არეულობა აშშ-ში – შეფასებები და სტატისტიკა

დაკავებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკა
Associated Press-ის ინფორმაციით, აშშ-ში მიმდინარე არეულობებს მინეაპოლისის, სენტ-ლუისის, ლუისვილის, ოკლენდის, ინდიანაპოლისის, დაივენპორტის, ომაჰას, დეტროიტისა და ჩიკაგოს შემოგარენის მაცხოვრებლები ემსხვერპლნენ. სააგენტოს ცნობით, მასობრივი საპროტესტო აქციების მსვლელობისას, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა.
გარდაცვლილთა უმეტესობა აფროამერიკელები იყვნენ. ასევე, არეულობების მსვლელობისას ათობით ადამიანი დაშავდა, თუმცა გარდაცვლილთა და დაშავებულთა ზუსტი რიცხვი ჯერ უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი ყოფილი პოლიციელი იყო. ის 2 ივნისს სენტ-ლუისში მაროდიორებმა მოკლეს.
აშშ-ში, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებზე, პოლიციამ სულ მცირე, 9.3 ათასი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი საკუთარ გამოთვლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ყველაზე მეტი დემონსტრანტი (2,7 ათასი) ლოს-ანჯელესში დააკავეს, მეორე ადგილზე კი, ნიუ-იორკია, სადაც სამართალდამცველებმა 1,5 ათასი ადამიანი დააკავეს.
ჯორჯ ბუშის გამოხმაურება
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში პოლიციელების მიერ 46 წლის აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას და ქვეყანაში განვითარებულ დრამატულ მოვლენებს ეხმაურება. ამის შესახებ CNN წერს.
„ბევრი აფროამერიკელი განიცდის შევიწროებას და მუქარას საკუთარ ქვეყანაში. დემონსტრანტები, რომლებსაც პასუხისმგებლიანი სამართალდამცავი ორგანოები იცავენ, მოითხოვენ უკეთეს მომავალს. ეს ტრაგედია აჩენს შეკითხვას, როგორ დავასრულოთ სისტემური რასიზმი ჩვენს საზოგადოებაში. ერთადერთი გზა, რომ საკუთარი თავი ჭეშმარიტად დავინახოთ, არის იმ მრავალი ადამიანის ხმის გაგონება, რომელსაც აყენებენ ტკივილსა და ტანჯვას. ის, ვინც აპირებს ამ ხმების ჩახშობას, ვერ აცნობიერებს ამერიკის მნიშვნელობას.
“ყველა ადამიანი უფლის შექმნილია და საკუთარი უფლებები აქვს. რასობრივი უპირატესობის დოქტრინა, რომელმაც ოდესღაც თითქმის გახლიჩა ჩვენი ქვეყანა, კვლავ ემუქრება ჩვენს კავშირს. ფერადკანიანი ადამიანები ხედავენ, როგორ ირღვევა მათი უფლებები ამერიკული ინსტიტუტების მხრიდან, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ხანგრძლივი სამართლიანობა მყარდება მხოლოდ მშვიდობიანი გზით.
“მაროდიორობა არ არის თავისუფლება და არც ნგრევაა პროგრესი. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ხანგრძლივი მშვიდობა მოითხოვს თანასწორ სამართალს. კანონის უზენაესობა დამოკიდებულია სამართლიანობასა და სამართლებრივი სისტემის ლეგიტიმურობაზე. დროა, ჩვენი ტრაგიკული მარცხები შევისწავლოთ.” – ნათქვამია ჯორჯ ბუშის განცხადებაში.
რომის პაპის გამოხმაურება
აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს რომის პაპი გამოეხმაურა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
პაპის თქმით, რასიზმზე თვალის დახუჭვა არავის შეუძლია, მაგრამ ამასთან, ფრანცისკემ ძალადობა დაგმო და აღნიშნა, რომ ეს თვით-განადგურება და თვით-დამარცხებაა.
პაპმა ფრენცისკემ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას ტრაგედია უწოდა და აღნიშნა, რომ ლოცულობს მისთვის და ყველა მათგანისთვის, ვინც „რასიზმის ცოდვის“ შედეგად გარდაიცვალა. პაპმა ამერიკელებს გაერთიანებისა და მშვიდობისკენ მოუწოდა.
აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. ჯორჯ ფლოიდი მინეაპოლისში პოლიციელებმა 15 მაისს მოკლეს. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს.
30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო, 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.