მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საგარეო დახმარების პროგრამები დროებით შეაჩერა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უცხოური დახმარების პროგრამების დაპაუზების შესახებ განკარგულება გამოსცა, რომელიც ძალაში დაუყოვნებლივ შედის.საგარეო დახმარების დროებით შეჩერების ბრძანება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გასცა.
როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ და სააგენტო „როიტერი“ ამ განკარგულებასა და ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, დაფინანსების დროებით შეჩერება დანამდვილებით არ შეეხება მხოლოდ ისრაელსა და ეგვიპტეს.

„სახელმწიფო დეპარტამენტის ერთმა მაღალჩინოსანმა და ბაიდენის ყოფილი ადმინისტრაციის ორმა წევრმა განაცხადეს, რომ პაუზა, სავარაუდოდ, აჩერებს დახმარებას ისეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეებისთვის, როგორებიცაა უკრაინა, იორდანია და ტაივანი“, – აღნიშნულია „პოლიტიკოს“ სტატიაში.

განკარგულების თანახმად, „გადაწყვეტილება, გაგრძელდეს, შეიცვალოს თუ გაუქმდეს პროგრამები, მიღებული იქნება სახელმწიფო მდივნის მიერ გადახედვის შემდეგ“.

USAID-ის მაღალჩინოსანმა სააგენტო „როიტერს“ ანონიმურობის დაცვით განუცხადა, რომ უკრაინულ პროექტებზე მომუშავე პერსონალმა მუშაობის შეწყვეტის ბრძანება მიიღო.

მედიის ინფორმაციით, გაყინულ პროექტებს შორისაა სკოლების მხარდაჭერა და სამედიცინო დახმარება დედებისა და ბავშვების ვაქცინაციებზე.

„როიტერის“ ცნობით, ისრაელი ყოველწლიურად სამხედრო დახმარების სახით აშშ-ისგან 3.3 მილიარდ დოლარს იღებს, ეგვიპტე კი – 1.3 მილიარდს. სხვა ქვეყნებს შორის, რომელთაც, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 2025 წელს დაფინანსება უნდა მიეღოთ, არიან უკრაინა, საქართველო, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ტაივანი, ინდონეზია, ფილიპინები, ტაილანდი, ვიეტნამი, ჯიბუტი, კოლუმბია, პანამა, ეკვადორი და იორდანია.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საგარეო დახმარების 90 დღით შეჩერების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში მოაწერა.

მსგავსი პოსტები

Back to top button