არასაკმარისი ვაქცინაციის გამო-საქართველოში წითელას შემთხვევების რაოდენობამ შესაძლოა მოიმატოს

ევროპაში წითელას შემთხვევები იზრდება. საქართველოში, ჯერჯერობით, სტატისტიკა ნორმის ფარგლებშია, თუმცა სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ შემთხვევების რაოდენობამ ჩვენ ქვეყანაშიც მოიმატოს. ექიმები ამის მიზეზად არასაკმარის ვაქცინაციას ასახელებენ.
ამის შესახებ ილაპარაკა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, შემცირებულია ვაქცინირებული ბავშვების წილი, მეზობელ ქვეყნებში არსებული ვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა რისკ-ფაქტორი აღმოჩნდეს. მყარი იმუნიტეტის შესაქმნელად საჭიროა ორი ინიექციის გაკეთება, ერთი და ხუთი წლის ასაკში.
ჩხაიძემ აღნიშნა, რომ კოვიდპანდემიამდე ვაქცინით მოცვის მაჩვენებელი ერთ წლამდე ბავშვებში 100 პროცენტი იყო, 5 წლის ასაკში კი – 97%. უახლესი მონაცემებით, ერთ წლამდე ბავშვების მხოლოდ 94 პროცენტს აქვს გაკეთებული ვაქცინის პირველი დოზა, 5 წლის ასაკში კი – 88%-ს.
“88% ნიშნავს, რომ ქვეყანაში ათასობით ბავშვი აუცრელია, რაც შემთხვევების მატებას, რა თქმა უნდა, გამოიწვევს”, – აცხადებს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი.
მისი თქმით, ევროპის 56-დან 40 ქვეყანაში, ჯანმოს კლასიფიკაციით, დაფიქსირებულია შემთხვევების მკვეთრი მატება. ამ მხრივ საქართველო გამონაკლისია, თუმცა ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა.
“ევროპის 40 ქვეყანაში 56-დან, ჯანმოს კლასიფიკაციით, დაფიქსირებულია შემთხვევების მკვეთრი მატება. საბედნიეროდ, საქართველო, ჯერჯერობით, ამ კატეგორიას არ განეკუთვნება. 2023 წელს, მთელი წლის განმავლობაში, გვქონდა სულ 26 შემთხვევა. 2024 წლის ინვარში, გვაქვს 16 შემთხვევა. ქვეყანაში 10 000-ობით ბავშვი არის აუცრელი, რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევ შემთხვევების მატებას.
ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით მაშინ, როდესაც გვქონდა პირველი შედეგები, როგორი გავლენა მოახდინა კორონა ვირუსის პანდემიამ ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებელზე. მთელს მსოფლიოში ანალოგიური მდგომარეობა იყო, თუმცა საქართველოში ეს ციფრები მიუთითებდნენ იმაზე, რომ თუ მაქსიმალურად არ მოვახერხებდით მოსახლეობის ინფორმირებას რომ ეს ჩამორჩენა არის სერიოზული ეპიდაფეთქების შესაძლო წყარო ციფრები მომავალში იქნება გასათვალისწინებელი”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
შემთხვევების უმრავლესობა მოდის თბილისში მცხოვრებ 20-დან 40 წლამდე ადამიანებზე. საქართველოში წითელათი ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად იყო გაზრდილი 2018 წელს, როცა წლიურად 300-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.