მნიშვნელოვანირეგიონი

აქტივისტებმა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოსა და ევროკომისიის დროშები გაშალეს

ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის გამოცხადების შემდეგ, თელავში სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ.

აქტივისტებმა ვაჟა- ფშავლას სახელობის დრამატული თეატრის წინ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს. მათ ევროკომისიის დასკვნის მნიშვნელობასა და გამოქვეყნებული დათქმების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

,,დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია საქართველოს უახლესი ისტორიისთვის. ჩვენ პირველი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ გავხდეთ იმ დიდი ოჯახის ნაწილი, რასაც მოაქვს სიმშვიდე, წინსვლა და განვითარება. ახლა მთავარია ჩვენ, მოქალაქეებმა, მეტი გავაკეთოთ, მეტი მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ ის დათქმები, რაც არის შესული ამ რეკომენდაციაში, სრულყოფილად შეასრულოს,- განაცხადა ,,აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” თელავის ბიუროს ხელმძღვანელმა, არჩილ მჭედლიშვილმა.

სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეკრებას ორგანიზება მედია- ცენტრმა, კახეთმა გაუწია.

დღეს, თბილისის დროით 15 საათზე, ევროკომისიამ საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

საბოლოო გადაწყვეტილებას ევროსაბჭო 2023 წლის 14 დეკემბერს გამოაცხადებს.

საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, ევროკავშირის 27 ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის თანხმობა სჭირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button