აშშ-ის 26 შტატის გუბერნატორებს ლტოლვილთა შეფარება არ სურთ
პარიზის ტერაქტების შემდეგ, აშშ-ის 26 შტატის გუბერნატორებმა სირიელი ლტოლვილების მიღებაზე უარი განაცხადეს, – გადმოსცემს CNN.
პროტესტი განაცხადეს: ალაბამის, ჯორჯიის, ტეხასის, არიზონის, მიჩიგანის, ილინოისისა და სხვა შტატების გუბერნატორებმა. ყველა გუბერნატორი, ერთის გამოკლებით, რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენენ.
აღნიშნული შტატების ხელისუფლებმა ლტოლვილთა მიღების პროგრამაზე უარი მას შემდეგ განაცხადეს, როცა ცნობილი გახდა, რომ ერთი ეჭვმიტანილი ტერორისტი, რომელმაც პარიზში თავდასხმა განახორციელა, საფრანგეთში სირიელ ლტოლვილთა ნაკადთან ერთად მოხვდა. ოქტომბრის დასაწყისში, ამ ადამიანმა საბერძნეთის საზღვარი ყალბი გვარით (აჰმად ალ-მუჰამად) გადალახა.
გუბერნატორების პროტესტის მიუხედავად, საბოლოო გადაწყვეტილება აშშ-ის ფედერალური ხელისუფლების მისაღებია.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლიდან, შეერთებულმა შტატებმა 1,5 ათასი სირიელი ლტოლვილი შეიფარა. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ გაისად, კიდევ 10 ათას ადამიანს მიიღებს.