აშშ-შიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს ასევე ოცნება აშშ-სთან ურთიერთობის გადარტვირთვას პროგნოზირებს
წინასწარი მონაცემებით, დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა
ძალიან გვიხარია, რომ აშშ-შიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„მინდა, პირველ რიგში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე თუ დასრულებულ არჩევნებს გამოვეხმაურო. ძალიან გვიხარია, რომ აშშ-შიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს, დანარჩენი, როდესაც ოფიციალურად გამოცხადდება შედეგები, ჩვენი სხვა ლიდერებიც გააკეთებენ ამაზე განცხადებებს“, – განაცხადა მდინარაძემ.
დიდი იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სწორედაც მთელ კაცობრიობას გადაარჩენს ქვესკნელისაგან, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს დედამიწა, თუკი ეს ომი გაგრძელდება და მითუმეტეს, გაფართოვდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ტრამპის გამარჯვების პირობებში, მმართველ გუნდს იმედი აქვს, რომ აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობები ნორმალურ კალაპოტში ჩაჯდება.
როგორც ვოლსკი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლება მუშაობას გააგრძელებს ასევე „დემოკრატებთანაც”, რათა ქვეყანამ ორმხრივი პოლიტიკური მხარდაჭერა მოიპოვოს.
„მთავარი ის არის, რომ ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს მეთაურად მოვიდა ადამიანი, რომელიც წინასწარ აცხადებს, რომ ომის ვითარება არა ერთ სახელმწიფოს, არამედ ყველა სახელმწიფოს, კაცობრიობას ქვესკნელისკენ გააქანებს. ამის განცდა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც მხარი დაუჭირა ამერიკელმა ხალხმა დონალდ ტრამპს. ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუშაობას არ გავაგრძელებთ „დემოკრატებთან”, რადგან ორმხრივი პოლიტიკური მხარდაჭერა მოვიპოვოთ. ეს რასაკვირველია, ჩვენი მიზანია. ჩვენ, საქართველოს, პატარა ქვეყანას არაფერი ისეთი არ გაუკეთებია, რომელიც ეჭვს შეიტანს მის საგარეო კურსთან დაკავშირებით და ზოგადად, მის ერთგულებასთან დაკავშირებით საერთო საკაცობრიო პრობლემების მიმართ. რასაკვირველია, ჩვენი ერთგულება არის უცვლელი ამ პრინციპების მიმართ და დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაცია სწორედაც მთელ კაცობრიობას გადაარჩენს ქვესკნელისაგან, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს დედამიწა, თუკი ეს ომი გაგრძელდება და მით უმეტეს, გაფართოვდება.
ჩვენ ადრეც ვთქვით და ახლა ვიმეორებთ, რომ ურთიერთობების გადატვირთა უნდა მოხდეს. პატარა სახელმწიფო, საქართველო, თავისი მცირე რესურსებით, არასდროს გვერდით არ გადგომია საერთო საკაცობრიო პრობლემებს და ყოველთვის იყო ერთგული პარტნიორი ყველასათვის, ვინც ამ იდეალებისთვის იბრძოდა. რასაკვირველია, აქედან გამომდინარე, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნორმალურ კალაპოტში ჩაჯდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს, არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მისალოც ტექსტს კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში აქვეყნებს.
„ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობა ხელს შეუწყობს მშვიდობას გლობალურად და ჩვენს რეგიონში, ასევე უზრუნველყოფს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
როცა უკრაინაში ომი დასრულდება, ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობები გადაიტვირთება-პრემიერი
ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.
სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ საქართველოსთვის ძლიერი აშშ-ის მხარდაჭერა ახლა მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს.
„გილოცავთ არჩევას, ბატონო პრეზიდენტო დონალდ ტრამპ. ძლიერი აშშ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი 33 წლის განმავლობაში, ახლა გვჭირდება, როგორც არასდროს, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერად, რეგიონული უსაფრთხოების და სტაბილურობის გასაძლიერებლად და ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის დასაცავად“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი იმარჯვებს. დემოკრატიული პარტიიდან მისი მეტოქეა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
ამერიკული საარჩევნო სისტემით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს საბოლოოდ გამოავლენს შტატების მიხედვით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია. კანდიდატებს გამარჯვებისთვის კოლეგიისგან სჭირდებათ 538-დან, სულ მცირე, 270 ხმა.
შეგახსენებთ „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში „უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება“.
„შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართაც. თუ იქნება მშვიდობა რეგიონში, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება. ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით“, – თქვა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 22 ივლისს.
ტრამპის გამარჯვება უკრაინაში ომის დასრულების კონტექსტში ახსენა ბიძინა ივანიშვილმა 16 ივლისს, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დაწყების ღონისძიებაზე. მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თქმით, უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ აშშ-სა და ევროკავშირის საქართველოსთან კონფლიქტზე აღქმა და ქვეყნის მიმართ ინტერესები შეიცვლება.
„გლობალური ომის პარტია სარგებლობს მნიშვნელოვანი გავლენით დღევანდელ ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაზე, რაც ქართულ საზოგადოებაში ქმნის განცდას, რომ საქართველოს კონფლიქტი აშშ-სთან და ევროკავშირთან აქვს, თუმცა, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ინტერესები შეიცვლება და ეს აღქმაც მყისიერად გაქრება“, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
თბილისის მერი კახა კალაძე დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მისი თქმით, ის ურთიერთობები, რაც აშშ-საქართველოს შორის არსებობს, გადატვირთვას საჭიროებს, თუმცა ქართველმა ხალხმა თავისი გასაკეთებელი თავად უნდა გააკეთოს.
„ვულოცავ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ეს ამერიკელი ხალხის არჩევანია და ჩვენ მას პატივს ვცემთ, ისევე როგორც საქართველოში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი და მხარი დაუჭირა მშვიდობას, განვითარებას, კეთილდღეობას, ღირსეულ, ევროპულ მომავალს. აშშ-თან ურთიერთობები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. არაერთხელ გვითქვამს, რომ ის განცხადებები, რაც ბოლოს კეთდებოდა, არავისთვის იყო მისაღები. არსებული ურთიერთობები საჭიროებს გადატვირთვას, თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ ჩვენს გასაკეთებელს ვერც ამერიკა გააკეთებს, ვერც ევროპა, ქართველმა ხალხმა უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, მის ეროვნულ ინტერესებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესები უნდა გაატაროს და ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვას.
„რა თქმა უნდა, ყველას თავისი ინტერესი აქვს, ამერიკას – თავისი, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს – თავიანთი. ევროპასაც აქვს თავისი ინტერესი საქართველოსთან მიმართებით. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაატაროს ქართველი ხალხის ინტერესი და ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ, ქართველმა ხალხმა უნდა გავაკეთოთ. არც ამერიკელი ჩამოვა აქ და გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს, არც ევროპელი. ქართველმა ხალხმა უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის შენარჩუნებაზეც, ქვეყნის განვითარებაზეც და არავის დავუთმოთ ქვეყნის სუვერენიტეტი და ინტერესი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დადასტურდა, რომ ამერიკული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მომხრე არის არა ლგბტ პროპაგანდის, არამედ ტრადიციების, არა ომის, არამედ მშვიდობის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.ამასთან, როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის რეჟიმი უფრო დაჩქარდება.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს საზოგადოებაში აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა, რომ კაცი კაცად დარჩეს და ქალი – ქალად. პრეზიდენტობის კანდიდატმა ტრამპმა ეს არაერთხელ თქვა და ვხედავთ, რომ ამერიკის საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამას ემხრობა. გაიხსენეთ, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ამერიკის საზოგადოება მხარს უჭერს პარტნიორულ ურთიერთობას, მშვიდობას, ტრადიციებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს მხარს არ უჭერდა ბაიდენის ადმინისტრაცია. ამას ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და არ ვაიგივებდით ბაიდენის ადმინისტრაციას ამერიკულ საზოგადოებასთან. ამ არჩევნებზე ზუსტად დადასტურდა, რომ ამერიკული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მომხრე არის არა ლგბტ პროპაგანდის, არამედ ტრადიციების, არა ომის, არამედ მშვიდობის, არა მშობელი ერთის და მშობელი ორის, არამედ დედის და მამის.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვამბობდით, რომ პარტნიორულ ურთიერთობებს გადავხედავდით, მათ შორის, ამერიკასთან და ევროკავშირთან. ახლა, როგორც ჩანს, კიდევ უფრო პერსპექტიულია ეს მიმართულება, იქიდან გამომდინარე, რომ ტრამპს ამ შემთხვევაში აქვს ის კონსერვატიული მიმართულება, რაც ასევე არის ჩვენი მიმართულება. რა თქმა უნდა, გადატვირთვის რეჟიმი უფრო დაჩქარდება. დაჩქარდება ასევე მსოფლიოში იმ ცხელი წერტილების დამთავრების პროცესი, რომელიც აუცილებლად დასაწყებია. ჩვენ ასევე ვიცით ტრამპის დამოკიდებულება ომებთან დაკავშირებით, რომ ის არის მშვიდობის მომხრე და არა ომის. ბუნებრივია, უკრაინის ომზეც ჩვენი პოლიტიკური პროცესები ბევრად არის დამოკიდებული და ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს. მათ შორის, გუშინ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა თქვა, რომ ზელენსკის პოლონეთის ომში ჩართვაც უნდა, ესეც, იმედია, ჩვენ არ დაგვბრალდება. ბუნებრივად მიგვაჩნია, რომ დაჩქარდება პროცესები უკრაინაში მშვიდობის დამყარების და, აქედან გამომდინარე, საქართველოში ჩვენი პერსპექტივის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.