“არასერიოზულ პროექტი” რომელსაც “ჩალის ფასი” აქვს-ოცნება რეზოლუციის პროექტს სადაც სანქციებზეა საუბარი არასერიოზულად მიიჩნევს
ზელენსკის ოჯახმა და გარემოცვამ მილიონები იშოვა, საკუთარი მოქალაქეების გვამებისა და უკრაინის დანგრევის ხარჯზე, აღნიშნულმა ევროპარლამენტარებმა კი, ისინი გმირებად გამოაცხადეს, ხოლო ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საქართველოს მშვიდობისთვის ყველაფერი დათმო დემოკრატიის მტრად აცხადებენ

რეჟიმის პრემიერისთვის ირაკლი კობახიძისთვის ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც ქართული ოცნების მაღალჩინოსნების სანქცირებაზეა საუბარი, თავისი უსამართლო ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე “ჩალის ფასი” აქვს.
ის დოკუმენტს, რომელშიც საუბარია საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და მედიაგარემოს გაუარესებაზე “არასერიოზულ პროექტს” უწოდებს და ირწმუნება, რომ “საქართველოში ქვეყანა დემოკრატიულად იმართება”– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღემდე ხუთი რეზოლუცია დაამტკიცა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტმა და ხუთივე იყო ერთმანეთზე არასერიოზული. კობახიძის განცხადებით, ეს არის მორიგი, მე-6 არასერიოზული პროექტი, რომელიც დაინიცირდა ევროპარლამენტში.
“„ამ პროექტს, ისევე, როგორც წინა რეზოლუციებს ჩვენთვის აბსოლუტურად არაფრის, ჩალის ფასი აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს რეზოლუციები არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში დღემდე, 5 რეზოლუცია დაამტკიცა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტმა და ხუთივე იყო ერთმანეთზე არასერიოზული და ეს არის მორიგი, მეექვსე არასერიოზული პროექტი, რომელიც დაინიცირდა ევროპარლამენტში. რა თქმა უნდა, ამ პროექტს, ისევე როგორც წინა რეზოლუციებს, აქვს აბსოლუტურად არაფრის ფასი, ჩალის ფასი ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს რეზოლუციები არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში.
რეალობა არის ის, რომ საქართველოში ქვეყანა იმართება დემოკრატიულად, ოპოზიცია არის თავისი არსით ანტი-დემოკრატიული, თუმცა ხედავთ, რომ რეზოლუციებში აისახება ხოლმე მხარდაჭერა რადიკალიზმის მიმართ და იმ ყველაფრის მიმართ, რასაც დღეს ასე მკაფიოდ აკრიტიკებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენთვის ევროპარლამენტის რეზოლუციას არ აქვს არაფრის ფასი, თავისი უსამართლო ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე”, – ამბობს ის.
ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე კვლავ ირწმუნება, რომ “სანქციების არ ეშინიათ”. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ჰკითხეს, რომლის სამუშაო პროექტშიც ქართული ოცნების მაღალჩინოსნების სანქცირებაა მოთხოვნილი.
ის ამტკიცებს, რომ “ბრიუსელში კონკრეტული კორუმპირებული, გაბოროტებული ბიუროკრატები გაგიჟებულები არიან, რომ საქართველოში მარცხი განიცადეს” და ამბობს, რომ “ვერ იხელმძღვანელებენ იმით, რა მოეწონება ან არ ბრიუსელში რომელიღაც გაზულუქებულ ბიუროკრატს”.
“ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები ვერ იქნება შემაჩერებელი, როდესაც საქმე ეხება ამ ქვეყნის ინტერესს, მომავალს, ვერანაირი სანქცია ვერ შეგვაჩერებს და არავის არ ეშინია სანქციების. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ქვეყნის ინტერესებს. ის კონკრეტული ბიუროკრატები, კორუმპირებული, გაბოროტებული ბიუროკრატები, ყველაზე არ მაქვს საუბარი, უბრალოდ, გაგიჟებულები არიან, რომ მათ განიცადეს მარცხი, დამარცხდნენ საქართველოში. […]
საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის ინტერესების დაცვას, ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებას, რაც ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის არის საჭირო, მნიშვნელოვანი. ჩვენ ვერ ვიხელმძღვანელებთ, რა მოეწონება და რა არ მოეწონება ბრიუსელში რომელიღაც გაზულუქებულ ბიუროკრატს, ამით ვერ ვიხელმძღვანელებთ. გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან და ვიმოქმედებთ ისე, გავატარებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას”, – ამბობს კალაძე.
ივანიშვილის კალაძის პაპუაშვილისა და კობახიძის დასანქცირება-EU-მ რეზოლუციის პროექტი გამოაქვეყნა
ევროპარლამენტი საქართველოს საკითხზე რეზოლუციის მისაღებად ემზადება. საკითხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება ოპოზიციისთვის გადაგდებული მაშველი რგოლია, რათა მედიისთვის დღის წესრიგი შექმნან.ბოჭორიშვილის შეფასებით, ამ რეზოლუციის პროექტს მეტი დანიშნულება არ აქვს.
“ეს რეზოლუცია ევროპარლამენტის მიერ მიღებული კიდევ ერთი დოკუმენტი იქნება, რომელიც გამოიყენება პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის ინსტრუმენტად ოპოზიციისთვის. მეტი დანიშნულება ამ დოკუმენტს არ აქვს. ეს არის ევროპარლამენტის მხრიდან კიდევ ერთხელ გადაგებული მაშველი ოპოზიციისთვის იმისთვის, რომ რაღაცაზე დაფუძნებით შექმნან დღის წესრიგი ქართულ მედიასაშუალებებში”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება ევროპარლამენტართა მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზე მსჯელობას.
ქადაგიძის თქმით, ზელენსკის ოჯახმა და გარემოცვამ მილიონები იშოვა, საკუთარი მოქალაქეების გვამებისა და უკრაინის დანგრევის ხარჯზე, აღნიშნულმა ევროპარლამენტარებმა კი, ისინი გმირებად გამოაცხადეს, ხოლო ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საქართველოს მშვიდობისთვის ყველაფერი დათმო დემოკრატიის მტრად აცხადებენ.
“ევროპარლამენტარები იმსჯელებენ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზეო…
ესენი ხომ იცით, რომლები არიან?
– ზელენსკის ოჯახმა და გარემოცვამ მილიონები იშოვა, კაპიტალი დააგროვა, საკუთარი მოქალაქეების გვამების, უკრაინის დანგრევის ხარჯზე და გმირად რომ გამოაცხადეს…
ხოლო, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მშვიდობისთვის, ყველაფერი დათმო, ყოველდღიურად ავიწროებენ, ემუქრებიან, საკუთარი კაპიტალზე წვდომა შეუზღუდეს, მაგრამ პოზიციას არასდროს შეიცვლის, საკუთარ კეთილდღეობას, ქართველების სიცოცხლის ხარჯზე არ მოიწყობს და დემოკრატიის მტრად აცხადებენ…
მოკლედ, ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმის” ეკრანიზაციას აწყობენ, ჯორჯ სოროსის “პროდიუსინგით”, – წერს ქადაგიძე.
მედიამ მოიპოვა ევროკავშირის რეზოლუციის პროექტი, რომელსაც ევროპარლამენტარები კენჭს უყრიან. დოკუმენტში საუბარია ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი კობახიძის სანქცირებაზე, ასევე საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და მედიაგარემოს გაუარესებაზე.
დოკუმენტში ასევე საუბარია პოლიტპატიმრებზე, მათ შორის ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის პოლიტიკურ პატიმრობაზე.
ასევე, რეზოლუციის პროექტში საუბარია რეჟიმის მხრიდან ზეწოლაზე დამოუკიდებელი მედიის მიმართ და სახელისუფლებო მედიის მფლობელების სანქცირების საჭიროებაზე.