,,არავინ იფიქროს, რომ ჩვენი პოლიტიკური ლიდერების ტყვეობით „ლელო – ძლიერი საქართველო“ შეწყვეტს ბრძოლას-ოპოზიცია

რეჟიმი აგონიაშია – არავინ იფიქროს, რომ ჩვენი პოლიტიკური ლიდერების ტყვეობით, „ლელო -ძლიერი საქართველო“ შეწყვეტს ბრძოლას , – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, ლევან სამუშიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც მოსამართლემ ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორც სამუშიამ აღნიშნა, ბადრი ჯაფარიძეც და მამუკა ხაზარაძეც მზად იყვნენ ამ განაჩენისთვის, ქვეყნის გათავისუფლებისთვის.
„დასაბუთებას ნუ მოითხოვთ. დასაბუთება ხდება სამართლებრივ პირობებში. ოდნავ სამართლებრივი არ არსებობს, რის დასაბუთებაზეა საუბარი?! – ბადრი ჯაფარიძესაც, როგორც მამუკა ხაზარაძეს 8 თვით პოლიტიკური ტყვეობა მიუსაჯა რუსულმა რეჟიმმა და ხელისუფლებამ. ყველანაირ საფუძველზე საუბარიც ზედმეტია. მინდა მივმართო მათ, რომ ვერავის შეაშინებთ! ბადრი ჯაფარიძეც, მამუკა ხაზარაძეც, ორივენი მზად იყვნენ ამ განაჩენისთვის. ისინი მზად იყვნენ ყველაფრისთვის ქვეყნის გულისთვის, ქვეყნის გათავისუფლებისთვის. არავინ იფიქროს, რომ ჩვენი პოლიტიკური ლიდერების ტყვეობით, „ლელო -ძლიერი საქართველო“ შეწყვეტს ბრძოლას. ამის იმედი ნურავის ექნება! ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისთვის. ჩვენი ლიდერები, მიუხედავად მათი პოლიტიკური ტყვეობისა, გააგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისთვის. რეჟიმი აგონიაშია. არავის არაფრის ეშინია, ჩვენს ლიდერებს არაფრის ეშინიათ!“- განაცხადა ლევან სამუშიამ.
ჩვენი პასუხი იქნება მეტი ბრძოლა, მეტი შეტევა, მეტი ბრძოლის კერის შექმნა და ამ რეჟიმის დასრულება იმიტომ, რომ ეს რეჟიმი და ქართული სახელმწიფო არ არის და ვერ იქნება თავსებადი ერთმანეთთან , – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” წევრმა გრიგოლ გეგელიამ მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც კოალიციის ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა და ორი წლით თანამდებობის დაკავება შეუზღუდა.
როგორც გეგელიამ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადყოფს იმას, რომ “ქართულ ოცნებას” ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის შეჩერება სურს.
“დღეს ამ რეჟიმს კიდევ ერთხელ დაერქვა ის სახელი, რაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია, ვიცით – ეს არის რუსული, ტერორისტული, ბოროტმოქმედი რეჟიმი, რომელიც ყველა ფორმის თავისუფლებას, ყველა თავისუფალ ადამიანს, ყველა პოლიტიკურ ლიდერს და, ზოგადად, კეთილსინდისიერებასა და პატრიოტიზმს ებრძვის და დევნის.
დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ ორი ეროვნული, პროდასავლელი ლიდერი ამ რეჟიმმა პოლიტიკური მოტივირებული საქმით გაგზავნა ციხეში და ამით კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამ რეჟიმის მიზანი ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური პროცესის სრული და შეჩერება და გადაგვარება.
ჩვენი პასუხი იქნება მეტი ბრძოლა, მეტი შეტევა, მეტი ბრძოლის კერის შექმნა და ამ რეჟიმის დასრულება იმიტომ, რომ ეს რეჟიმი და ქართული სახელმწიფო არ არის და ვერ იქნება თავსებადი ერთმანეთთან”, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
მოსამართლე შარაძის მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს
სოლიდარობა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, “ოცნების” რეჟიმის ყველა პოლიტიკურ პატიმარს , – ამის შესახებ პარტიის “გახარია-საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი.
„არაადეკვატურობის ზღვარზე მყოფი “ოცნება” ოპონენტებს მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით უსწორდება და ამით, კიდევ უფრო იმძიმებს საკუთარ მდგომარეობას და აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
ქართველი ხალხის ბრძოლა არ გაჩერდება. “ოცნების” რეჟიმის ყველა პოლიტიკური პატიმარი მალე იქნება თავისუფალი!“, – ნათქვამია განცხადებაში.
უპირველეს ყოვლისა, ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა მამუკა ხაზარაძეს. ოპოზიციის ლიდერები რეალურად დღეს ისჯებიან იმისათვის, რომ არ უთმობენ ქვეყანას რუსეთს. ასეთი ქვეყანა სურს ივანიშვილს, სადაც თავისუფალი სიტყვა ტყვეობაშია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება მათ ვერაფრით დააშინებს და გატეხს.
„უპირველეს ყოვლისა, ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა მამუკა ხაზარაძეს, ზურა ჯაფარიძეს და ყველას, მადლობა მათ, პირველ რიგში, პასუხისმგებლობისთვის, პრინციპულობისთვის, გამბედაობისთვის. რეალურად დღეს ისინი ისჯებიან ქვეყნის სიყვარულისთვის, პრინციპულობისთვის და იმისათვის, რომ არ უთმობენ ჩვენს ქვეყანას რუსეთს. ასეთი ქვეყანა სურს ივანიშვილს, სადაც თავისუფალი სიტყვა ტყვეობაშია, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა – ვერასოდეს ვერაფრით ვერ დაგვაშინებენ, ვერ გაგვტეხენ და დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ამის. ასეთი ლიდერები ჰყავს ოპოზიციას და ჩვენ ერთიანობით, სულისკვეთებით აუცილებლად მივალთ გამარჯვებამდე“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, უკანონოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, უბრალოდ ბიძინას ასე ეხუშტურება, გადაწყვიტა და ეს ადამიანი ტყვეობაში უნდა გაუშვას – ამ ყველაფრის შემდეგ, აქედან ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს – ეს არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამხობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
ხაბეიშვილმა ოპოზიციურ სპექტრს ერთობისკენ მოუწოდა.
„ბიძინა ივანიშვილს მუდმივად განვიხილავთ, რომ იქნებ ნორმალური ადამიანის მსგავსია და იქნებ ამას არ გააკეთებს, ამდენს როგორ დაიჭერს, კაცო? იჭერს. ყველა დღე, ყოველი საათი ველოდებით ვის დაიჭერენ, ვის გამოუტანენ განაჩენს. ქალბატონებს აკავებენ, 19 წლის ბავშვებს ციხეში უშვებენ, პოლიტიკოსებს აკავებენ. ამიტომ, ამ ყველაფრის შემდეგ, აქედან ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს – ეს არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამხობა. მოვუწოდებ მთელ საქართველოს, პოლიტიკურ სპექტრს, ვინც გარეთ რჩებით ჯერჯერობით, ვისაც ციხეში უწევს ყოფნა, სხვა გზა უბრალოდ არ გაგვაჩნია, გარდა ერთობისა და ეს ერთობა შემდეგ უნდა გადაიზარდოს დიდ მობილიზებაში. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 4 ოქტომბერს ბუნებრივი „დედლაინია“. ისინი აპირებენ სპექტაკლის, არჩევნების ჩატარებას. პარალელურად, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, ახალგაზრდები ციხეში ტყვეობაში უნდა იყვნენ. ამიტომ, ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი „დედლაინი“, როცა საქართველოს ასიათასობით მოქალაქე უნდა გამოვიდეს ქუჩაში და ძალაუფლება ხალხმა დაიბრუნოს. ბიძინა ივანიშვილის დამხობის გარეშე მისი ტაბლოთი ხელში, მისი სუს-ით, მისი შსს-თი ვერ მოვერევით. ის არ ჩაატარებს ამ ქვეყანაში არჩევნებს, მან უკვე გააუქმა არჩევნები ამ ქვეყანაში.
მიუხედავად განსხვავებული პოზიციების, სოლიდარობა ყველა ამ ადამიანს, ვისაც უკანონოდ უშვებენ ციხეში. თქვენ ხომ იცით, რომ ბევრ რამეში გვქონდა განსხვავებული პოზიცია. ცხადია, სოლიდარული ვარ ამ ადამიანების. აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, უკანონოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, უბრალოდ ბიძინას ასე ეხუშტურება, გადაწყვიტა და ეს ადამიანი ტყვეობაში უნდა გაუშვას“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილმა ისაუბრა, ასევე გიორგი გახარიაზეც და აღნიშნა, რომ „გახარია გადააგდო ივანიშვილმა და დაჭერას უპირებს“.
„ეს კლასიკური მაგალითია. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ვინც ქვეწოლასაც კი ექვემდებარება, ის მაინც მზად არის, ყველა გარიგება უარყოს, ყველაფერი ფეხებზე დაიკიდოს და მაინც დაიჭიროს. მეც მქონდა მუდმივად განცდა, მოუხედავად გარიგების, რომელიც შესაძლოა გახარიასა და ივანიშვილს შორის იყო და მგონია, რომ იყო, ივანიშვილი უბრალოდ გადამგდებია. ასე ჩანს, გახარია „გადააგდო“ ივანიშვილმა და დაჭერას უპირებს. ბიძინას ფსიქოლოგია ასეთია – შეგითანხმდება, გაგანადგურებს მათ შორის, პოლიტიკური მიმართულებით, ხელს აგაღებინებს ღირსებაზე, მერე დაგიჭერს. დარწმუნებული ვარ, გახარიასთან მიმართებითაც ალბათ, ასე იქნება. დაიჭერს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მათ 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. მანამდე, დღეს დილით განაჩენი გამოცხადდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზეც. მას საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.