მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

არჩილ თალაკვაძე “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგებს დიალოგისკენ მოუწოდებს

„ნამოხვანჰესის“ მსგავსი პროექტების გაჩერება და მისი დაბლოკვა შედის ჩვენი მტრების, ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე – სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე პროტესტის ორგანიზატორებს დიალოგში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს სტრატეგიული პრიორიტეტი გახლავთ ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა, ელექტროენერგიის გამომუშავების გაზრდა. განახლებადი ენერგიის მოხმარების ნებისმიერი თანამედროვე პროექტი ემსახურება საქართველოს ეკონომიკის და ენერგეტიკის გაძლიერებას. მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ყველა მთავარ მოთხოვნაზე, რაც ორგანიზატორებს ჰქონდათ, პრემიერ-მინისტრმა სამართლიანი პასუხები გასცა.

პირველი – მოხდება გარემოს შეფასების საკითხის კიდევ ერთხელ გადამოწმება სიღმისეულად, პროფესიონალების მიერ.

მეორე – დამოუკიდებელი ექსპერტების და ორგანიზაციის მხრიდან მოხდება ხელშეკრულების შეფასება და მისი კიდევ ერთხელ შესწავლა.

მესამე – პრემიერ-მინისტრმა ასევე გაახმოვანა გადაწყვეტილება, რომ კაშხლის მშენებლობის პროცესი არ დაიწყება და გადავადდება მანამ, ვიდრე ამ საკითხზე საზოგადოებას მეტი ინფორმაცია არ ექნება.
შესაბამისად, სამივე მნიშვნელოვან საკითხზე პრემიერ-მინისტრმა გასცა პასუხები.

ჩვენი მთავარი კითხვაა, როცა ყველა ამ საკითხზე პასუხები არსებობს, მაშინ რას ემსახურება ეს პროტესტი და ხომ არ არის ეს პროტესტი მიმართული პროექტის წინააღმდეგ, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ? ვინაიდან ამ ტიპის პროექტების გაჩერება და მისი დაბლოკვა შედის ჩვენი მტრების, ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებში.

ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პროტესტის ორგანიზატორებს მიიღონ მონაწილეობა დიალოგის ფორმატებში, საგნობრივი დისკუსია შედგეს. არსებობს მზადყოფნა, რომ თითოეული საკითხი იყოს განხილული და იმედი მაქვს, ეს ასეც მოხდება. გასაგებია, რომ პროტესტს იცავს კანონმდებლობა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ნებისმიერი მშვიდობიანი პროტესტი და მანიფესტაცია იყო დაცული. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში ბევრ მოქალაქეს შეუქმნა დისკომფორტი ქუჩების ხელოვნურმა გადაკეტვამ, მთელმა საზოგადოებამ დაინახა ჩვენი დამოკიდებულება. ეს არის დემოკრატიის ნაწილი, მაგრამ დემოკრატია არ არის ის, როცა მთელი საზოგადოებისთვის საჭირო სტრატეგიულ პროექტებს ბლოკავენ და ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ვინმე მოქმედებს.

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ამ ტიპის პროექტებთან და „ნამახვანთანჰესთან“ დაკავშირებითაც ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული გარემოსდაცვითი ინტერესების და საზოგადოების ინტერესების საუკეთესო ბალანსში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქცია 200 დღეზე მეტ ხანს რიონის ხეობაში იმართებოდა, 23 მაისიდან აქციებმა დედაქალაში გადმოინაცვლა, დღეს 26 მაისს, 16 საათზე “ნამოხვანჰესის” მოწინააღდმეგეები თბილისში კიდევ ერთ აქციას გამართავენ, შემდეგ კი როგორც ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, აქციები ისევ რიონის ხეობაში გადაინაცვლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button