მნიშვნელოვანისაქართველო

აშშ-ის ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოში ჩამოვიდა

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი კელი დეგნანი უკვე საქართველოშია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ის საელჩო წერს.

„ამერიკის საელჩო მოხარულია, გაცნობოთ ელჩი კელი დეგნანის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლის შესახებ. მოგესალმებით საქართველოში, ქალბატონო ელჩო. ჩვენ მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასამტკიცებლად ერთად მუშაობას“, – აღნიშნავს საელჩო.

თეთრმა სახლმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი სექტემბერში წარადგინა, სენატმა კი, დეკემბერში დაამტკიცა.

კალიფორნიელი კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია, აქვს მრჩეველი-დესპანის სტატუსი, იგი მსახურობდა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად.

მანამდე კელი დეგნანი მუშაობდა იტალიასა და კოსოვოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ.

25-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში, კელი დეგნანი პოლიტიკურ მრჩევლად საქმიანობდა ნატოში აშშ-ის წარმომადგენლობაში და თურქეთში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. ასევე, იყო ავღანეთში ამერიკული საბრძოლო ბრიგადის სამოქალაქო წარმომადგენელი.

საქართველოში აშშ-ის ელჩი ფილოსოფიის დოქტორია, აქვს ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში. ფლობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button