არარეკომენდირებული “პლაქვენილი” და ქართველი მედიკოსების ნაადრევი ზეიმი
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა (CDC) თავის ვებ-გვერდზე წაშალა რეკომენდაცია ექიმებისთვის ჰიდროქსიქლოროქინის და ქლოროქინის შესახებ. ამ მედიკამენტით კორონავირუსის მკურნალობის რეკომენდაცია პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.
როგორც Reuters წერს, CDC-მ თავის ვებ-გვერდზე ეს რეკომენდაციები თავდაპირვლეად პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნის გამო გამოაქვეყნა, თუმცა, წამლებს, რომლებსაც ჩვეულებრივ, მალარიის წინააღმდეგ იყენებენ, COVID-19-ის შემთხვევაში ტესტირება არ ჩატარებიათ.
დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ წამლები ჰიდროქსიქლოროქინი და ქლოროქინი კორონავირუსის სამკურნალოდ შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული, თუმცა, ამის დამადასტურებელი სამეცნიერო კვლევა არ არსებობდა და მის გამოყენებას ბევრი მეცნიერი აყენებდა ეჭვქვეშ.
შეგახსენებთ, იგივე პრეპარატ “პლაქველინის” ეფექტურობაზე, რომელიც საქართველოს აფთიაქებშიც იყიდებოდა, 20 მარტს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძეც საუბრობდა.
„მოხდა საინტერესო რამ: გუშინ გამოქვეყნდა ფრანგების რეკომენდაციები, სადაც მათაც „პლაქვენილი“ დაასახელეს ამ დაავადების, ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ. კიდევ მოხდა უფრო მნიშვნელოვანი რამ, ტრამპი, იცით მისი ექსტრავაგანტულობა, ამ დროს ზოგჯერ გადამჭრელი, სწრაფი მოქმედებები ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვიდა და ოფიციალურად განაცხადა, რომ ვერ დაელოდება FDA-ს ოფიციალურ რეკომენდაციებს და ექსპერტების რჩევისა და ანალიზის საფუძველზე, თავის თავზე იღებს, რომ ეს მედიკამენტი, „პლაქვენილი“ პრეზიდენტის ბრძანებით დაუშვას გამოსაყენებლად. ანუ, ექიმებს ჰქონდეთ უფლება, გამოიყენონ, ვიდრე FDA დასკვნას გააკეთებს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მართალი გითხრათ, პატარა ზეიმივით გვქონდა სამსახურში, რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ ამას ვაკეთებთ თვენახევარია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში.