აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამერიკის შეერთებული შტატების პირველი დიპლომატის თქმით, მან ზელენსკის უკრაინისთვის აშშ-ის მიერ უსაფრთხოების დახმარების უახლესი ტრანშის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინელ ხალხს მანამ, ვიდრე ეს საჭიროა. მე გავიმეორე ეს გზავნილი პრეზიდენტ ზელენსკისთან და მის გუნდთან შეხვედრისას დღეს კიევში, რომელიც რჩება და დარჩება სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის დედაქალაქად” – განაცხადა ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტი კიევში 8 სექტემბერს, უკრაინისთვის, რომელიც სამხრეთსა და აღმოსავლეთში კონტრიერიშზეა გადასული, მნიშვნელოვანი სიგნალი გახდა, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„თქვენი გუნდის ვიზიტი ჩვენთვის მნიშვნელოვანი გზავნილია და უკრაინის იმ ლიდერული მხარდაჭერის დადასტურებაა, რომელიც დღეს არსებობს მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის ჩვენი თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ხალხისთვის, ჩვენი მიწისთვის ომში აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ მადლობლები ვართ ამ სიგნალის, იმ დიდი მხარდაჭერის, რომელსაც ყოველდღიურად გვიწევთ. ჩვენთვის ეს არის გარანტია, რომ შეგვიძლია ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თავის მხრივ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დღეს ვაშინგტონის მიერ უკრაინისა და კიდევ 18 ქვეყნისთვის გამოცხადებული სამხედრო დახმარების შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ ვაცნობეთ კონგრესს, რომ ვგეგმავთ უკრაინისთვის დამატებით ერთი მილიარდი დოლარის გამოყოფას უცხოური სამხედრო დახმარების სახით. ეს არის გრძელვადიანი დახმარება. ჩვენ ასევე დამატებით ერთ მილიარდ დოლარს გამოვყოფთ ევროპელი მოკავშირეებისთვის და პარტნიორებისთვის, რომლებიც ბევრს აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად“, – აღნიშნა ბლინკენმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ აცნობებს კონგრესს, რომ უკრაინისა და მისი 18 მეზობლის, მათ შორის ნატო-ს მოკავშირეებისა და რუსული აგრესიის პოტენციური საფრთხის წინაშე მყოფი აშშ-ის რეგიონული პარტნიორების უსაფრთხოების გასაძლიერებლად ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს 2,2 მილიარდი დოლარის გამოყოფას. „ესოშიეტიდ პრესი“ სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რომ დახმარების მიმღებ 18 ქვეყანას შორის არის საქართველოც.
ამას გარდა, „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაზე თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას 675 მილიონი დოლარის შეიარაღებასა და სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდის.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრის გარდა, დღეს ენტონი ბლინკენი კიევში ბავშვთა საავადმყოფოში მივიდა, სადაც საომარი მოქმედებების შედეგად დაშავებული არასრულწლოვნები მოინახულა.
შეგახსენებთ რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 8 სექტემბერს მოულოდნელად ესტუმრა კიევს. მან გამოაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა თავისი განზრახვის შესახებ, რომ სურს გამოყოს ორ მილიარდ დოლარზე მეტი ევროპის ქვეყნებისთვის სამხედრო დახმარების სახით. ბლინკენმა კიევში განმარტა, რომ აშშ სამხედრო დახმარების სახით უკრაინას და მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსაც, გამოუყოფს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით.
ეს იქნება გრძელვადიანი სამხედრო დახმარება კიევისა და მისი მეზობლებისთვის, 18 ქვეყნის, მათ შორის ნატოს წევრებისთვის. თებერვლის შემდეგ, ანუ მას მერე რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ბლინკენი კიევში უკვე მეორედ ჩავიდა.
ასევე 8 სექტემბერს, გერმანიაში, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე აღნიშნა უკრაინის არმიის „მორიგი წარმატება“ ბრძოლის ველზე. მანვე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის კიდევ 675 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გაწევას. მისი ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 105-მილიმეტრიან ჰაუბიცებს, საარტილერიო ჭურვებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის(HIMARS), ტანკსაწინააღმდეგო და ცეცხლსასროლ იარაღს და ა.შ.
ცნობისთვის ეს ბლინკენის მეორე ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი წამოიწყო.