ასეთი კატაკლიზმები ასეთი ტრაგედიები სტიქიები ყველა ქვეყანაში ხდება-პრემიერი
7 ვერტმფრენი რომელიც ჩვენ ნიკოლა სარკოზის დიდი ჩართულობით შევიძინეთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა ახლა შოვში-სააკაშვილი

ასეთი კატაკლიზმები, ასეთი ტრაგედიები, სტიქიები ყველა ქვეყანაში ხდება. ყოველგვარი საუბარი იმის თაობაზე, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა, მგონი, ძალიან არასერიოზულია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ რაჭაში, სტიქიის ზონაში მეზობელი ქვეყნების დახმარების საჭიროება არ იყო.
„ერთი რამ მინდა ყველას გთხოვოთ, ასეთ მძიმე წუთებში გთხოვთ, რომ ყველანი გავერთიანდეთ და ამ ოჯახებისთვის ვილოცოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, რატომ არ ჰყავს საქართველოს სამაშველო ვერტმფრენები, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სამარცხვინოა სპეკულაციები იმის თაობაზე, თითქოს „მთავრობამ 3 ვერტმფრენი შეიძინა, მაგრამ სინამდვილეში თურმე არ არის“.
„ჯერ ერთი,სამაშველო ვერტმფრენებმა გუშინ და დღესაც იმუშავეს. ხაზგასმით აღვნიშნავ, არც ერთი ადამიანი, რომელიც გუშინ იპოვეს, არ დაშავებულა, ჩვენმა სამაშველო სამსახურმა ყველა უვნებელი გამოიყვანა. ჩვენი სამსახურები იყვნენ ადგილზე და სიტუაცია იყო აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ. არ მინდოდა ამ საკითხზე საუბარი. რა თქმა უნდა, არ გავაკეთებ კომენტარს ხელმოცარულ პოლიტიკოსებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე, მაგრამ პირადად თქვენი და სხვა ტელევიზიები მთელი დღის განმავლობაში ასეთ ვითარებაში, როდესაც გარდაცვლილი მოქალაქეები გვყავს, ტრაგედიაა, ჯერ კიდევ ვერ პოულობენ საკუთარ ოჯახის წევრებს, ამორალურ ქმედებას ეწევით და ატყუებთ მოსახლეობას, რომ თურმე მთავრობამ გადაწყვიტა ვერტმფრენების შეძენა, გავიდა ერთი წელი და არ შევიძინეთ. ასეთ არასერიოზულ ტყუილებზე გთხოვთ, რომ ასეთ დროს მაინც შეიკავოთ თავი ან ინფორმაციის გაგების სერიოზული პრობლემა გაქვთ. 24 საათი ერთ დავალებას ასრულებთ, ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანის და ხალხის დაზაფვრის. ასეთი უბედური მდგომარეობაა, ასეთი ტრაგედია გვაქვს და თქვენ ათმაგად ძაბავთ ხალხს. ეს სამარცხვინო სპეკულაციები უნდა დაასრულოთ, რომ თურმე 3 ვერტმფრენი შეიძინეს, მაგრამ არ შეიძინეს. მთავარი არის შემდეგი – ჩვენი 210 თანამოქალაქე უვნებლად იქნა გამოყვანილი ჩვენი სამაშველო სამსახურის მიერ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი მატყუარა ტელევიზია და ხალხს ატყუებთ“, – მიმართა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს.
ახლა არ არის ერთმანეთთან ნიშნის მოგებით საუბრის დრო, მაგრამ ასევე ვერ ვიქნებით ჩუმად იმ საკითხებზე, რომელზეც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი, რატომ ვერ მოხერხდა ადამიანების გადარჩენისთვის სპეციალური ტექნიკის შეძენა? – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, პაატა მანჯგალაძემ სტიქიის ზონაში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
„აქ სიტყვები უძლურია, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, გვიწევს ამაზე საუბარი. კიდევ უამრავი ადამიანი რჩება სტიქიის ზონაში. მინდა, ეს ადამიანები ძალიან მალე ვიხილო სამშვიდობოს. ახლა არ არის ერთმანეთთან ნიშნის მოგებით საუბრის, ჩასაფრების დრო, მაგრამ ასევე ვერ ვიქნებით ჩუმად იმ საკითხებზე, რომლებზეც აუცილებლად ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი. მთავარი საკითხი ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის არის: მაშინ, როდესაც 11 წლის განმავლობაში მიტინგების დაშლისთვის ათობით მილიონი ლარის თანამედროვე საშუალებებია შეძენილი, რატომ ვერ მოხერხდა ადამიანების გადარჩენისთვის სპეციალური ტექნიკის შეძენა? ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც უნდა უპასუხოს ღარიბაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“. დღეს და ხვალ არ გვჭირდება პასუხები, ახლა ხალხს მიხედონ, მაგრამ ამაზე აუცილებლად უნდა დაისაჯოს პასუხისმგებელი პირი. სახელმწიფო არის შექმნილი ადამიანისთვის, ადამიანი და მოქალაქე არის მთავარი საზრუნავი.
როდესაც მოხდა თბილისში დატბორვა, მაშინაც ვსაუბრობდით, რომ არ ჰქონდათ სპეციალური საშუალებები, რომელიც ღამით შეძლებდა ადამიანების სტიქიის ზონიდან გამოყვანას. შემდეგ ჩამოვარდა სასაზღვრო სამსახურის სპეციალური ვერტმფრენი, რომელიც 50 წლის იყო. მაშინვე დაისვა საკითხი ჩვენი მხრიდან. შინაგან საქმეთა მინისტრს არაერთი კითხვა გავუგზავნეთ და მათი ინფორმაციით, დღესაც სამ ვერტმფრენს ელოდებიან საფრანგეთიდან, რომელიც დღემდე არაა შეძენილი. ეს არის დაუდევრობა, ეს არის დანაშაული. ახლა არაა ამაზე საუბრის დრო და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ყურადღებას მივაქცევთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
რაჭაში ერთმანეთს რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა დაემთხვა, რამაც პრაქტიკულად უპრეცედენტო მასის ჩამოწოლა გამოიწვია. პირველი, რისი დადასტურებაც შეიძლება, არის ის, რომ ამ ეტაპზე განმეორების საფრთხე არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძე განაცხადა.
როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, ერთად ამოქმედებულმა ბუნებრივმა პროცესებმა გამოიწვია ის კატასტროფული შედეგი, რომლის გამოც არის ტრაგიკული მდგომარეობა, დაღუპული ადამიანები, განადგურებული ინფრასტრუქტურა.
„ვუსამძიმრებ იმ ადამიანების ოჯახებს, ვინც ახლობლები დაკარგეს. იმედს გამოვთქვამ, რომ ვინც ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება, გამოჩნდება და დაუბრუნდება თავის ოჯახს. დღეს დილიდან როგორც კი გათენდა, გეოლოგები ადგილზე არიან, ტერიტორია მოინახულეს. პირველი, რისი დადასტურებაც შეიძლება არის ის, რომ ამ ეტაპზე განმეორების საფრთხე არ არსებობს. სამწუხაროდ, ერთმანეთს რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა დაემთხვა, რამაც პრაქტიკულად უპრეცედენტო მასის ჩამოწოლა გამოიწვია. ერთმანეთს დაემთხვა უხვი ნალექი, ეროზიული პროცესები, რაც კლიმატის ცვლილებების პარალელურად ვითარდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. ასევე იყო ღვარცოფი, მყინვარების დნობა და მეწყერი. დაახლოებით ორი კილომეტრამდე ტერიტორია ხუთ მილიონამდე კუბი ინერტული მასით არის დაფარული. ყველამ მოვლენამ ის საგანგაშო მდგომარეობა შექმნა, რასაც გუშინდელი დღიდან მთელი ქვეყანა აქტიურად ებრძვის. ვინც გუშინ მთელი დღე ცდილობდა, რომ ეს უდიდესი უბედურება რაღაც პოლიტიკურ აქტივად გადაექცია, არის მავნებლობა, ადამიანების ნერვებზე თამაში. გიორგი ვაშაძეა ის ადამიანი, რომელიც აქტიური მომხრე იყო იმ დერეგულაციის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს განხორციელდა და მთლიანად გაუქმდა მონიტორინგის სისტემა, რომელიც აუცილებელია საქართველოს მსგავსი მოწყვლადი ქვეყნისთვის, რათა დააკვირდეს როგორც ჰიდროლოგიურ, ასევე გეოლოგიურ და მეტეოროლოგიურ მონაცემებს“, – განაცხადა ბითაძემ.
მისივე თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში დაიწყო აღდგენა ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მონიტორინგის დაკვირვების ქსელის.
„საქართველოს საერთოდ არ ჰქონდა რადარი, დღეს ორი რადარი გვაქვს. არსებობს ბუნებრივი მოვლენები, რომელთა ერთობლივად ამოქმედების პროგნოზირება შეუძლებელია. არის კლიმატის ცვლილება. რაჭაში 90-იან წლებში მომხდარი მიწისძვრის გარდა, ასეთი ბუნებრივი კატასტროფა არ მომხდარა. უნდა გავიაზროთ, რომ გადასული ვართ ახალ ერაში, რაც არის კლიმატის ცვლილება. ამაზე საუბარი დღეს უდროოა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების დროს მაქსიმალურად ვცდილობთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ინსტრუმენტული აღჭურვილობა გვქონდეს პროგნოზირებისთვის. ეს პროგნოზირება გარკვეულ მოვლენებს აზღვევს, მაგრამ არის მოვლენები, როცა მისი დაზღვევა, როგორც მიწისძვრის, პრაქტიკულად შეუძლებელია. სპეციალური გეოლოგიური რუკები არსებობს და გუშინ საუბარი იყო ნებართვების გაცემაზე. როცა კლიმატის ცვლილებაზე ვსაუბრობთ, ეს აბსტრაქცია არ არის და მთელი მსოფლიო არ გაგიჟებულა, რომ მაინც და მაინც კლიმატის ცვლილებას აკავშირებს ეკონომიკას და უსაფრთხოებას. ეს რატომ ხდება? იმიტომ, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები იწვევს ეროზიულ პროცესებს, დათბობას, კლიმატის ცვლილებებს, ქარებს. ბუნება შეიცვალა და ამას უნდა შევეგუოთ. რაჭაში კოტეჯები არის ჯერ კიდევ კომუნისტების დროს აშენებული. კოტეჯებზე ნებართვები ძველი გაცემული იყო. სად მოხდება მიწისძვრა და სად დაემთხვევა ხუთი მოვლენა ერთმანეთს, ამის პროგნოზი შეუძლებელია“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
მისივე თქმით, ხუთი ბუნებრივი მოვლენა ერთად რომ ამოქმედდებოდა, ეს გამოწვეულია ქანების ეროზიით და მყინვარების დნობით, რაც პირდაპირ კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან.
„კვლევები მოგვეპოვება, რაც აჩვენებს, რომ მყინვარები ინტენსიურად დნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ვაპირებთ, სახელმწიფოში მომზადებული გეოლოგიური რუკები საფუძვლად დავუდოთ ყველა სამშენებლო ნებართვას, მიუხედავად იმისა, რომ დღეს, სამშენებლო ნებართვების გაცემის დროს, იქ, სადაც გეოლოგიური რუკები უკვე არსებობს, ეს საფუძვლად ედება მშენებლობას. ამ ფერდზე, სადაც პროცესები წარიმართა, ხის ჭრის მასიური მოვლენა არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
მიხეილ სააკაშვილი შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, გარდაცვლილების ოჯახებს უსამძიმრებს და იმ სუპერ პუმების შესახებ წერს, რომლებიც მისი ხელისუფლების დროს, საფრანგეთიდან შეიძინეს. მესამე პრეზიდენტის თქმით, სწორედ ასეთი სიტუაციებისთვის იყო განკუთვნილი აღნიშნული ვერტმფრენები
“მთელი გულით განვიცდი შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს.
7 ვერტმფრენი (სუპერ პუმა) რომელიც ჩვენ ნიკოლა სარკოზის დიდი ჩართულობით შევიძინეთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა ახლა შოვში.
როცა ჩვენ ამ ვერტმფრენებს ვყიდულობდით, მედვედევი და ლავროვი საფრანგეთს დაემუქრა სანქციებით. თუ საქართველო მიიღებდა ამ ვერტმფრენებს, ისინი ევროკოპტერს აღარ შეუშვებდნენ რუსეთში.
სწორედ ამიტომ ჩვენ ამ სუპერპუმებს მივეცით სამოქალაქო სტატუსტი.
რეალურად ეს იყო ორმაგი დანიშნულების ვერტმფრენები, როგორც სამხედრო, ასევე სამაშველო. მას სამოქალაქო სახე მიეცა მხოლოდ იმის გამო, რომ რუსული სანქციებისთვის აგვევლო გვერდი.
პრეზიდენტი სარკოზი პირადად იყო ამ ვერტმფრენების ყიდვაში ჩართული. სარკოზის პირადი კავშირებით უპრეცედენტო, ფაქტობრივად 0% კრედიტით ვიყიდეთ 7 ევროკოპტერი და დამატებით კიდევ ვგეგმავდით 7 ჩამოყვანას საქართველოში.
როცა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში დაიბარა საფრანგეთიდან წარმომადგენლები და უთხრა, რომ საქართველოს აღარ სჭირდებოდა ფრანგული ვერტმფრენები და გადაწყვიტა ძველი, ამორტიზებული რუსული ვერტმფრენების შეკეთება. მას კარგად აუხსნეს, რომ რუსეთი არ გვაძლევდა მარაგნაწილებთან წვდომას და რომ ეს დაჯდებოდა ბევრად ძვირი. ამ საუბრის მიუხედავად ივანიშვილმა დაიწყო მოლაპარაკება პეტერბურგელ ბიზნესმენთან, ევროკოპტერების გასაყიდად, იმ ევროკოპტერების რომელიც საფრანგეთისგან რუსეთის დიდი ზეწოლის მოუხედავად, მაინც ჩამოვიყვანეთ საქართველოში!” – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.