მნიშვნელოვანისიახლეები

არავის არაფერი გაუკეთებიათ-ევროინტეგრაციის გზაზე ყველა წარმატება ოცნების “ექსკლუზივია”

არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ჩვენს კრიტიკოსებს, ოპოზიციას არაფერი არ გაუკეთებია ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ დამსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სჯერა, რომ ევროპელ მეგობრებს ექნებათ საკმარისზე მეტი არგუმენტაცია იმისთვის, რომ ქვეყანას დამსახურებული სტატუსი მიანიჭონ.

„ბოლოს მინდა შევახსენო – არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ჩვენს კრიტიკოსებს – ოპოზიციას არაფერი არ გაუკეთებია ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ დამსახურება – ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა. მე მჯერა, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ექნებათ საკმარისზე მეტი არგუმენტაცია, იმისთვის, რომ ქვეყანას მიანიჭონ დამსახურებული სტატუსი,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, 2012 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება“, – ამ განცხადებას ღარიბაშვილის შემდეგ, უკვე მერი კალაძე აკეთებს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, აკეთებს ევროინტეგრაციისთვის:

„ევროინტეგრაციის გზაზე თუ ვინმემ რამე წინგადადგმული ნაბიჯი განახორციელა და ხელშესახები გააკეთა, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, თავის ხელისუფლებასთან ერთად, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე, უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ რეფორმებს, გავაგრძელებთ იმ ყველაფრის კეთებას, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროპასთან და მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა…

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რომ ევროინტეგრაციის რთულ გზაზე ქვეყანამ მიიღოს შესაბამისი ბენეფიტები, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროკავშირს და გავხდეთ იმ დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. გარდა ამისა, უნდა გავიხსენოთ პრეზიდენტის ძალიან მძიმე განცხადებები, როდესაც ის პირდაპირ საუბრობდა, რომ საქართველო არ იმსახურებდა სტატუსს. როდესაც ასეთი ადამიანი მიდის, რა თქმა უნდა, ჩნდება ეჭვი, რომ ის იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ღარიბაშვილმა დღეს, ბოლო 10 წელში, ევროინტეგრაციის გზაზე ყველა წარმატებას ოცნების “ექსკლუზივი” უწოდა.

“საქართველოს მთავარი პრობლემა პოლარიზაციაა… ადამიანები საკუთარი პარტიების სახელით საუბრობენ, ყველა ამბობს, რომ ევროინტეგრაცია სურს, მაგრამ ამ საკითხზე ერთად მუშაობა არ შეუძლიათ”, – ამის შესახებ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერეციაზე ნატოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, კურტ უოკერმა ისაუბრა.

“ვფიქრობ, საქართველოს მთავარი პრობლემა არის პოლარიზაცია, ანუ ის, რომ ადამიანებს ერთად მუშაობა არ შეუძლიათ. თუ სიტუაციას გვერდიდან შეხედავ, დაინახავ, რომ საქართველოს აშკარა ინტერესებშია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, რაც ქვეყანას უფრო წარმატებულად აქცევს და გაამდიდრებს. ასე მოხდა ევროპულ ქვეყნებში. საქართველოში კი ადამიანები საკუთარი პარტიების სახელით საუბრობენ, ყველა ამბობს, რომ ევროინტეგრაცია სურს, მაგრამ ამ საკითხზე ერთად მუშაობა არ შეუძლიათ”, – თქვა კურტ უოკერი.
რაც შეეხება “ქართული ოცნების” მიერ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებაზე უოკერი ამბობს, რომ ეს მთავარი პრობლემიდან ყურადღების გადატანას იწვევს.

რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ჩემი გამოცდილებით, ეს მთავარი პრობლემიდან ყურადღების გადატანას იწვევს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ცდილობს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციაში დაეხმაროს და სწორედ ეს სურს ყველა სხვას საქართველოში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მნიშვნელოვანია ამ მიზნისთვის ერთად მუშაობა.

ნამდვილად ვერ უარვყოფთ, რომ საქართველოში ბევრი რუსი შემოვიდა და მათი უმრავლესობა პუტინიზმს გამოექცა. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი პუტინის წინააღმდეგნი არიან, უბრალოდ მათ არ მოსწონთ პუტინიზმის ეფექტი მათ ცხოვრებაზე. ეს, ბუნებრივია, ახდენს გარკვეულ გავლენას საქართველოს საზოგადოებაზე, რადგან რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.

ვფიქრობ, მთავარი ახლა არის, რომ უკრაინამ რუსეთთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწიოს და ეს შემდეგ აუცილებლად მოუტანს წარმატებას საქართველოსაც. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე მოხდება. მე მჯერა, რომ პუტინი დამარცხდება, რომ ის ვერ შეინარჩუნებს მიტაცებულ ტერიტორიებს და ასევე მჯერა, რომ ის ვერ დარჩება რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე. ასე რომ, საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს ყველაფერი, რომ არ ჩამორჩეს მოვლენებს”, – ამბობს კურტ უოკერი.

ჩემი აზრით, ყველა ნაბიჯი, რომელიც ამ მთავრობამ გადადგა, იყო მიმართული ევროკავშირის წევრობის პერსპექტივისთვის ძირის გამოსათხრელად – აცხადებს ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, რომელიც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება.

პავილიონისი “ოცნებისა” და იანუკოვიჩის მმართველობას შორის ავლებს პარალელს და ამბობს, რომ საქართველო, რომელიც ლიდერი იყო ევროინტეგრაციის მხრივ, ახლა უკვე ჩამორჩება ამ გზას:

“ეს მხოლოდ ახლა არ მომხდარა. ჩემი აზრით, ყველა ნაბიჯი, რომელიც ამ მთავრობამ გადადგა იყო მიმართული ევროკავშირის წევრობის პერსპექტივისთვის ძირის გამოსათხრელად.

ლიეტუვაში მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნება იქცევა, როგორც გვიანდელი იანუკოვიჩი, როდესაც ცდილობს დასავლეთს დააბრალოს ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება, რომ ჩვენ დაგვბრალდეს, თითქოს საქართველოს ხელი ვკარით და ქვეყანა სრული სვლით წავიდეს რუსეთისკენ და ჩინეთისკენ. საქართველო ლიდერი იყო ევროინტეგრაციის მხრივ, დღეს კი ჩამორჩა და ვშიშობთ, რომ საერთოდ გამოეთიშება რბოლას.

ჩვენ ევროკავშირში რთული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ, მივანიჭოთ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ვიცით, რომ ქართველი ხალხი ჩვენს გვერდით დგას და ქართველი მეომრებიც თავს სწირავენ უკრაინელების მხარდამხარ. ამიტომ, გული გვტკივა, რადგან გვინდა, რომ ეს სტატუსი მივცეთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა ამ მთავრობას, რომელიც მას არ იმსახურებს.

იგივე ხდება ნატოსთან დაკავშირებითაც. საქართველო იყო უპირველესი კანდიდატი და ახლა მას უკრაინამ გადაასწრო. უკრაინა ერთ ნაბიჯში დგას ნატოს წევრობიდან და მხოლოდ მოწვევა დარჩა. ჩვენ სწორედ ამისთვის ვიბრძვით და როდესაც უკრაინა რუსეთს დაამარცხებს, საქართველოს პერსპექტივებიც გაიზრდება, თუმცა ეს მოხდება არა საქართველოს ამ მთავრობის, არამედ იმ მეომრების დამსახურებით, რომლებიც სისხლს ღვრიან უკრაინაში,” – თქვა პავილიონისმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე და დიპლომატი დენიელ ფრიდი აცხადებს, რომ თუ ქართველები აირჩევენ დემოკრატიულ გზას, მას ყველანაირად დაეხმარებიან, ხოლო თუ რუსულ გზას აირჩევენ, ვერაფერს იზამენ.

ფრიდი ასევე აღნიშნავს, რომ ის და მისი მეგობრები ევროკავშირსა და აშშ-ში მხარს უჭერენ საქართველოს გაწევრიანებას ევროპულ ოჯახში და სურთ, რომ ეს ქვეყანა ევროპის ნაწილი იყოს.

“მე და ყველა ჩემი მეგობარი ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ევროპულ ოჯახში და გვინდა, რომ ეს ქვეყანა ევროპის ნაწილი იყოს. თუმცა, საკითხავი არის ის, აკეთებს თუ არა საამისოდ ყველაფერს საქართველოს მთავრობა. საქართველოს შეუძლია იცხოვროს როგორც ევროპულმა ქვეყანამ და შეუძლია იცხოვროს ისე, როგორც რუსეთი ცხოვრობს და არა მგონია, ჩემგან სჭირდებოდეთ ქართველებს ახსნა, თუ რას ნიშნავს ეს. საქართველომ უნდა ჩაატაროს რეფორმები საკუთარ სახლში და ეს მოუტანს მას ევროპულ მომავალს. გარდა ამისა, ერს გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებას.

საქართველო არის დაუცველი იმიტომ, რომ რუსეთი არის აგრესორი, რომელიც ახლა აგრესიულ ხასიათზეა. საქართველოში ბევრი რუსი ცხოვრობს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ ომს გაექცა, თუმცა მათ შორის არის ბევრი ისეთი, როგორებიც იყვნენ გერმანელი ტურისტები ავსტრიასა და ჩეხოსლოვაკიაში 1930-იან წლებში და ასეთ ადამიანები საქართველოსთვის კარგ საქმეებს არ გააკეთებენ. ჩვენ არ გვაინტერესებს, რომელი პარტია მოიგებს აქ არჩევნებს. ჩვენ გვაინტერესებს, იქნება თუ არა საქართველო დემოკრატიული ქვეყანა. თუ ქართველები აირჩევენ დემოკრატიულ გზას, ჩვენ მას ყველანაირად დავეხმარებით, თუ რუსულ გზას აირჩევენ, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ,” – აცხადებს ფრიდი.

ევროკავშირის მაღალჩინოსნები სულ უფრო ხშირად ასახელებენ 2030 წელს ახალი წევრების მიღების საორიენტაციო ვადად. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ წარმოქმნილ გაფართოების ახალ ტალღაში მოხვედრის თეორიული შანსი საქართველოსაც აქვს. გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

მსგავსი პოსტები

Back to top button