არჩევნებში მონაწილეობა პატრიოტული გრძნობის გამოვლინებაა-პუტინი
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა პატრიოტიზმის გამოვლინებაა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„პირდაპირ ვიტყვი, არჩევნებში მონაწილეობა პატრიოტული გრძნობის გამოვლინებაა. დონბასისა და ნოვოროსიის მაცხოვრებლებს, რომლებმაც რეფერენდუმებში რუსეთთან გაერთიანებას ხმა რთულ პირობებში მისცეს, ეს კარგად ესმით და ამ დღეებში არჩევანს გააკეთებენ.
კენჭისყრაში მონაწილეობას ფრონტის ხაზზე მყოფი ჩვენი ჯარისკაცებიც მიიღებენ. ისინი სამშობლოს იცავენ, სიმამაცესა და გამბედაობას აჩვენებენ და არჩევნებში მონაწილეობის მიღებით ყველა ჩვენგანს მაგალითს გვაძლევენ“, – აღნიშნა პუტინმა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები 20 ქვეყნის პარლამენტიდან – ევროპის ათეულობით ქვეყანა, ასევე აშშ, კანადა და ისრაელი – უერთდებიან განცხადებას, რომლითაც არ აღიარებენ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას. ხელმომწერები ხაზს უსვამენ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. არჩევნების ჩატარება ოკუპაციის ლეგიტიმაციის მცდელობაა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ორგანიზებული არჩევნები ემთხვევა ყირიმის უკანონო ანექსიის 10 წლისთავს, რაც აშკარა პროვოკაციაა.
“ჩვენ მტკიცედ ვგმობთ რუსეთის იმპერიალისტურ ქმედებებს და მის მუდმივ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ”, – ნათქვამია დოკუმენტში.
განცხადებაში ხაზგასმულია უკრაინის მუდმივი და ყოვლისმომცველი მხარდაჭერის აუცილებლობა და ნათქვამია, რომ ეს მხარდაჭერა წარმოადგენს კრიტიკულ კონტრზომას კრემლის რეპრესიული და აგრესიული რეჟიმის წინააღმდეგ.
“ჩვენ ცალსახად უარვყოფთ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას. რუსეთის ასეთი ქმედებები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე არის სრულიად არალეგიტიმური და არ იქნება აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას უერთდება: ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ლუქსემბურგი, ჩეხეთი, დანია, ირლანდია, პოლონეთი, გერმანია, იტალია, უკრაინა, მოლდოვა, ისლანდია, ესპანეთი, რუმინეთი, გაერთიანებული სამეფო, ისრაელი, ბელგია, აშშ, კანადა.
შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდება. არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი მონაწილეობს : ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი და ვლადისლავ დავანკოვი.