აშშ-ის პრეზიდენტის და რუსეთის პრეზიდენტის 2 საათიანი სატელეფონო საუბარი დასრულდა
რუსული წყაროების ცნობით, საუბარი "ძალიან კარგად" წარიმართა.

მეორე პირდაპირი კონტაქტი რუსეთის პრეზიდენტთან, ამერიკის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ – დაანონსებული სატელეფონო ზარი შედგა.
საუბარი ორი საათი გაგრძელდა. “მოლაპარაკება კარგად მიდის” – ამ ორი საათის განმავლობაში მხოლოდ ეს ერთი ინფორმაცია გავრცელდა. პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ ჩქარობს, დონალდ ტრამპს კი დროულად უნდა თავისი წინასაარჩევნო დაპირების შესრულება და უკრაინის ომის დასრულება.
დღევანდელ სატელეფონო საუბრამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ დაელაპარაკება.
მან აღნიშნა, რომ საბოლოო შეთანხმების მრავალი ელემენტი უკვე შეთანხმებულია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი.
“პრეზიდენტ პუტინს დაველაპარაკები უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. საბოლოო შეთანხმების მრავალი ელემენტი უკვე შეთანხმებულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი”, – თქვა დონალდ ტრამპმა.
ტრამპი ამბობდა, რომ კრემლს ყველა კოზირი ხელში არა აქვს, რაც ისე აღიქვეს, რომ თეთრმა სახლმა ზეწოლის მიზნით რუსეთს შესაძლოა უფრო მკაცრი ეკონომიკური სანქციებიც კი დაუწესოს, ვიდრე ჯო ბაიდენმა. თუმცა, დღევანდელი სატელეფონო საუბრის წინ ვლადიმერ პუტინმა არ გამორიცხა პირიქით, სანქციების შერბილება.
“ვიცი რომ ახლა საქმიან საექსპერტო წრეებში ფართოდ განიხილება, თუ რა იქნება შემდგომ არალეგიტიმურ სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთისთვისაა დაწესებული. ჩვენი კომპანიების, მოქალაქეების მიმართ, მოგვიხსნიან, დატოვებენ თუ გააძლიერებენ. სანქციები არ არის დროებითი ან წერტილოვანი ზომები, ეს ჩვენს ქვეყანაზე სისტემური სტრატეგიული ზეწოლის ნაწილია. როგორიც არ უნდა იყოს ვითარება, როგორიც არ უნდა იყოს საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა ჩვენს კონკურენტებს ყოველთვის ენდომებათ შეაკავონ და დაასუსტონ ჩვენი ქვეყანა. გარემოებაში, როდესაც ქარის მიმართულება შეიცვალა, მათ საკუთარ თავს სიტუაციიდან გამოსვლის შესაძლებლობა დაუტოვეს,”- აცხადებს პუტინი.
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი აცხადებს:
“ცუდი სიტუაციაა რუსეთში და ცუდი სიტუაციაა უკრაინაში. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ საბოლოო შეთანხმების ბევრი ელემენტი შეთანხმებულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი შესათანხმებელი რჩება. თქვენ ნახეთ მცირე სცენა ოვალურ კაბინეტში, მაგრამ ვფიქრობ, ახლა ისინი სწორ საქმეებს აკეთებენ, ჩვენი მიზანი იყო გვეიძულებინა უკრაინა სწორი გადაწყვეტილებები მიეღო. რაც არ იყო მარტივი. ახლა სწორად იქცევიან. ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას და ცეცხლის შეწყვეტას. ვფიქრობ ძალისხმევამ შედეგი გამოიღო,”- აღნიშნა ტრამპმა.