აშშ-ს ელჩთან ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება.
მისი თქმით, ახლა მთავარია, ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა იქნეს შენარჩუნებული.
“მოლაპარაკებები გრძელდება, მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულია, ჩვენ მივესალმებით დიალოგის ფორმატს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავაახლოოთ პოზიციები იმისათვის რათა დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში დიალოგი, პოლიტიკურ პარტიებს შორის დასრულდება და ამოიწურება. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დიალოგი განვაგრძოთ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში.
ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებში არის პოლიტიკური სტაბილურობა, არის უფრო მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობის მოძებნა პოლიტიკურ პარტიებს შორის და ჩვენს მიერ ჩატარებული დემოკრატიული რეფორმები, რის მიხედვითაც ჩატარდა ეს საპარლამენტო არჩევნები, ამის შესაძლებლობას ნამდვილად აძლევს ყველას. მოდით, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. აქვე გეტყვით, რომ დიალოგი არ დასრულებულა, კარი დიალოგისთვის ღიაა და შეთანხმებისთვის ღიაა, ჩვენ შევთანხმდით რომ კიდევ ერთ შეხვედრას ჩავატარებთ,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეორე რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა.
მისივე თქმით, ოპოზიციის პოზიცია არ შეცვლილა და ისინი კვლავ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
“გრძელდება დიალოგის სერია აშშ-ს ელჩისა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის შუამავლობით. რაიმე ხელშესახები შედეგები დღეს ვერ იქნა მიღწეული. იმედია, გაგრძელდება ეს, მაგრამ, მთავარია, ხალხის წინააღმდეგობა ქუჩებში გაგრძელდეს და შედეგი იქნება. ეს ორივე პროცესი – მოლაპარაკების და სახალხო წინააღმდეგობის უნდა წავიდეს პარალელში და მერე იქნება ხელშესახები შედეგები. “ქართულ ოცნებას” არავითარი წინადადება არ აქვს, გარდა იმისა, რომ ივანიშვილი გამოგვიცხადონ უვადო, შეუზღუდავ მმართველად.
ჩვენი პოზიცია უცვლელია, რომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს, რადგან ძალაუფლება მიიტაცეს, წაართვეს ხალხს და ეს ხელში ჩაიგდო მოსახლეობის 3%-იანმა ფენამ, რომელიც ჩაგრავს 97%-ს,”-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდაზე მხოლოდ ერთი – ხელახალი არჩევნების დანიშვნის საკითხი დარჩა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, საკითხთან დაკავშირებით მხარეები რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებზე დგანან.
“მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი: ოპოზიციის შეთავაზება ახალი არჩევნების შესახებ. ჯერ ჯერობით, პოზიციები ერთმანეთისგან დაშორებულია, მხარეები დგანან განსხვავებულ პოზიციებზე, მაგრამ შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება და ამ დიალოგის ამოცანა გახლავთ სწორედ ის, რომ ძალიან დაშორებული პოზიციებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ იმ კომპრომისამდე, რომელიც საჭიროა ამ ქვეყანაში სტაბილურობისთვის.
სტაბილურობას სჭირდება აღქმა, რომ ქვეყანას ჰყავს ლეგიტიმური ხელისუფლება და რომ ქვეყანაში არსებობს კონსოლიდირებული საზოგადოება და ნორმალური პოლიტიკური პროცესი. ამ ყველაფერს სჭირდება ახალი არჩევნები, ეს არის განხილვის თემა. ჯერ კონკრეტულ შეთანხმებაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ პროცესი გრძელდება და უახლოეს დღეებში ახალ შეხვედრას ველით,”-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის მშვიდობიანი პროტესტი მოლაპარაკებების პარალელურად გაგრძელდება.
პოლიტიკური პარტიების ლიდერების მოლაპარაკებების მეორე რაუნდს, რომელიც აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შედგა, გრიგოლ ვაშაძეც ესწრებოდა. თუმცა, “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი ისევ არ გაუკეთებია.
12 ნოემბერს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პარტიების ლიდერების პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელიც გრიგოლ ვაშაძემ ასევე უკომენტაროდ დატოვა.
ოპოზიური პარტიების ლიდერებმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნეს, რომ დაიგეგმა მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.