მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-მა გამოავლინა 5 ქვეყანა მათ შორის საქართველო რომლებიც სანქციების გვერდის ავლის პრობლემას ქმნიან

დასავლური ელექტრონიკის ექსპორტი რუსეთში ომამდელ დონეს დაუბრუნდა, ექსპორტი მოიცავს მიკროჩიპებსა და ისეთ ელექტროტექნიკას, რომელიც რუსეთს თავისი საომარი აღჭურვილობის წარმოებისთვის ესაჭიროება. რუსეთში მისი ექსპორტი იმის გამო გაიზარდა, რომ იგი უკეთ ახერხებს დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლას. გამოცემა POLITICO-ს თანახმად, ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) მიერ გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას.
ო’ბრაიენის სიტყვებით, პრობლემა ისაა, რომ ევროპული ქვეყნები პროდუქციას ყიდიან სხვა ქვეყნებზე, საიდანაც ის შემდეგ რუსეთში ხვდება.

გამოცემა პოლიტიკო სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ, ჯიმ ობრაიენზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონმა იმ 5 ქვეყნის იდენტიფიცირება მოახდინა, რომლებიც რუსეთს საშუალებას აძლევენ სანქციებს გვერდი აუარონ. ეს ქვეყნებია : თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საემიროები და სომხეთი.

ობრაიენის თქმით, პრობლემა ისაა, რომ ევროპული კომპანიები ყიდიან პროდუქციას სხვა ქვეყნებში, რომლებსაც, თავის მხრივ, მასალები რუსეთის ბაზარზე გააქვთ.

ევროკავშირის ქვეყნები მუშაობენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე, რომელიც ორიენტირებული იქნება არსებული სანქციების გვერდის ავლის შემთხვევებზე და მოიცავს ახალ მექანიზმს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის. რომლებიც სანქციების თავიდან აცილების საშუალებას იძლევიან.
სანქციებს აღსრულებასთან დაკავშირებით 11 მაისს კომენტარი გააკეთა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, წელიწადზე მეტია, ვრცელდება “ყალბი ინფორმაციები” და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს მიერ სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით, თუმცა არ დადებულა სანქციების დარღვევის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი.

ობრაინის განცხადებას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. პარლამენტის წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არგუმენტაცია უნდა წარმოადგინოს.

“ამ კონტექსტში, საქართველოსთვის, როგორც პრობლემური ქვეყანა საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდების კუთხით, არის ძალიან მძიმე დარტყმა, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის. ამიტომ, კონკრეტული წარმოდგენილი განმარტებები, არგუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ფინანსთა სამინისტრომ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ,” – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ სანქციებთან დაკავშირებით მეტი მტკიცებულებებია საჭირო.

“ვთხოვ ამერიკელებსაც, ევროპელებსაც, ყველას, რომ ზოგადი დაკვირვების მიღმა, თუ მათ აქვთ მეტი ინფორმაცია და კონკრეტული მტკიცებულებები, ეს რაც შეიძლება სწრაფად ან გაასაჯაროონ, ან სხვა ფორმით გახადონ შესაძლებელი, რომ ეს ვნახოთ,“ – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

მმართველ გუნდში კი კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო სანქციას იცავს და მტკიცებულებების გარეშე მსგავსი განცხადებების გაკეთება უსაფუძვლოა.

“საქართველო არავის ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა. ამაზე ადრეც იყო საუბარი, მათ შორის ამერიკულმა მხარემაც კი გააკეთა ამაზე კომენტარი. შესაბამისად, რაიმე სახის მანიპულაცია რომ საქართველო ვინმეს შეიძლება ეხმარებოდეს სანქციების გვერდის ავლაში, გამორიცხულია. პირიქით, გამოჩნდა ძალიან ბევრჯერ, რომ საქართველო არა თუ ვინმეს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, არამედ ეხმარება აღსრულებაში.

სხვათა შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის მერე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დახვდა რუსეთის მოქალაქეებს და მოუწოდებდა, რომ საქართველოში შემოსულიყვნენ და ცალმხრივად აღუდგინეს უვიზო რეჟიმი. ეს ესე იყო თუ არა?“ – ამბობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე.

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ამ საშინელ ომში. ქართველები შევუერთდით ყველა სანქციას, რომელიც ევროკავშირმა გამოაცხადა რუსეთის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ეკა სეფაშვილმა მოიყვანა მაგალითები, როგორ იცავს საქართველო საერთაშორისო სანქციებს.

„საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი განვითარებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის, რადგან ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, რომელიც საუკუნეების წინ გავაკეთეთ და რომლის გაგრძელებასაც ვცდილობთ. ევროინტეგრაცია, პირველ რიგში, ნიშნავს იმ ღირებულებების ერთობას, რომელიც ასეთი ბუნებრივია და ასეთი ორგანული. ეს არის გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული ღირებულებები და ასე შემდეგ. ნება მომეცით, ვუპასუხო ზოგიერთ განცხადებას საქართველოსთან მიმართებით და საქართველოს პოზიციებთან დაკავშირებით რუსული სანქციების მიმართ. რასაკვირველია, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ამ საშინელ ომში, ქართველები შევუერთდით ყველა სანქციას, რომელიც ევროკავშირმა გამოაცხადა რუსეთის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, ამ საერთაშორისო სანქციებიდან გამომდინარე, ქართულ რეალობაში ერთ კვირაში გაუჩინარდა ქართული ბაზრიდან ერთ-ერთი სანქცირებული ბანკი, „ვითიბი“. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოახერხა, რომ ამ ბანკს ქართული ბაზარი იმგვარად დაეტოვებინა, რომ მასთან დაკავშირებული რიგითი მოქალაქეების ინტერესი არ დაზარალებულიყო. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ თანასპონსორები ვართ და უკრაინასთან დაკავშირებულ ყველა საერთაშორისო დეკლარაციას შევუერთდით. ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსადმი მიმართვისას ერთ-ერთი თანასპონსორები ვართ 38 სახელმწიფოს შორის. შემიძლია, მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი საბაჟო სამსახურების შესახებ, რომელთაც მოახერხეს და 2 000-ზე მეტი სანქცირებული ტვირთი შეაჩერეს, რომლებიც, სხვათა შორის, ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნიდან იყო. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს მცდელობა, მკაცრად დაიცვას საერთაშორისო სანქციები და საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის არ იქნას გამოყენებული“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button