არქეოლოგებმა ძველი პომპეის სახლის ვირტუალური ვერსია წარმოადგინეს [Photo/video]

შვედმა არქეოლოგებმა, სამგანზომილებიანი მოდელირების დახმარებით, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულ ქალაქ პომპეში მდებარე ერთ-ერთი სახლის ინტერიერი აღადგინეს. ინფორმაციას ჟურნალი Scires It ავრცელებს.

სახლი მდიდარ მევახშეს, ლუციუს ცეცილიუს იუკუნდუსს ეკუთვნოდა.
პომპეი, რომელიც ვულკან ვეზუვის მახლობლად მდებარეობდა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში ძველმა ოსკებმა (იტალიური ტომი) ააშენეს. იქ სხვადასხვა პერიოდში ცხოვრობდნენ ბერძნები, სამნიტები და ეტრუსკები, ხოლო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 89 წელს ქალაქი რომის კოლონიად გამოცხადდა.

ამის შემდეგ პომპეი მსხვილ კულტურულ ცენტრად იქცა, სადაც 20 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ახალი წელთაღრიცხვის 79 წლის 24 აგვისტოს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შემდეგ, პომპეი 24 საათში განადგურდა და საუკუნეების მანძილზე ვულკანური ფერფლით იყო დაფარული.

არქეოლოგებმა დაღუპული ქალაქი ნეაპოლის ყურეში 1748 წელს აღმოაჩინეს. მას შემდეგ პომპეი, როგორც ანტიკური ქალაქის ყველაზე უკეთ შენახული ნანგრევები, ანტიკური სამყაროს შესწავლის უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს. იტალიელმა არქეოლოგმა და პოლიტიკურმა მოღვაწემ, ჯუზეპე ფიორელიმ ქალაქის სისტემატიური შესწავლა 1860 წლიდან დაიწყო და ეს კვლევა დღემდე გრძელდება.

ფიორელიმ მთელი ტერიტორია კვადრატებად დაანაწილა (ამ მეთოდს დღესაც იყენებენ), თითოეული აღმოჩენილი სახლის კარი დანომრა, ხოლო ფერფლსა და ლავაში დარჩენილი სიცარიელე თხევადი თაბაშირით ამოავსო. ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელი გახდა კატასტროფის შედეგად დაღუპული და გაქვავებული ადამიანებისა და ცხოველების ანაბეჭდების აღება.

1997 წელს პომპეის ნაშთები, ასევე დაღუპულ ჰერკულანუმსა და ტორე-ანუნციატასთან ერთად, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

მე-18 საუკუნეში განხორციელებული გათხრების შედეგად, არქეოლოგებმა პომპეიში რამდენიმე მდიდარი სახლი აღმოაჩინეს, რომელთა რიცხვშიც იყო თავდახსნილისა და მევახშის, ლუციუს ცეცილიუს იუკუნდუსის სახლი, სადაც შემოინახა კედლის მოზაიკა, ოჯახის სიწმინდე (ლარარიუმი), პატრონის ბიუსტი და ყულაბა.

ზემოხსენებულ ყულაბაში 153 გასანთლულ ფირფიტაზე ამოკაწრული სავალო ხელწერილები ინახებოდა.

ლუციუს ცეცილიუს იუკუნდუსის საცხოვრებლის რეკონსტრუქცია რომში არსებული შვედური ინსტიტუტის არქეოლოგებმა ჩაატარეს.

მეცნიერებმა აღნიშნულ პროექტზე მუშაობა 2000 წელს დაიწყეს. მაშინ მკვლევარებმა არქეოლოგიური მონაცემები შეაგროვეს და სახლის მდიდრული მორთულობა ფოტოფირზე აღბეჭდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button