მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი მოსკოვსა და კრემლზე დარტყმებისთვის გამოყენებული არ იქნება

უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღი არ იქნება გამოყენებული დარტყმებისთვის მოსკოვზე ან ზოგადად რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, რადგან აშშ-ს ამაზე ნებართვა არ მიუცია უკრაინისთვის – ეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ABC News-ს უთხრა.

ინტერვიუ 6 ივნისს ჩაიწერა საფრანგეთში, ნორმანდიაში მიმდინარე ღონისძიებებისას, რომლებითაც აღნიშნავენ მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის მე-80 წლისთავს. ბაიდენი, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, ამ ღონისძიებებში მონაწილეობს.

ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა, უკრაინის არმიამ უკვე გამოიყენა თუ არა ამერიკული იარაღი რუსეთზე დარტყმებისთვის მას მერე, რაც გასულ კვირაში გამოცხადდა, რომ აშშ-მა ნაწილობრივ მოხსნა შეზღუდვა ამგვარ შეტევებზე. ღია წყაროებიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ასეთი იერიშები, შესაძლოა, უკვე განხორციელდა. პრეზიდენტმა კითხვას პირდაპირ არ უპასუხა, თუმცა თქვა, რომ ეს იარაღი არ იქნება გამოყენებული იერიშებისთვის “მოსკოვსა და კრემლზე” და “რუსეთის სიღრმეში, 200 მილით [321 კმ]”.

ბაიდენის სიტყვებით, უკრაინის სამხედროებს უფლება აქვთ, გამოიყენონ ამერიკული იარაღი “საზღვრის ახლოს”, რადგან ამ არეალებში “უკრაინაში განსაზღვრულ სამიზნეებზე თავდასხმებისთვის” რუსეთის ძალებიცაა განთავსებული. მანამდე აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ნებართვა გაიცა კონკრეტულად ხარკოვის დაცვის მიზნით. რუსეთის ტერიტორიაზე გრძელი რადიუსის ATACMS-ის ტიპის რაკეტებით დარტყმები კვლავაც აკრძალული რჩება.
მიურმა ასევე კითხვა დასვა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ომში მონაწილეობას ნიშნავს.

“40 წელია მას ვიცნობ. უკვე 40 წელია მაშფოთებს. ის არაა წესიერი ადამიანი. ის დიქტატორია და ყველანაირად ცდილობს ქვეყანა შეინარჩუნოს, ამავე დროს კი შეტევას აგრძელებს. არ ვსაუბრობთ იარაღის მიწოდებაზე იმისათვის, რომ მოსკოვს დაარტყან, კრემლს დაარტყან, არამედ მხოლოდ საზღვრის გადაღმა დარტყმაზე, სადაც ისინი მძიმე ცეცხლის ქვეშ არიან ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, რომელსაც რუსები იყენებენ უკრაინაში შეჭრისა და უკრაინელების მოსაკლავად”, – თქვა ბაიდენმა.
ბაიდენმა პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, შეშფოთებულია თუ არა ის პუტინის განცხადებებით, რომ რუსეთი მზად იქნება თავისი იარაღი მიაწოდოს აშშ-ის მტრებს – როგორც “ასიმეტრიული პასუხი” უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებზე ნებართვის გაცემისთვის. ბაიდენმა მხოლოდ ის თქვა, რომ პუტინს იცნობს “არაკეთილსინდისიერ ადამიანად” და უკვე დიდი ხანია, რაც შეშფოთებულია მისი ქმედებებით.

ჯო ბაიდენთან ABC News-ის ინტერვიუს სრული ვერსია ეთერში მოგვიანებით გავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button