მნიშვნელოვანისიახლეები

აშშ-მ საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე დაასანქცირა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე დაასანქცირა. როგორც სახელმწიფო მდივანი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, მათ გაუუქმდათ მოქმედი ვიზები მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელი სახით:

“დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. Ჩვენ ყველა იმ მოსმართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად”, – წერია განცხადებაში.
მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის მიმართ აღნიშნული ვიზასთან დაკავშირებული სანქციები გათვალისწინებულია 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავით, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს.

სანქცია ეხება არამხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში პრობლემებია, რადგან არსებობს ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი. ეს ორი მოსამართლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში – უწყებაში, რომელიც უვადოდ ნიშნავს მოსამართლეებს, 2022 წლის 23 ოქტომბერს დაბრუნდნენ.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა დამატებით განმარტა ამ სანქცირების მიზეზი. მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ეს მოსამართლეები “საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში”.მიხელ ჩინჩალაძე არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე; ირაკლი შენგელიას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა უკავია; ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. ვალერიან ცერცვაძე კი ყოფილი მოსამართლეა, რომელიც იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button