მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

არჩევნების დღეს ჩვენი დამკვირვებლების მანქანა 40-მდე “კუნთმაგარმა” პირმა დააზიანა-PACE

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების ანგარიშს აქვეყნებს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) ანგარიშის თანახმად, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს მისი სადამკვირვებლო მისიის წევრების ავტომობილს საბურავები გაუხვრიტეს და მანქანა დააჯახეს.

ეს წერია PACE-ს ანგარიშში, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 2025 წლის 27 იანვარს განიხილავს სტრასბურგში, ზამთრის სესიაზე.

ანგარიშის თანახმად, ინციდენტი, რომელსაც PACE „მიუღებელს“ უწოდებს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მოხდა.
“სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში მდებარე საარჩევნო უბანზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გუნდის დაკვირვების დროს მიუღებელი ინციდენტი მოხდა. საარჩევნო უბნის გარეთ, გუნდის მანქანა განზრახ დააზიანა დაახლოებით 40 კუნთმაგარი და არამეგობრული პირისგან შემდგარმა ჯგუფმა. საბურავი გახვრიტეს და დაზიანებულ მანქანაზე ძველი მანქანის შეჯახებით სცადეს, ინციდენტი შემთხვევითობად წარმოეჩინათ”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

„[ავტომობილს] საბურავი გაუხვრიტეს, რის შემდეგაც დამნაშავეებმა სცადეს, მოეხდინათ ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება, რისთვისაც უკვე დაზიანებულ მანქანას შეაჯახეს ძველი ავტომობილი“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში ხაზგასმულია რიგი საკითხებისა, რომლებმაც, PACE-ს შეფასებით, „მნიშვნელოვნად გამოუთხარა ძირი საარჩევნო პროცესის სამართლიანობას და მისი შედეგების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენა“.

მათ შორისაა:

ანგარიშის თანახმად, ეს დარღვევებია:

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა – რაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა საარჩევნო უბნების მეოთხედზე დააფიქსირეს
სახელმწიფო ინსტიტუტების პოლარიზება – კითხვის ნიშნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით
არათანაბარი სათამაშო პირობები – მმართველი გუნდის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება
დაშინებისა და ზეწოლის ფართოდ გავრცელებული კლიმატი – როგორც ამომრჩევლებზე, ასევე აქტივისტებზე
კონტროლირებადი გარემო – “დიდი ძმა გიყურებს” ატმოსფერო, რაც შექმნა ქართული ოცნების მიერ საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების დამონტაჟებამ
დემოკრატიული უკუსვლა – რაც გამოიწვია ბოლო დროს მიღებულმა კანონმდებლობებმა, რომელიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას
ანგარიშის თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა “მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოავლინოს ძლიერი და ჭეშმარიტი პოლიტიკური ნება არჩევნებზე დაკვირვების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად”.

23 დეკემბერს საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა „საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ (IRI) და განაცხადა, რომ „საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი“.
არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნა 20 დეკემბერს გამოაქვეყნა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმაც (ODIHR).

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეუთოს ანგარიში „უკიდურესად კრიტიკულია“ და ის კიდევ ერთი საფუძველია, რომ „საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს“.

ამავე აზრზე არიან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტია.

მსგავსი პოსტები

Back to top button