არასრულწლოვანთა ქორწინებას სასამართლო გადაწყვეტს

16 წელს მიღწეული პირების ქორწინება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით იქნება დასაშვები, ისიც ისეთი მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ორსულობა და ბავშვის დაბადება.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ცვლილებები “სამოქალაქო კოდექსში” და “სამოქალაქო აქტების შესახებ” კანონში შედის.
სადღეისოდ არსებული კანონით, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით დაიშვება, ხოლო თანხმობაზე მათ მიერ უარის ან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში, ე.წ. პატივსადები მიზეზების არსებობისას, დაქორწინების ნებართვის გაცემა სასამართლოს შეუძლია.
პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, 16 წელს მიღწეულ არასრულწლოვან პირებთან მიმართებაში მშობლებსა და მზრუნველებს ქორწინებაზე თანხმობის გაცემის უფლებამოსილება აღარ ექნებათ და აღნიშნული მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებში მოექცევა.
იმავდროულად, ცვლილებით ვიწროვდება 16 წელს მიღწეულ არასრულწლოვან პირთა ქორწინების საფუძველი და ერთადერთ საფუძვლად გოგონების შემთხვევაში – ორსულობა, ხოლო ბიჭების შემთხვევაში – ბავშვის დაბადება განისაზღვრება.