აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტი 10%-ით გაიზარდა
„ქართული ღვინის ფორუმის” ფარგლებში, ქალაქ ბოსტონში, დეგუსტაცია-სემინარი „Amber Wine Festival in Boston” ღვინის პროფესიონალებისთვის, ხოლო ქალაქ ფილადელფიაში, ქართული ღვინის დეგუსტაცია ადგილობრივი დისტრიბუტორების, იმპორტიორების, სარესტორნო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა.
ფორუმის დასკვნითი ღონისძიებას წარმოადგენდა კონფერენცია, რომელიც 9 ნოემბერს პენსილვანიის უნივერსიტეტში გაიმართა. კონფერენცია ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას, მეღვინეობის სექტორში პანდემიით შექმნილ ახალი გამოწვევებს, აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია-რეალიზაციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმებს მიეძღვნა.
კონფერენციაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ღვინის ინდუსტრიის მიმოხილვა ონლაინ ფორმატში წარადგინა.
ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი მამუკა წერეთელი მიესალმნენ.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ, პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორმა, პატრიკ მაკგოვერნმა (PATRICK MCGOVERN), ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარმა, სტეფენ ბატიუკმა (STEPHEN BATIUK) და სხვებმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, „ქართული ღვინის ფორუმი“ მეოთხედ ჩატარდა. პირველ ფორუმს, 2018 წელს, ვაშინგტონმა, 2019 წელს კი, ბოსტონმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაზაზე უმასპინძლა; გასულ წელს, COVID-19-ის პანდემიის გამო, ღონისძიება ონლაინ-ფორმატში გაიმართა. ფორუმი, ტრადიციულად, მოიცავს სამეცნიერო კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერ-მკვლევარები ქართული ვაზის კულტურასა და ისტორიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო კვლევებს წარადგენენ და განიხილავენ.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის, „ქართული ღვინის ფორუმი“ იმართება.
ბოლო 6 წლის განმავლობაში ამერიკის ღვინის ბაზარზე გაყიდვები სტაბილურად იზრდება. რაც შეეხება, მიმდინარე სტატისტიკურ მონაცემებს, 2021 წლის 10 თვეში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 881 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
2021 წლის ათ თვეში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებულმა შემოსავალმა 194 მილიონ დოლარს მიაღწია.