მნიშვნელოვანისიახლეები

,,არჩევნებზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ გუნდი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს,,-ივანიშვილის დაპირება კახელებს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გუნდი მზადაა, ქვეყანა ისეთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელზე გადაიყვანოს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს.

ამის შესახებ მან 28 სექტემბერს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

„ესაა ბრძოლა ჩვენი დიდი ხნის ნატვრის ასასრულებლად – კვლავ გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო, თუმცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საფუძველზეა შესაძლებელი!

ამ საკითხთან დაკავშირებით უცხო ქვეყნების აგენტებისა და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება ნათლად გვიჩვენებს მათ რეალურ მიზანს – საქართველო მუდმივი კონფლიქტისა და დაპირისპირების რეჟიმში იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მზადება, პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გადის.

26 ოქტომბერს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გუნდს გვაქვს მზაობა, რომ საჭირო მომენტში, ქვეყანა საკონსტიტუციო მოწყობის ისეთ მოდელზე გადავიყვანოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ავიხდინოთ ჩვენი მრავალწლიანი ოცნება – კვლავ ვიხილოთ ერთიანი და ძლიერი საქართველო!“, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

14 სექტემბერს, გორში სიტყვით გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, „როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, საზოგადოება გამოძებნის ძალას, რათა ბოდიში მოიხადოს იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები”.

მის ამ განცხადებას კრიტიკური შეფასებები მოჰყვა როგორც ოპოზიციის, ისე დევნილების, ომში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეებისა თუ მებრძოლების ოჯახის წევრების მხრიდან.

მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება რუსმა პროპაგანდისტებმა შეაქეს.

28 სექტემბერს, თელავში სიტყვით გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოპოვების შემთხვევაში, დღის წესრიგში დადგება „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და, ამავდროულად, მათი „უმკაცრესად გასამართლების საკითხი“.

კიდევ ერთ პირობას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი კოსტიტუციური უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში დებს, ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის ასახვა საქართველოს კონსტიტუციაში.

მისივე სიტყვებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, საბოლოოდ დაასრულებს სხვადასხვა, მათ შორის, უცხოური ძალების მიერ „მოსახლეობისთვის ფსევდოღირებულებების თავს მოხვევის ძალადობრივ მცდელობებს, რაც ოჯახის, ეროვნულობის, რწმენის და საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული!“

ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს და დღის წესრიგში დააყენოს „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების, ამავდროულად კი უმკაცრესად გასამართლების საკითხი. პირობას გაძლევთ, რომ ამ პროცესს წინ ვერაფერი დაუდგება! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომსა და ამ მოვლენებში „ნაცმოძრაობის“ პასუხისმგებლობაზე საუბრისას აღნიშნა, „ჩვენი ქვეყანა ვერასოდეს გაიმართება წელში, თუ ამ ღალატს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ მიეცემა.“

მისივე განცხადებით, წინა ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს წლების განმავლობაში ჩადენილ სხვა უმძიმეს დანაშაულებზეც და ქართული საზოგადოება საბოლოოდ უნდა გათავისუფლდეს ამ პოლიტიკური ძალისგან.

„გარდა ამისა, ამ უსამშობლო ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა აგოს წლების განმავლობაში ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზე: საკუთარი მოქალაქეების წამებასა და მკვლელობაზე, ბიზნესის რეკეტზე, ქვეყანაში გამეფებულ კორუფციაზე. ქართულმა საზოგადოებამ უნდა მოიკვეთოს ეს პოლიტიკური სარკომა საკუთარი სხეულიდან, თუ გვინდა, რომ მოჯადოებულ, ჩაკეტილ წრეზე აღარ გავაგრძელოთ სიარული.

დღეს ყველა თვალნათლივ ვხედავთ, რომ ეს რადიკალური ძალა, მის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური, არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციები უცხო ძალის ინტერესს ატარებენ და ცდილობენ, რომ საქართველო ომის უბედურებაში გახვიონ. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში 2008 წლის აგვისტოს ომი მონაგონი იქნება. ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალები, ადგილობრივი აგენტურის ხელით საქართველოს რუკიდან გაქრობას უპირებენ. ემზადებიან იმისათვის, რაც ვერც ერთმა დამპყრობელმა ვერ მოახერხა საუკუნეების მანძილზე!

ამის პატიება როგორ შეიძლება?! როგორ შეიძლება ამაზე საკადრისი პასუხი არ მოვთხოვოთ ხალხს, რომელთა მთავარი მიზანი ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად დაბრუნება და საქართველოს ომის ქარ-ცეცხლში გახვევაა?!“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში მართლმადიდებლური ეკლესიის დაცვისა და გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილ ნაბიჯებზე ისაუბრა.

ივანიშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი, არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის სხვა რომელიმე რელიგიურ კონფესიას.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, აუცილებლად დავაყენებთ დღის წესრიგში – მზად ვართ გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის და გაძლიერების მიმართულებით და მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს კონსტიტუციაშიც ავსახოთ!

თუმცა, ნურავინ იფიქრებს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გამოკვეთით, რომელიმე რელიგიურ კონფესიას რაიმე ტიპის პრობლემა შეიძლება შეექმნას; პირიქით, ჩვენი ქვეყანა სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხს ერთმანეთის რელიგიის უდიდესი პატივისცემა გვაქვს, სახელმწიფო კი თანაბრად ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე, განურჩევლად მისი ეროვნებისა და აღმსარებლობისა. საქართველოში მოქმედი კონფესიების დაცვისა და თავისუფლების გარანტი, როგორც დღემდე, შემდგომშიც, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქნება!“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა თელავში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი პოსტები

Back to top button