მნიშვნელოვანისიახლეები

,,განყოფილების ხელმძღვანელთან შეთანხმებით, პაციენტს 1 გრამი ანტიბიოტიკი გავუკეთე,,-გარდაცვლილი ფეხბურთელის ექიმი

,,ჩემს შვილს ცხელება ჰქონდა, რამდენი უნდა ჰქონოდა ტემპერატურა, რომ სავალდებულო კვლევები ჩატარებულიყო? მითუმეტეს, ხარისხის პატრონია ქეთევან ლობჟანიძე და მას ინფექციური და ბაქტერიული ვირუსი ერთმანეთისგან უნდა განესხვავებინა,-კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამა

მე ვიყავი მისი მორიგე ექიმი, მე მიზერული შეხება მქონდა მაგ ბავშვთან, – ამის შესახებ კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე ბრალდებულმა ექიმმა, ქეთევან ლობჟანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან დეტალურად ისაუბრა მისი ქმედებების გარშემო და აღნიშნა, რომ პაციენტ ვახტანგ ჩარკვიანთან, როგორც არა მკურნალ ექიმს, არამედ მორიგე ექიმს ჰქონდა შეხება და მას მხოლოდ 1 გრამი ანტიბიოტიკი გაუკეთა.

„მე თანაზიარი ვარ თქვენი შვილის [გარდაცვალების], მე პირადად მქონდა მასთან შეხება. ზოგადად, მე ვარ ექიმი-თერაპევტი, მანამდე ვმუშაობდი განყოფილებაში, როცა კოვიდპანდემია დაიწყებოდა, პირველივე დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე აქ არის, ჩვენ გვქონდა დიდი კონფლიქტი, რადგან სიკვდილის წინაშე ვიყავი, მე მყავს ორი არასრულწლოვანი, მათ გვერდით დავდექი, ჩემი ქვეყნის, ჩემი პაციენტების გვერდით. ანაზღაურება მქონდა სამარცხვინო, თუმცა, ეს ჩემთვის არაფერია, ვიდექი მათ გვერდით. მინდა გითხრათ, როცა კოვიდ განყოფილებად გადავკეთდით, ჩვენ მორიგე ექიმებად გადავედით, მე პაციენტებთან საათობრივი შეხება მქონდა. რაც შეეხება თქვენს შვილს, საოცარ ვაჟკაცს, ამაზეც პატარა სიტყვას გეტყვით, როცა მკურნალ ექიმად თვლით ადამიანს, როცა ვიღებ პაციენტს, გაწერის ბოლომდე მე ვარ პასუხისმგებელი ყველა ნიუანსზე, მაგრამ მე ვიყავი მისი მორიგე ექიმი, მე მიზერული შეხება მქონდა მაგ ბავშვთან… სხვებს შეიძლება ბევრი მორიგეობა ჰქონდათ, მე ეს არ შემეძლო ფიზიკურად, თქვენ ვერ ხვდებით, ჩანაჭდევები კვირაობით არ ამომდიოდა, ყველაფერში შეფუთულები ვიყავით – ვერ ვსუნთქავდით, ვერ ვჭამდით, რობოტებივით დავდიოდით, ეს იყო საბრძოლო პირობები… ქალს ბევრი შეუძლია, შეიძლება კაცმა ვერც შეძლოს, რაც ჩვენ შეგვიძლია, რადგან იმ ადამიანების თვალებს ვუყურებდით, რომლებიც სიკვდილის შიშით იყვნენ ანთებულები, ჩვენ მათთვის ყველაფერს ვაკეთებდით. მე მკურნალი ექიმი არ ვიყავი, მე ვიყავი რიგითი, მორიგე ექიმი, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში სადოქტოროს ვიცავდი, მე მორიგე ექიმი ვიყავი, მაგრამ სრულიად ამაყი, რომ შემეძლო ამ ხალხის გვერდით ვყოფილიყავი ისევე, როგორც ჩემი კოლეგების და ასევე პაციენტების, ჩემთვის მთავარია ხალხი. თერაპიულ განყოფილებაში მხოლოდ 2-ჯერ მქონდა დღის მორიგეობა, სხვამ მიიღო პაციენტი, 12-ში და 14-ში, რამდენიმე საათით მქონდა… ჩემს არასრულწლოვან შვილებს ახლა გაურთულდათ ვირუსი, ყელ-ყურმა ანალიზიც არ გაგვაკეთებინა, ისე დავიწყეთ, 7-7 დღე მივიღეთ ზუსტად იმ წამლის ანალოგი, რაც იმ დღეს დავიწყე, მინდა გულწრფელები ვიყოთ თქვენს მიმართ. ბოდიში ჩემი ემოციურობისთვის, განყოფილების ხელმძღვანელიც ინფორმირებული იყო და მასთან შეთანხმებით, სრულიად საფუძვლიანად, რაც გაიდლაინშია მოთავსებული – ყველაზე უმტკივნეულო მედიკამენტი, ჩემი ზედამხედველობის ქვეშ მხოლოდ და მხოლოდ 1 გრამი „ცეპეფინი“ გაკეთდა, ჩემს შვილებს ახლა 7-7 დღე ეძლეოდათ. მას შემდეგ პაციენტთან შემხებლობა არ მქონია, ის ისევ დაყოვნდა თერაპიულ განყოფილებაში, მე აღარ მქონდა მორიგეობები, შემდეგ კარგა ხანი იყო რეანიმაციაში… სრული ნუსხა გავაკეთე ამ ბიჭისთვის, რომ ერთი წამი არ დაკარგულიყო, თუმცა, მე 14-ში საღამოს შემდეგ, ამ პაციენტთან შემხებლობა აღარ მქონია, არ ვიცი შემდეგ როგორი რეაგირება მოჰყვა, რომ აღნიშნავთ, მკურნალი ექიმიო, მე მხოლოდ რამდენიმე საათი ვიყავი. წამოვიდა ბაქტერია? დავნიშნე ის 1 გრამი, ჩათვალეთ ეკვივალენტია 1 აბი ანტიბიოტიკის, დავნიშნე, რადგან მე ექიმი ვარ… სრულიად საფუძვლიანად, 1 გრამი ანტიბიოტიკი [გაუკეთდა], რაც შეთანხმებული იყო განყოფილების ხელმძღვანელთან, შემდეგ მე უკვე პაციენტთან შემხებლობა არ მქონია“, – განაცხადა ლობჟანიძემ.

გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე ბრალდებულ ექიმს ქეთევან ლობჟანიძეს 12 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ჩემს შვილს ცხელება ჰქონდა, რამდენი უნდა ჰქონოდა ტემპერატურა, რომ სავალდებულო კვლევები ჩატარებულიყო? მითუმეტეს, ხარისხის პატრონია ქეთევან ლობჟანიძე და მას ინფექციური და ბაქტერიული ვირუსი ერთმანეთისგან უნდა განესხვავებინა, – ამის შესახებ კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ექიმი ქეთევან ლობჟანიძე, რომელმაც საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე ვრცლად ისაუბრა, ბევრ რამეს მალავს.

„ქალბატონმა ქეთევან ლობჟანიძემ ბევრი რამე დამალა. ვსვამ კითხვას, არ გიჩნდებათ რელევანტური კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი შვილი მე-4 წელია მოკლულია და ახლა საუბრობენ თითქოს, სიმართლეს. სამედიცინო ისტორიაში სულ სხვა ფაქტობრივი გარემოებები დევს, სულ სხვა მოცემულობებია. საქმეზე ჩატარებულია უამრავი ექსპერტიზა, მათ შორის, სატელეფონო, ჩემი შვილის ფონოსკოპური ექსპერტიზები, იქ დადგენილია გარემოებები, ექიმების დაუდევრობები და გულგრილი დამოკიდებულება ჩემი შვილის მიმართ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

კითხვაზე, თუ რა დამალა ლობჟანიძემ, ჩარკვიანი პასუხობს, რომ „მის შვილთან ექიმები არ შედიოდნენ“.

„ყურადღებას ვაქცევდიო, რომელიც სინამდვილეში არ ყოფილა… ჩემთან შვილთან ექიმი არ შედიოდა, საჭმელიც არ შეჰქონდათ“, – განაცხადა ჩარკვიანმა და დასძინა, რომ ეს სწორედ, ქეთევან ლობჟანიძის მორიგეობებს ემთხვეოდა.

„ზუსტად, 12-14 აგვისტოს ეპიზოდებია. როდესაც ჩემი შვილი ე.წ. კოვიდსასტუმროდან გადაიყვანეს, ყველა კვლევა სრულყოფილად არ ჩაუტარეს. როდესაც სისხლიანი ნახველით შევიდა, აუცილებელი იყო, გამოერიცხათ ტუბერკულოზის არსებობა-არ არსებობის საკითხი, “კატეს” დასკვნა გამორიცხვის მეთოდი არ არის. როცა საუბრობენ, რომ ჩემს შვილს ციტოკინური შტორმი განუვითარდა, ამის გამომრიცხავი მექანიზმი იყო ანალიზები, კვლევების ჩატარება, რომელიც აუცილებელი და სავალდებულო იყო პირველ, მეორე დღეს და არა მეოთხე, მეხუთე დღეს, როცა ჩემი შვილის მდგომარეობა მძიმდებოდა. თრომბოციტოპენია, როდესაც დავარდნილი იყო ნორმასთან მიმართებით, ჰემატოლოგის მიერ არ იქნა კონსულტირებული.

მისი [ქეთევან ლობჟანიძის] ჩვენება რომ ნახოთ, იქ წერია, „რემდესივირი“ აპრობირებული იყო და შეიძლებოდა მისი გაკეთება, რაზეც მან მის ჩვენებაში მიუთითა, რომ „სპორტსმენი ბიჭია და არ ჩავთვალე საჭიროდო“, ეს მტკიცებულება თავის გამოკითხვის ოქმშია დაფიქსირებული. ჩემი შვილის მდგომარეობა პირველ სართულზე მიზანმიმართულად დაამძიმეს და სხვა ექიმებმა მიზანმიმართულად შეიწირეს ის… ჩემს შვილს ცხელება ჰქონდა, რამდენი უნდა ჰქონოდა ტემპერატურა, რომ ელემენტარულად, ეს სავალდებულო კვლევები ჩატარებულიყო? მითუმეტეს, ხარისხის პატრონია ქეთევან ლობჟანიძე და ინფექციური და ბაქტერიული ვირუსი ერთმანეთისგან უნდა განესხვავებინა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ექიმს, ქეთევან ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურამ ქეთევან ლობჟანიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც გულისხმობს გულგრილობას, სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ვახტანგ ჩარკვიანის მკურნალობის პროცესი ბრალდებულის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა, მან პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი არ გაითვალისწინა და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა. პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button