არეულობა აშშ-ში და რუსეთის გამოხმაურება
სამართალდამცავებმა თეთრ სახლთან ახლოს შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მაშინ მოხდა, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „როუზ გარდენში“ სიტყვით გამოდიოდა და იმუქრებოდა, რომ არეულობის დასასრულებლად, ის ქვეყნის დიდ ქალაქებში სამხედროების მობილიზებას განახორციელებდა, თუკი შტატების გუბერნატორები ეროვნულ გვარდიას არ გამოიძახებდნენ.
კადრებში ჩანან აქციის მონაწილეები, რომლებსაც ხელები მაღლა აქვთ აწეული და ყვირიან : „არ გვესროლოთ!“
“რუსეთს სურს ევროკავშირიდან, ნატო-დან, დიდი შვიდეულიდან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან, აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, კომენტარები მოისმინოს”. – სააგენტო “ტასის” ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
ზახაროვას თქმით, მაშინ, როცა საერთაშორისო ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნის შესახებ ბრალდებებისა და კრიტიკის ქარიშხალს აფრქვევენ, მათ აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებითაც უნდა გააკეთონ კომენტარი.
„მაშინ, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, როგორიცაა ევროკავშირი, ნატო, დიდი შვიდეული, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რიგი ქვეყნების მიმართ ბრალდებებისა და კრიტიკის ქარიშხალს ვხედავთ, არის ეს საჭირო თუ არა, ჩვენ გვსურს, მათი კომენტარის მოსმენა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებითაც”. – განაცხადა ზახაროვამ.
მისივე თქმით, აშშ-მ დაკარგა მორალური უფლება, სხვა ქვეყნები ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულოს.
„დღეიდან მათ ამის მორალური უფლება აღარ აქვთ. ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ მათ ცოტა ხნის წინ დატოვეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო. მათ შესაძლოა, წინასწარ განჭვრიტეს ეს შედეგი”. – დასძინა მარია ზახაროვამ.
შეგახსენებთ, აშშ-ში რამდენიმე დღეა მასშტაბური საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები აფროამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას აპროტესტებენ, რასაც ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა და ინციდენტში ჩართული ოთხივე პოლიციელისთვის მკვლელობის მუხლით ბრალის წაყენებას ითხოვენ.
https://twitter.com/deImarieh/status/1266958563819294720?s=20