მნიშვნელოვანისიახლეები

აშშ-ს საელჩო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი 13 წლის მოზარდის ოჯახს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სამძიმარს უცხადებს გუშინ ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით გარდაცვლილი 13 წლის მოზარდის ოჯახს. საელჩოს სახელით სამძიმრის წერილი მათ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ვრცელდება.

“ჯაზ კვინტეტის დღევანდელი კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და 16 ოქტომბრის კონცერტი თელავის სამუსიკო სასწავლებელში აღარ გაიმართება.

უდიდესი მწუხარებით ვუსამძიმრებთ 13 წლის მარიტას ოჯახს, მეგობრებსა და თანაკლასელებს. ვუერთდებით მთელ საქართველოს, რომელიც ერთად გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს. იმედი გვაქვს, რომ დაშავებულები სრულად გამოჯანმრთელდებიან და ამისთვის ვლოცულობთ”- წერია განცხადებაში.

გუშინ, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. გარდაიცვალა მოზარდი, რომელსაც შადრევანში დენმა დაარტყა. ინფორმაცია ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა დაადასტურა.
იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ერთ-ერთი დაშავებულის, 13 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მისი გაწერა ხვალ იგეგმება, მესამე დაშავებული კი კვლავ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

თვითმხილველი, რომელიც უშუალოდ შეესწრო ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევას, ამბობს, რომ მოზარდების წყლიდან ამოყვანა რთული იყო, რადგან დენი მათ დასახმარებლად ჩასულ კაცსაც არტყამდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა). როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

გამოკითხვები პოლიციის განყოფილებაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მერიის განცხადებით, 12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ნიუ ჰოსპიტალში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ “გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ მაქვს რაიმე დანაშაული მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი.”

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შადრევანს ექსპერტიზა ჩაუტარდება, ხოლო გამოძიება მომხდარის დეტალებს დაადგენს.

გიგაშვილის თქმით, შადრევანი იყო შემოწმებული და მას ხარვეზი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ შევიდოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button