მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ უკრაინას ურანის შემცველ საბრძოლო მასალას პირველად გადასცემს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პირველად გადაწყვიტა, უკრაინას მოაწოდოს ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები, რომლებიც გაღარიბებულ ურანს შეიცავს.

შესაბამისი დოკუმენტის ტექსტის გაცნობის შემდეგ, ასევე ორ წყაროზე დაყრდნობით, ამ ინფორმაციას ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

ჭურვები, რომლების საშუალებითაც რუსული ტანკების განადგურება იქნება შესაძლებელი, უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ნაწილია, რომელიც მომავალ კვირაში იქნება წარმოდგენილი.

„როოტერსის“ ცნობით, თეთრი სახლის მიერ მომზადებული ახალი მხარდაჭერის პაკეტის ღირებულება, რომელშიც გაღარიბებული ურანის შემცველი საბრძოლო მასალაც შედის, 240-დან 375 მილიონ დოლარამდე იქნება.

საბრძოლო მასალის გასროლა შესაძლებელია ამერიკული Abrams-ის ტანკებიდან, რომლებსაც, „როიტერსის“ წყაროს ცნობით, უკრაინა „უახლოეს კვირებში“ მიიღებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 31 ერთეული ტანკი Abrams-ის გადაცემის გადაწყვეტილება ვაშინგტონმა მიმდინარე წლის იანვარში მიიღო. გაღარიბებული ურანის შემცველ ჭურვებს ჩვეულებრივ ჭურვებზე უკეთესი ჯავშანგამტანობა აქვს. გაღარიბებული ურანი არის ურანის გამდიდრების პროცესის ნარჩენები. მისი გამოყენება შესაძლებელია ბირთვული იარაღის წარმოებაშიც.

მანამდე უკრაინამ ამ ტიპის ჭურვები უკვე მიიღო დიდი ბრიტანეთისგან – ბრიტანული ტანკების, Challenger 2-ების აღსაჭურვად. მაშინ რუსეთმა ამ ნაბიჯს „კონფლიქტის სერიოზული ესკალაცია“ უწოდა. „ეს არის ფართოდ გავრცელებული ტიპის საბრძოლო მასალა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა მისი ჯავშანგამტანი თვისებების გამო“, – თქვა საპასუხოდ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ჭურვები არ არის რადიოაქტიური და არ განეკუთვნება ბირთვულ იარაღს.

მსგავსი პოსტები

Back to top button