრდა ქალი პატიმრობაში გაუშვეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოცნების დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე 12-12 დღიანი პატიმრობა შეუფარდა 19 წლის ლიკა ლორთქიფანიძეს და 20 წლის თათია აფრიამაშვილს, მესამე სტუდენტი მაგდა მამუკაშვილი კი 4000 ლარით დააჯარიმეს. ბრალდების მხარე მათ დეპუტატის შეურაცხყოფას ედავება.
გადაწყვეტილების გამოცხადებამ სასამართლოს სხდომათა დარბაზში ხმაური გამოიწვია, რის შემდეგაც სასამართლო მანდატურის სამსახურმა რამდენიმე პირს სასამართლოს შენობა დაატოვებინა.

ამავე საქმეზე სტუდენტს, 20 წლის ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა მოსამართლემ შსს-ს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ლორთქიფანიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო”ქართული ოცნების” დეპუტატის, მარიამ ლაშხის მიმართვის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო სტუდენტის და “ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის ლიკა ლორთქიფანიძის პატიმრობას ითხოვდა.
ინციდენტი 17 მაისს მოხდა, ერთ-ერთ კაფეში, სადაც ლაშხი თანმხლებ პირებთან, მათ შორის მცირეწლოვან შვილებთან ერთად იყოფებოდა, სტუდენტები მასთან მივიდნენ შეძახილებით: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს…”

სასამართლო პროცესამდე 2 დღით ადრე, 28 მაისს , მარიამ ლაშხი, რომლის სარჩელის საფუძველზეც ორი ახალგაზრდა ქალი პატიმრობაში გაუშვეს, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. მარიამ ლაშხმა კომისიის მიზნებსა და პრიორიტეტებზე საუბრისას განაცხადა, რომ “კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს შეუწყობს ბავშვთა უფლებების დაცვას სხვადასხვა მიმართულებით, ასევე ქალთა აქტიურ ჩართულობას პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში და დემოგრაფიული საკითხების გადაწყვეტას».
მარიამ ლაშხი ერთადერთი პოლიტიკოსი არ არის, რომელმაც აქტივისტების გამოხატვის თავისუფლების რეალიზაცია თავდასხმად და შეურაცხყოფად მიიჩნია და აქტივისტების წინააღმდეგ იჩივლა – ანალოგიურად მოიქცა ირაკლი ზარქუაც, რომლის სარჩელის გამოც ზუგდიდის სასამართლომ ორ აქტივისტ ქალს 3 500 და 4 000 ლარის ოდენობის ჯარიმები დააკისრა 23 მაისს.
დეპუტატების სარჩელების საფუძველია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა – სასჯელი პოლიტიკოსის შეურაცხყოფისთვის შეიძლება იყოს ჯარიმა 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 45 დღემდე ვადით.

ამ ჩანაწერს სახელმწიფო იყენებს როგორც პოლიტიკოსების, ისე პოლიციელების დასაცავად კრიტიკული მოქალაქეებისგან. დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ მუხლით 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა თორნიკე სხვიტარიძეს და 5 000-ლარიანი ჯარიმა ანი ქავთარაძეს – მათ შსს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button