აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ორშაბათს პეკინში შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს. კონკურენტ ძალებს შორის გამწვავებული დაძაბულობის ფონზე გამართული შეხვედრა, რომელიც მხოლოდ ბოლო მომენტში დადასტურდა, შედგა აშშ-ის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის ჩინეთში მოგზაურობის მეორე დღეს.
მსოფლიოს სჭირდება ჩინეთ-აშშ-ის სტაბილური ურთიერთობა და შეძლებენ თუ არა ჩინეთი და შეერთებულ შტატები ერთმანეთთან მეგობრულ ურთიერთობას, ეს გავლენას ახდენს კაცობრიობის მომავალსა და ბედზე, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს დღეს გამართულ შეხვედრაზე განუცხადა.
სი ძინპინმა მოლაპარაკებებს „ძალიან კარგი“ უწოდა და თქვა, რომ ორმა მხარემ „პროგრესს მიაღწია“ და ისინი „ზოგიერთ კონკრეტულ საკითხზე შეთანხმდნენ“.
„სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა ყოველთვის უნდა ემყარებოდეს ორმხრივ პატივისცემასა და გულწრფელობას“, – თქვა სიმ და დასძინა, რომ ბლინკენის ვიზიტი ხელს შეუწყობს „ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების სტაბილიზაციას“.
ეს არის აშშ-ის სახელმწფო მდივნის პირველი ვიზიტი ჩინეთში 2018 წლის შემდეგ.
სი ძინპინისა და ენტონი ბლინკენის შეხვედრის შესახებ ცნობა განიხილება, როგორც საგანგებო ჟესტი და იმის ნიშანი, რომ პეკინი ესწრაფვის მეტოქე ძალებს შორის მზარდი დაძაბულობის განმუხტვას.
სისთან ბლინკენის მოლაპარაკებები გაიმართა ორდღიანი ინტენსიური ორმხრივი დიპლომატიური ძალისხმევის შემდეგ.
ორშაბათს ბლინკენი ასევე შეხვდა ჩინეთის საგარეო პოლიტიკის მაღალჩინოსანს, ვან ის, რომელიც პეკინის ძალაუფლების იერარქიაში საგარეო საქმეთა მინისტრ ცინ განზე მაღლა დგას. სახელმწიფო მედიის ცნობით, ვანმა თქვა, რომ ბლინკენის ვიზიტი შედგა „კრიტიკულ მომენტში ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებისა“, რომლებიც „დაღმავალ სპირალზე“ იმყოფება. ვანმა მოუწოდა ამერიკულ მხარეს, შეწყვიტოს „ჩინური საფრთხის თეორიის“ გავრცელება, იტყობინება ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია.
კვირას ბლინკენი საგარეო საქმეთა მინისტრ ცინ განს ესაუბრა შვიდ-ნახევარი საათის განმავლობაში – დაგეგმილზე ბევრად მეტხანს. მათი შეხვედრის დროს ბლინკენმა გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები ესწრაფვის „ხედვას სამყაროზე, რომელიც არის თავისუფალი, ღია და აღიარებს საერთაშორისო წესებზე დამყარებულ წესრიგს“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ცინი ვაშინგტონში მიიწვია. ორივე მხარემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები იყო გულწრფელი და კონსტრუქციული.
ქვეყნის უმაღლესი დიპლომატის რანგში ჩინეთში თავისი პირველი ვიზიტის დროს ბლინკენმა განიხილა მრავალი სადავო საკითხი, მაგრამ ასევე ის სფეროები, რომლებშიც პეკინს და ვაშინგტონს შეეძლოთ თანამშრომლობა, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.
შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობა აქვთ. ეს კავშირები სერიოზულად არის დაძაბული მრავალი საკითხის გამო. მათ შორისაა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის მიმართ პეკინის მხარდაჭერა, ჩინეთის მუქარა ტაივანის წინააღმდეგ და მიმდინარე სავაჭრო დავები ისეთ სფეროებში, როგორიცაა მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული ჩიპები.