“არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა… დიდება და თავისუფლება საქართველოს-საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები
გუშინდელი ვანდალიზმის აქცია არცერთ მსახიობს, მომღერალს თუ სპორტსმენს არ დაუგმია, რაც სამწუხარო რეალობაა-კალაძე

არა ძალადობას. არა რუსეთს!საქართველოს გზა ევროპაშია! – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი, გიორგი ქოჩორაშვილი Instagram-ზე წერს.
გიორგი ქოჩორაშვილის განცხადებით, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა, არცერთი ჩემპიონატი და არცერთი სპორტული ღონისძიება.
“თავისუფლება ძალაა, რომელიც ღმერთმა მოგვცა და ეს თავისუფლება არის ის, რასაც თითოეული ქართველი ფლობს. ის 26 მარტის დღე, რომლის დროსაც ყველა ბედნიერი იყო, ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვზეიმობდით, არ გამქრალა და ჩვენს გულებში ინახება. მაგრამ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა. არცერთი ჩემპიონატი და არცერთი სპორტული ღონისძიება. დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას. არა რუსეთს! საქართველოს გზა ევროპაშია! მე ვარ საქართველო!”, – წერს ქოჩორაშვილი.
ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია – არა რუსეთს! არა ძალადობას, – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი, გიორგი ქვილითაია Instagram-ზე წერს.
გიორგი ქვილითაიას განცხადებით, არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც აზრს კარგავს ყველაფერი და დღეს ეს ზღვარი ჩვენი სამშობლოა.
“ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია. არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც აზრს კარგავს ყველაფერი, დღეს ეს ზღვარი ჩვენი სამშობლოა. სწორედ ამიტომ, არა რუსეთს! არა ძალადობას და მადლობა ყველას, ვინც ამ ღირებულებას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს”, – წერს გიორგი ქვილითაია.
“არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, არანაირი კანონი არ დგას ამაზე მაღლა. გაიწვიეთ ეს კანონი და კვლავ ისევ ერთიანად გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც 26 მარტს იყო!” – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი გიორგი ჩაკვეტაძე Instagram-ის სთორიში წერს.
გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, რთულია იმის ყურება, როგორ უპირისპირდებიან თანამოქალაქეებს.
„მიჭირს და რთულია ვუყურო, როგორ უპირისპირდებიან ჩემს თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით ქალებს და ბავშვებს. არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, არანაირი კანონი არ დგას ამაზე მაღლა. გაიწვიეთ ეს კანონი და კვლავ ისევ ერთიანად გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც 26 მარტს იყო! უარი რუსეთს, სრული სვლით ევროპისკენ“, – წერს ჩაკვეტაძე.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე საქართველოში ბოლო რამდენიმე დღეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
ზივზივაძე მხარდაჭერას გამოხატავს და გმობს ძალადობას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის წინააღმდეგ იკრიბებიან.
“ძალიან სამწუხაროა, რომ სპორტსმენს, კონკრეტულად კი ფეხბურთელს, უკვე მეორედ მიწევს დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე, მაგრამ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ კვლავ გავიმეორო – არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს.
საქართველოს გზა ევროპაშია.
ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის. ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა.
პ.ს მსურს, რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო”, – წერს ზივზივაძე სოციალურ ქსელში.
გუშინ ჩვენ ძალადობრივი აქცია და ძალიან მძიმე ფაქტები ვიხილეთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის შეფასებისას მედიასთან განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მომხდარ ფაქტებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება, რომელმაც ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმა.
გუშინდელი ვანდალიზმის აქცია არცერთ მსახიობს, მომღერალს თუ სპორტსმენს არ დაუგმია, რაც სამწუხარო რეალობაა.
„ამ აქციაზე ზოგი მართლა გულწრფელია, ზოგმა არ იცის, რასთან გვაქვს საქმე. ასეა თუ ისე, ყველა ამ ქვეყნის შვილები არიან და მათზეც უნდა ვიზრუნოთ. საქართველოს ხელისუფლება აკეთებს იმას, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი გავამყაროთ და ასე გავხდეთ ევროკავშირის წევრი. რა თქმა უნდა, ვზრუნავთ და მომავალშიც ვიზრუნებთ ამ ახალგაზრდებსა და მათ მომავალზე. დარწმუნებული ვარ, ბევრი გულწრფელი და გონიერი ადამიანი მიხვდება და იტყვის, რომ შეცდომა დაუშვეს. ვაკვირდებოდი და არ მინახავს არცერთი მსახიობი, მომღერალი, სპორტსმენი, მწვრთნელი გამოსულიყო და დაეგმო ის ძალადობა და ვანდალიზმი, რაც თბილისის ქუჩებში ხდებოდა. ეს არის სამწუხარო რეალობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.