მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტი შეერთებულ შტატებში გრძელდება

ისტორიული ვიზიტი შეერთებულ შტატებში. უკვე მეორე დღეა, ვოლოდიმერ ზელენსკი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს. უკრაინის პრეზიდენტი მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოებში ყველაზე გარდამტეხ დროს ჩადის. შეერთებული შტატების კანონმდებლებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რომელიც დიდი გავლენას მოახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე, შესაძლოა სწორედ ვოლოდიმერ ზელენსკის ამ ვიზიტმა გადაწყვიტოს რუსეთ-უკრაინის ომის შედეგიც. უკრაინის ლიდერი დღეს შეეცდება დაარწმუნოს ამერიკელი კანონმდებლები ყველაზე დიდი დახმარების გამოყოფაში. დღესვე იგეგმება ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტისა და დასავლური სამყაროს ლიდერის პირისპირ დიალოგიც.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სამშაბათს თეთრ სახლში მასპინძლობს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ყურადღების ცენტრშია მიმდინარე ბრძოლა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და ვაშინგტონის მხრიდან კიევის დახმარების გაგრძელება.
ზელენსკი სამხედრო-სამრეწველო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და ევროპის თავდაცვის ჰაბის შექმნის იდეაზე ისაუბრა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზელენსკის განცხადებით, ასეთი კერა უკრაინის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს, რადგან ქვეყანას ომის შედეგად შეძენილი დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვს.
უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა იდეის განსახორციელებლად, ასევე სწრაფი გადაწყვეტილებების მისაღებად და ბიუროკრატიული პროცედურების გასამარტივებლად.

ზელენსკი თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსაც შეხვდა. ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ კვლავ შეუძლია დაეყრდნოს ამერიკას და მოუწოდა კონგრესს, არ ითამაშონ პუტინის სასარგებლოდ.

“მთელი მსოფლიო გვიყურებს და აკვირდება, რა ბედი ელის სხვა თავისუფალ ერებს, იცხოვრონ თავისუფლად ან იყვნენ მორჩილებაში. უკრაინა არ დანებებულა და არც დანებდება. ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და თქვენ შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ. ასევე, უკრაინაც იმედოვნებს, რომ თქვენი იმედი შეგვიძლია რომ გვქონდეს. როდესაც თავისუფალი სამყარო ყოყმანობს, სწორედ მაშინ ზეიმობს დიქტატურა და ეს ყველაზე საშიში ამბიციებია. მნიშვნელოვანია, პოლიტიკამ არ უღალატოს ჯარისკაცებს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ამერიკა თავისუფლების დაცვაში უკან არ დაიხევს.

“ამერიკის ვალდებულება უკრაინის მხარდასაჭერად და რუსული აგრესიის წინააღმდეგ ურყევია. ჩვენ ყველამ უნდა გადავწყვიტოთ, სად ვიდგებით. მზად ვართ, დავეხმაროთ უკრაინას თავისი ტერიტორიისა და მოქალაქეების დასაცავად ბრძოლაში. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, შევაკავოთ რუსეთი ნებისმიერი შემდგომი აგრესიისგან, მათ შორის – ნატოს მოკავშირეების წინააღმდეგ. ჩვენ გადავწყვიტეთ ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ამერიკა თავისუფლების დაცვაში უკან არ დაიხევს”, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
აშშ-ის თავდაცვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ დახმარება გაგრძელდება:

“ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა 37 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღეს უკრაინის უსაფრთხოებისთვის. ეს კოალიცია ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან განსხვავებას ქმნის. უკრაინამ უკვე დაიბრუნა ნახევარზე მეტი იმ ტერიტორიისა, რომელიც რუსეთმა თებერვლის შემდეგ მიიტაცა და რუსული სამხედრო ძალა მნიშვნელოვნად დასუსტდა. პუტინს სურდა უკრაინელი ხალხის დემორალიზება. ნაცვლად ამისა, მან საკუთარი ჯარისკაცების დემორალიზება მოახდინა. ამიტომ, ჩვენ და ჩვენი პარტნიორები გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, რათა ბრძოლის ველზე მეტი წარმატება იყოს.” აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

შეგახსენებთ წინა კვირაში რესპუბლიკელმა სენატორებმა დაბლოკეს თეთრი სახლის მოთხოვნა, 106 მილიარდი დოლარი გამოყონ უკრაინისა და ისრაელისთვის საგანგებო დახმარების სახით. ბაიდენის ადმინისტრაციამ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის მთავრობას აღარ ექნება სახსრები უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად. კონსერვატორების თქმით, ისინი უარს იტყვიან დახმარების ამ პაკეტის დამტკიცებაზე, თუკი დემოკრატები და თეთრი სახლი არ დათანხმდებიან მასშტაბურ რეფორმებს იმიგრაციის სფეროში.

ამერიკის მედიის ცნობით, გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯეიმს ლენკფორდმა ორშაბათს განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე შეთანხმების მიღწევა, როგორც ჩანს, ვერ მოხერხდება. არადა კონგრესის არდადეგებამდე სამი დღე რჩება.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა შეასუსტებს მის თავდაცვისუნარიანობას. Wall Street Journal-ის ფორუმზე გამოსვლისას სალივანმა თქვა, რომ თუკი დახმარება შეწყდება, ეს უკრაინას ხელს შეუშლის იმაში, რომ შეინარჩუნოს ტერიტორიები, მით უმეტეს გაუჭირდება რუსეთის მიერ ხელში ჩაგდებული მიწების დაბრუნება.

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 41% მხარს უჭერს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, 32% წინააღმდეგია, დანარჩენებს გაუჭირდათ პასუხის გაცემა.

ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი „კრიტიკულ დროს“ ხდება, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბიმ აღნიშნა, რომ ახლა „ძალიან ზუსტი დროა” უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტისთვის, არა მხოლოდ რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან გაზრდილი აქტიურობის, არამედ კონგრესში არსებული ვითარების გამო.

„ეს შანსია პრეზიდენტისთვის, პრეზიდენტ ზელენსკისგან ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ გაიგოს, ასევე [შანსია] ძალიან ნათელი გავხადოთ პრეზიდენტ ზელენსკისთვის, უკრაინელი ხალხისთვის, რომ მათი მხარდაჭერის გაგრძელებას ვაპირებთ, განსაკუთრებით ასეთ რთულ დროს, ვინაიდან ზამთრის მოახლოებასთან ერთად ახლა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან დრონებითა და რაკეტებით გაზრდილ თავდასხმებს ვხედავთ,” – განაცხადა კირბიმ.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შედეგები სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას ვერ შეცვლის და ათეულობით მილიარდი დოლარი კიევს ვერ დაეხმარება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ყველასთვის მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ უკრაინაში ჩასული ათობით მილიარდი დოლარი არ დაეხმარა მას ბრძოლის ველზე რაიმე წარმატების მიღწევაში. დანარჩენი ათეულობით მილიარდი დოლარი, რაც უკრაინას სურს, ასევე განწირული იქნება იმავე ფიასკოსთვის, ჩვენ კარგად გვესმის ეს პროცესი. ეს ვერ შეცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე და ვერც სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.

ამასთან, პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი ყურადღებით დააკვირდება აშშ-ისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრას.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით“, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში გუშინ, 11 დეკემბერს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში გამოსვლის დროს თქვა, რომ კონგრესში გადაუწყვეტელი საკითხები მხოლოდ რუსეთის პრეზიდენ პუტინს შთააგონებს.

ცნობისთვის, კონგრესი ვერ ახერხებს უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებას რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო.

მსგავსი პოსტები

Back to top button