მნიშვნელოვანისიახლეები

აშშ-ის ელჩი საქართველოს გავლით რუსეთში ირანული სატვირთო თვითმფრინავის გავლას ეხმაურება

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი საქართველოს გავლით რუსეთში ირანული სატვირთო თვითმფრინავის გავლას ეხმაურება. კერძოდ, საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, 4 სექტემბერს ირანიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიის გავლით, მოსკოვში სამხედრო ტვირთი გადაიტანა.
ვაგრძელებთ საქართველოსთან მჭიდრო მუშაობას, რათა საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის
კელი დეგნანმა ირანულ თვითმფრინავთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად აღნიშნა, რომ ამ თემაზე რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს.

„რაც შეეხება თვითმფრინავს, ეს არის მაგალითი, თუ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ, რომ არც ერთი ქვეყანა, მათ შორის, საქართველო არ იქნება გამოყენებული, როგორც უკანა კარი სანქციების გვერდის ავლისთვის. ვაგრძელებთ საქართველოსთან ძალიან მჭიდროდ მუშაობას, რათა უზრუნველვყოთ, რომ მსგავსი გვერდის ავლის საშუალებები არ იყოს. ასე მუშაობს სანქციები ყველაზე ეფექტიანად, როდესაც ჩვენ, ყველა ვკეტავთ ქსელს და უზრუნველვყოფთ, როგორც ექსპორტის კონტროლის, ისე სანქციების დაცვას. გავაგრძელებთ ამის კეთებას ჩვენს პარტნიორ საქართველოსთან. ირანულ თვითმფრინავთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

„დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ 4 სექტემბერს ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრენილი თვითმფრინავი საქართველოს ტერიტორიის გავლით მოსკოვში გაფრინდა. თემაზე კომენტარი გააკეთა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ ავიაკომპანია, რომლის თვითმფრინავიც საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ირანიდან მოსკოვში გაფრინდა, არ არის სანქცირებულთა სიაში.

გუშინ 8 სექტემბერს საკითხს ეკონომიკის სამინისტრო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებული დეზინფორმაცია საქართველოს საჰაერო ცის “უკანონო გამოყენების” შესახებ, დაუზუსტებელ და ცრუ ცნობებს ეყრდნობოდა”.

სამინისტრომ დაადასტურა, რომ 4 სექტემბერს Iran Air-მა გადმოკვეთა საქართველოს საჰაერო სივრცე, თუმცა ირწმუნებოდა, რომ რეისი “ერევანი-მოსკოვის მიმართულებით შესრულდა და აღნიშნულმა ხომალდმა სივრცეში სულ 10 წუთი დაჰყო”.

სამინისტრო ამტკიცებს, რომ Iran Air-ი “არ არის სანქცირებული კომპანია და რეგულარულად ასრულებს რეისებს როგორც თბილისის, ისე ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით”.

დროას ლიდერი კი ელენე ხოშტარია კი ამბობს, რომ სიცრუეა, რომ Iran Air-ის თვითმფრინავი სანქცირებული არ არის.

ნუ ერთი, რომ რუსეთს ჩვენი საჰაერო სივრცე დიდად არ სჭირდება ასეთი საქმისთვის – ეს ერთი. მეორე – ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა განმარტებები და დამატებითი განმარტებებიც თუ იქნება საჭირო, რა თქმა უნდა, გააკეთებენ. ეს არის არსებითად ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივა და ისინი განმარტავენ ყველაფერს.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დროას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ 4 სექტემბერს ირანიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიის გავლით, მოსკოვში სამხედრო ტვირთი გადაიტანა.

შეგახსენებთ რომ ჩიკაგოს კონვენციის თანახმად, საქართველოს საჰაერო სივრცეში ამა თუ იმ სახელმწიფოს რეესტრში მყოფი სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გადაფრენა ხორციელდება ფრენის გეგმის საფუძველზე და არ საჭიროებს საავიაციო ხელისუფლების ნებართვას, – ამის შესახებ „საქაერონავიგაციის“ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქაერონავიგაცია“ ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 4 სექტემბერს ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრენილი თვითმფრინავი საქართველოს ტერიტორიის გავლით, მოსკოვში გაფრინდა.

„საქაერონავიგაციის“ განმარტებით, ირანული ავიაკომპანია Iran Air-ი, სამგზავრო საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, სატვირთო ავიარეისებს ახორციელებს მსოფლიოს 71 მიმართულებით, მათ შორის ევროპის ქვეყნებში.

„ავიაკომპანია არ არის ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში, მათ შორის, დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია ფრენებს ასრულებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებებით. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინტერნეტ პლატფორმებზე (Flightradar24.com, Flightaware.com). ისინი რეალურ დროში ფრენების თვალყურის დევნების და მათზე სრული ისტორიის და მონაცემების მოძიების შესაძლებლობას იძლევა.

რაც შეეხება კონკრეტულ ფრენას, რომლის შესახებაც მედიასაშუალებების მეშვეობით ხდება ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება, გაცნობებთ, რომ „საქაერონავიგაციაში“ ევროკონტროლიდან შემოსული ფრენის გეგმის შესაბამისად, ავიაკომპანიის ბორტის ფრენის დაწყების საწყისი წერტილია აეროპორტი ზვარტნოცი, ერევანი, სომხეთი (კოდი: UDYZ), რომელიც სამოქალაქო დანიშნულების აეროპორტს წარმოადგენს.

ჩიკაგოს კონვენციის თანახმად, საქართველოს საჰაერო სივრცეში ამა თუ იმ სახელმწიფოს რეესტრში მყოფი სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გადაფრენა ხორციელდება ფრენის გეგმის საფუძველზე და არ საჭიროებს საავიაციო ხელისუფლების ნებართვას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button