აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დატოვებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წუხს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო

დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის სტატუსით უკვე მეორედ მიიღო გადაწყვეტილებები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან(WHO) აშშ-ის გასვლის და პარიზის შეთანხმებაზე უარის შესახებ.
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 20 იანვარს ხელი მოაწერა განკარგულებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO) შეერთებული შტატების გასვლის შესახებ.
ინაუგურაციის შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნებულმა ტრამპმა თავისი ხელმოწერით გააუქმა წინამორბედი პრეზიდენტის, დემოკრატი ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება. დონალდ ტრამპმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან შეერთებული შტატების გასვლის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პირველ ვადაში, 2020 წელს მიიღო. ტრამპის გადაწყვეტილება 2021 წელს გააუქმა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
თეთრ სახლში 20 იანვარს დაბრუნებულმა ტრამპმა ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლა ახსნა COVID-19-ის პანდემიის დროს WHO-ს არასწორი ქმედებებით, ორგანიზაციის უუნარობით, ჩაატაროს საჭირო რეფორმები და სხვა ქვეყნებთან შედარებით აშშ-ის უსამართლოდ მაღალი საწევრო გადასახადით. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, WHO აშშ-ს ვეღარ გაძარცვავს.
2020 წელს ტრამპი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ბრალს სდებდა ჩინეთის ძალისხმევის ხელშეწყობასა და COVID-ის წარმომავლობის შესახებ მსოფლიოს შეცდომაში შეყვანის მცდელობაში. WHO ამას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ჩინეთზე დღემდე ახდენს ზეწოლას COVID-ის შესახებ მონაცემების მისაღებად. პრეზიდენტ ტრამპის მიერ 20 იანვარს ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე აშშ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას 12 თვეში დატოვებს და შესაბამისად, მის დაფინანსებას შეწყვეტს. 2024-2025 წლებში WHO-ს ბიუჯეტში აშშ-ის შენატანი 6,8 მილიარდი დოლარია.
20 იანვარს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, აშშ ტოვებს კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებასაც. ეს საერთაშორისო შეთანხმება გლობალურ დათბობასთან ბრძოლას ითვალისწინებს.
ტრამპმა ამ შეთანხმებაზე უარი თქვა პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც. მისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ბაიდენმა შეცვალა და 2021 წელს აშშ პარიზის შეთანხმებაში დააბრუნა.
20 იანვარს, პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულების დაწყებისთანავე, დონალდ ტრამპმა გააუქმა ჯო ბაიდენის, საერთო ჯამში, 80-მდე განკარგულება.
ტრამპმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან შეერთებული შტატების გასვლის გადაწყვეტილება პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც მიიღო, თუმცა მისი გადაწყვეტილება 2021 წელს პრეზიდენტმა ბაიდენმა გააუქმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წუხს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო, ქვეყანა ორგანიზაციიდან გავიდეს. ამის შესახებ ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კრიტიკულ როლს ასრულებს მსოფლიოს მოსახლეობის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დაცვაში, მათ შორის ამერიკელების, დაავადებების ძირეული მიზეზების აღმოფხვრით, უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემების შექმნით, ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციების აღმოჩენით, პრევენციითა და მათზე რეაგირებით“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრია. ათწლეულების განმავლობაში აშშ-მა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უამრავი სიცოცხლე გადაარჩინეს და დაიცვეს ამერიკელები და სხვები ჯანმრთელობის საფრთხეებისგან.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აშშ გადახედავს გადაწყვეტილებას და მოუთმენლად ველოდებით კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვას აშშ-სა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შორის პარტნიორობის შესანარჩუნებლად მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობისთვის და კეთილდღეობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის როლი უნდა გაძლიერდეს და არა შესუსტდეს, – ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დონალდ ტრამპის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის შესახებ აღმასრულებელ განკარგულებაზე ხელმოწერას.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, გოუ ძიაკუნის თქმით, ჩინეთი გააგრძელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერას თავისი პასუხისმგებლობის შესრულებაში.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის როლი მხოლოდ უნდა გაძლიერდეს და არა შესუსტდეს. ჩინეთი, როგორც ყოველთვის, მხარს დაუჭერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას თავისი მოვალეობების შესრულებაში, საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლობის გაღრმავებაში, გლობალური ჯანდაცვის მართვის გაძლიერებასა და ადამიანთა ჯანმრთელობის საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობაში“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.