აშშ თურქეთისთვის „F-16″-ის ტიპის ავიაგამანდგურებლების განახლებისთვის საჭირო აღჭურვილობას მიყიდის

შეერთებული შტატები თურქეთისთვის გამანადგურებლების მოდერნიზებისთვის საჭირო აღჭურვილობის მიყიდვას გეგმავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. მედია წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ აღნიშნულის შესახებ კონგრესს უკვე აცნობა.
სისტემის განახლება თურქეთის საჰაერო ფლოტის ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებას დაეხმარება და გააუმჯობესებს ქვეყნის უნარს, ითანამშრომლოს სხვა მოკავშირეებთან. სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვეტილების შესახებ კონგრესს აცნობა.
ტაქტიკური მონაცემების ქსელის სისტემის სავარაუდო ღირებულება 259 მილიონი აშშ დოლარია. აშშ-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ საჭირო სერტიფიკატი 17 აპრილს გასცა. გარიგების მთავარი კონტრაქტორი კომპანია „ლოქჰედ მარტინი“ იქნება.
თუ კონგრესი ოფიციალურ თანხმობას განაცხადებს, ეს იქნება პირველი შემთხვევა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როცა ამერიკა თურქეთს სამხედრო ტექნოლოგიებს მიჰყიდის.
Reuters-ის ინფორმაციით, კონგრესის შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელები ამაზე არაფორმალურად უკვე შეთანხმდნენ.
თუმცა, უფრო დიდ შეთანხმებაზე, თურქეთის მოთხოვნაზე, შეიძინოს დამატებითი F-16-ები, პროგრესი მიღწეული კიდევ არაა. წინადადებას კონგრესში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თურქეთსა და აშშ-ის შორის შეთანხმება მას შემდეგ შედგა, რაც თურქეთმა მხარი დაუჭირა ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას, ასევე შემსუბუქდა დაძაბულობა მეზობელ საბერძნეთთან.