აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინას 375 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ სამიტი გრძელდება. მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერების განხილვის მთავარი თემაა ურთიერთობები პეკინთან და რუსეთის ომი უკრაინაში.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის 375 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განცხადებას გააკეთებს ჰიროსიმაში, დიდი შვიდეულის (G7) სამიტზე. ინფორმაციას სააგენტო როიტერი გამოცემა „პოლიტიკოზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
სამი ამერიკელი და უკრაინელი მაღალჩინოსანი „პოლიტიკოსთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ განცხადების გაკეთება იგეგმება ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ. როგორც გამოცემა იტყობინება, დახმარების ახალ პაკეტში შევა საარტილერიო ჭურვები, ჯავშანტექნიკა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი – ყველა აღჭურვილობას, რომელიც აშშ-მა და მოკავშირეებმა წარსულში მიაწოდეს კიევს, მაგრამ ძალიან საჭირო იქნება ამ გაზაფხულსა და ზაფხულში მოსალოდნელი მძიმე ბრძოლების თვეებში.
ზელენსკი სამიტს 20 მაისს დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტზე უკვე აცნობა მსოფლიო ლიდერებს, რომ დაამტკიცებს უკრაინელი მფრინავების გაწვრთნას ამერიკული F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვაში.
ამ კვირაში გამოცხადდა „საერთაშორისო კოალიციის“ შესახებ, რომლის მიზანია უკრაინისთვის F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების უზრუნველყოფა. მასში მონაწილეობენ დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, საფრანგეთი და, ალბათ, კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყანა. ნიდერლანდმა, დანიამ და ბელგიამ უკვე განაცხადეს, რომ მზად არიან უწილადონ თავიანთი საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინას.
საერთო ანგარიშით, 2021 წლიდან დღემდე აშშ-მა უკრაინას 21 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების შეიარაღება გადასცა.
სამიტის პირველ დღეს „დიდი შვიდეულის“ ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე შეთანხმდნენ, ასევე უკრაინას ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდნენ. დიდი შვიდეულის ლიდერებმა, ერთობლივი განცხადებით, რუსეთს უკრაინის მთელი ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების სრულად, უპირობოდ და დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდეს.