,,არჩევნები გაყალბებულია სახელმწიფო კი მიტაცებული,-კობახიძეს და ყაველაშვილს ვერანაირი მილოცვა ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას,,-ოპოზიცია

ლეგიტიმაციის მინიჭება რაღაც ერთი წერილით არ ხდება, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგი წერეთელი გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მიერ ირაკლი კობახიძისთვისა და მიხეილ ყაველაშვილისთვის მილოცვას.
წერეთლის თქმით, ანტონიო გუტერეშის ეს მილოცვა მისთვის მოულოდნელი იყო.
„პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ გაერო-ს ეს წერილი და რაღაც ჟესტი ამოვარდნილია იმ საერთო კონტექსტიდან და საერთო განწყობიდან, რაც საერთაშორისო თანამეგობრობაშია. ევროკავშირში, ამერიკის შეერთებული შტატებში ცნობაზე და ლეგიტიმაციაზე კი არა, ყოველდღიურად სანქციებზეა საუბარი.
ეს ნამდვილად არაფერს ცვლის, რადგან პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის განწყობა არ იცვლება. სიმართლე რომ ვთქვა, რაც ხდება და როგორც მიდის ეს პროცესი, არ იყო მართლაც მოსალოდნელი ამ შემთხვევაში, გაერო-ს მხრიდან იქნებოდა ამგვარი გადაწყვეტილება, მაშინ როცა სხვა ორგანიზაციებში ვხედავთ როგორი შეხედულებებია, როგორი კრიტიკაა, როგორი განცხადებები ისმის და როგორ სანქციებზეა საუბარი. არ ვფიქრობ, რომ ამას რამე მნიშვნელოვანი შედეგი უნდა ჰქონდეს და დიდი სიხარული გამოიწვიოს. აქ ყველა ფოტოს გადაღება, ან შეხვედრა რომელიმე საელჩოსთან დე-ფაქტო ხელისუფლებაში აღფრთოვანებას იწვევს, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ ამ ნაბიჯებით, ამ პოლიტიკით არაფერი შეიცვლება”,- განაცხადა წერეთელმა.
ანტონიო გუტიერეში კობახიძეს და ყაველაშვილს თანამდებობებზე დანიშვნას ულოცავს
ირაკლი კობახიძეს ვერანაირი მილოცვა ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას, – ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მიერ ირაკლი კობახიძისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნის მილოცვას.
როგორც კუპრაძე განმარტავს, ეს ფაქტი არაფერს ნიშნავს.
„არაფერს ნიშნავს იმ მარტივი მიზეზის გამო, ეს არჩევნები გაყალბებულია და სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია. დღეს, „ქართული ოცნება“, როგორც რუსული რეჟიმი, კანონგარეშე მოცემულობაში იმყოფება, რომელთა თანამდებობის პირები, მოსამართლეები, პროკურორები დასანქცირებული არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ეს მოცემულობა ერთადერთ დასკვნას დებს, რომ ამ ვითარებაში საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება არ ჰყავს და ვერ ეყოლება, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება და დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების პირობებში არ გადაწყდება ვინ არის ამ ქვეყნის რეალური მმართველი”,- განაცხადა კუპრაძე.
გაერო-ს გენერალური მდივნის ამ წერილში განსაკუთრებული არაფერი არ არის, – ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსთან“ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მიერ ირაკლი კობახიძისა და მიხეილ ყაველაშვილისთვის მილოცვას.
ვაშაძის თქმით, ეს მილოცვა ლეგიტიმაციის მინიჭებას არ ნიშნავს.
„ზოგადად, გაერო განსხვავებული ტიპის ორგანიზაციაა, რომელიც ავტორიტარულ, დიქტატორულ, ყველა ტიპის სახელმწიფოსთან ურთიერთობს და მოქმედებს. მისი მანდატიც ესაა, რომ ყველა ტიპის რეჟიმებთან აწარმოოს ურთიერთობა. პირდაპირ გეტყვით, ვერ ნახავთ, რომ გაერო-სთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული სამუშაო გვქონდა, პოლიტიკურ პარტიებს ვგულისხმობ, რომლებიც არაღიარებაზე აქტიურად ვმუშაობთ. თუ მეკითხებით ეს რამეს გამოიწვევს თუ არა აღიარების კუთხით, პირდაპირ გეუბნებით – არა. ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია და სერიოზული ჩიხია, არეულობა, უბედურება მოიტანეს და ერთადერთი, რაც ამას უშველის ახალი არჩევნებია, სხვა არაფერი”,- განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.
როგორც გუტერეში მისალოც წერილში აღნიშნავს, საქართველო გაერო-ს ღირებული პარტნიორია და მოუთმენლად ელოდება თანამშრომლობის გაღრმავებას.
„თქვენო აღმატებულებავ, მინდა, მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება.
გაერთიანებული ერების ღირებული პარტნიორია საქართველო და მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას საერთო მიზნების მისაღწევად. ერთად შეგვიძლია, გავაძლიეროთ 2030 წლის დღის წესრიგში და მომავლის პაქტში ასახული პრინციპები და იმავდროულად, ვიმუშაოთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, გენდერული თანასწორობის და ინკლუზიურობის ხელშეწყობაზე, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე. ვემხრობი ამ მიზნებისადმი ერთგულების განახლების იდეას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით.
წარმატებებს გისურვებთ თქვენი მოვალეობების შესრულებაში!
თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი უდიდესი პატივისცემის დასტური“, – ნათქვამია ანტონიო გუტერეშის მილოცვაში.