ასამბლეა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების მოწოდებით გამოდის
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს და პარლამენტებს, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯის – გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებისკენ მოუწოდებს.
გადაწყვეტილება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-60 სხდომაზე მიიღეს, რომელიც ბუდაპეშტში გაიმართა.
საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა გაასაჯაროვა.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის შეფასებით, ერთადერთი დეკლარაცია, რომელიც ასამბლეის მუშაობის ფარგლებში მიიღეს, ნატო-ს გაფართოებას შეეხებოდა და მნიშვნელოვანი წარმატება და წინსვლაა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თვალსაზრისით.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას, ხელმძღვანელთან ერთად, პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე, გიორგი ბარამიძე და ირაკლი ჩიქოვანი წარმოადგენდნენ.