აშშ-მა ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის დაასანქცირა,,-ბლინკენი

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის დაასანქცირა, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს.
“აშშ-ს მხრიდან სანქციები დაეკისრა ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ძირის გამოთხრისთვის. ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ დააზიანეს დემოკრატიული ინსტიტუტები, შეუწყვეს ხელი ადამიანის უფლებების დარღვევებს და შეზღუდეს საქართველოში ძირითადი თავისუფლებების განხორციელება. გარდა ამისა, მათ შეაფერხეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი – მომავალი, რომელსაც ქართველი ხალხი აშკარად ემხრობა და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. ამის შედეგად, საქართველო კიდევ უფრო მოწყვლადი გახდა რუსეთის მიმართ, რომელიც კვლავ იკავებს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტზე მეტს.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ “ქართული ოცნების” ქმედებებს ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მათ შორის ქართველი მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ ძალადობრივ ჩახშობას. აშშ სრულად ერთგულია პასუხისმგებლობის დაკისრებისა იმ პირებზე, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს საქართველოში.
ივანიშვილს სანქციები დაეკისრა აღმასრულებელი ბრძანებულების 14024 მუხლის 1(a)(ii)(C)-ის საფუძველზე, დემოკრატიული პროცესებისა თუ ინსტიტუტების შეერთებულ შტატებში ან მის ფარგლებს გარეთ დანგრევაში პასუხისმგებლობისთვის, თანამონაწილეობისთვის, ან უშუალოდ ან არაპირდაპირ განხორციელებული თუ მცდარი ქმედებებისთვის რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახელით, მისი სასარგებლოდ ან მისთვის პირდაპირ თუ არაპირდაპირ სარგებლის მისაღებად”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა,” – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება იმის გამო მოხდა, რომ ის „პასუხისმგებელია ან თანამონაწილეა, ან პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩაერთო ან ჩართვა სცადა ქმედებებში ან პოლიტიკაში, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს შეერთებულ შტატებში ან საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობისთვის ან მათი სახელით, ან მათი სარგებლისთვის, პირდაპირ ან არაპირდაპირ.”
აშშ-მა ოცნების საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა
“ბიძინა ივანიშვილი აშშ-მა დაასანქცირა. მისმა ქმედებებმა ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების დარღვევას,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი წერს და აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხმიანება.
“ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილი აშშ-მა დაასანქცირა. მისმა ქმედებებმა ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების დარღვევას და შეარყია ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მომავალი რუსეთის ფედერაციის საკეთილდღეოდ,” – წერს მილერი.
“მივესალმები მომავალ დიქტატორ ბიძინა ივანიშვილზე დაწესებულ სანქციებს… საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი წერს და აშშ-ის მიერ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხმიანება.
“მივესალმები მომავალ დიქტატორ ბიძინა ივანიშვილზე დაწესებულ სანქციებს. მე ამის შესახებ 2020 წელს განვუცხადე რესპუბლიკური კვლევის კომიტეტს.
ივანიშვილს სძულს ამერიკა და უყვარს ჩინეთი და ირანი. ის საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის განადგურებას გეგმავს. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები,” – წერს ჯო უილსონი.