მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთის ლიდერს შეხვდება

ამჟამად ამერიკულ-ჩინური ურთიერთობები რთულ ვითარებაშია და ჩვენ ეს ძალიან გვაღელვებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტთან მისასალმებელი სიტყვის დროს ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკამ და ჩინეთმა სწორი კურსი უნდა აირჩიონ.

„როგორც ორი მნიშვნელოვანი ქვეყნის ლიდერმა, ჩვენ უნდა ავირჩიოთ სწორი კურსი. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სწორი მიმართულება ორმხრივი ურთიერთობების წინსვლისთვის და ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის“, – აღნიშნავს სი ძინპინი.

სი ძინპინის განცხადებით, მსოფლიო აშშ-ისა და ჩინეთისგან მოელის ურთიერთობების დარეგულირებას. მისივე თქმით, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.

„შეხვედრისას ჩვენ ღიად უნდა გავცვალოთ მოსაზრებები სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე“, – განაცხადა სი ძინპინმა.

თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფლიქტის არიდების მნიშვნელობას. მისი თქმით, ის ემხრობა საკომუნიკაციო ხაზის ღიად შენარჩუნებას, რათა ორმა ქვეყანამ შეძლოს ერთად მუშაობა გადაუდებელ გლობალურ საკითხებზე, მათ შორის კლიმატურ ცვლილებებსა და უსაფრთხოებაზე.
„როგორც ჩვენი ქვეყნების ლიდერები, ვიზიარებთ პასუხისმგებლობას, ვაჩვენოთ, რომ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ მართონ უთანხმოება, თავიდან აიცილონ კონკურენციის კონფლიქტში გადაქცევა და იპოვონ ერთად მუშაობის გზები გადაუდებელ გლობალურ საკითხებზე, რაც მოითხოვს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, მსოფლიო ელოდება, რომ ორი ქვეყანა პარტნიორულად იმუშავებს.

დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში გამწვავდა. განსაკუთრებით, ტაივანის გარშემო არსებული ვითარების გამო, სადაც სამხედრო ესკალაციის საშიშროება წარმოიშვა. ბაიდენი სი ძინპინთან შეხვედრისას აპირებს, „წითელი ხაზები“ გაავლოს და მოისმინოს ჩინური მხარის პოზიცია ამავე საკითხთან დაკავშირებით.

აშშ-ის პრეზიდენტმა კლიმატის ცვლილებებსა და სასურსათო დაუცველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო ამ და სხვა პრობლემების მოგვარებას აშშ-სა და ჩინეთისგან ელის.
ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი ხვალ იწყება, სადაც მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერები გლობალურ ეკონომიკასა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომზე. სამიტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ დაესწრება. მის ნაცვლად რუსულ დელეგაციას, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.
აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მიმდინარეობს. ეს პრეზიდენტების რანგში ორი ქვეყნის ლიდერთა პირველი შეხვედრაა, რომელიც „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში იმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button